კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კანონიერი ქურდის“ სიკვდილი - „ნულოვანი ტოლერანტობის“ მორიგი რეციდივი

16 ნოემბერი, 2009
საბა წიწიკაშვილი, ქართლი

ე. წ. კანონიერი ქურდის, უჩა გოდელაძის სიკვდილის ბურუსით მოცული დეტალები მის ოჯახს აფიქრებინებს, რომ იგი პოლიციამ წამებით მოკლა. მათ ეჭვებს ამყარებს ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „ბათუმში კანონიერი ქურდი უჩა გოდელაძე მოკლეს. 35 წლის უჩა გოდელაძის ცხედარს ქარელში დღეს ჩამოასვენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი წუხელ გვიან ღამით ბათუმში მოკლეს. როგორც ირკვევა, სამართალდამცავები მას ორი წლის განმავლობაში ეძებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, გოდელაძე „კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ადგილობრივების ცნობით, ამ დროის განმავლობაში იგი საზღვარგარეთ იყო გაქცეული. გუშინ კი პოლიციამ მისი დაკავება იმ დროს სცადა, როცა თურქეთის მხრიდან საქართველოსკენ საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა“.

„თრიალეთის“ ჟურნალისტს, რომელმაც ეს ინფორმაცია 22 სექტემბერს გაავრცელა, მჭიდრო კონტაქტები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან. ამდენად, მასში მოცემული ვერსია საინტერესოა და ყურადსაღები შემდგომი გამოძიებისათვის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების პირველმა ნაწილმა საზოგადოების და მასმედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

 humanrights.ge/index.php?a=article&id=4369&lang=ge

გარდაცვლილის მეუღლე, ნინო გოდელაძე აცხადებს, რომ მისი ქმარი გარდაცვალებიდან ორი თვის წინ განთავისუფლდა ციხიდან და ოფიციალურად ძებნილი არ ყოფილა. უჩა გოდელაძის დაპატიმრების შესახებ პოლიციამ ოჯახს არაფერი შეატყობინა: „ჩვენ არამიანცის პროზექტურიდან გაგვაგებინეს, რომ უჩას გვამი იყო მიტანილი. როგორც გავიგეთ, თავიდან 3 დღის განმავლობაში სხვა საავადმყოფოში ესვენა. „არამიანცში“ ცხედარი ჩვენმა ნათესავმა ამოიცნო. არ ვიცი, როგორ ან სად დააკავეს. გვამი საშინლად იყო დაზინებული“.

როგორც ირკვევა, არამიანცის საავადმყოფოში „კანონიერი ქურდის“ ცხედარი თბილისის ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან გადაასვენეს. სწორედ ამ საავადმყოფოში მიიყვანეს პატიმარი მრავლობითი ტრამვებით. ძნელია გარკვევა, ღუდუშაურის კლინიკაში მიყვანისას გოდელაძე უკვე გარდაცვლილი იყო, თუ იქ გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ სხეულზე არსებული დაზიანებების მიუხედავად, ექსპერტიზა პატიმრის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს. ოფიციალური ვერსიით, „გარდაცვალების მიზეზი უცნობია“.

უჩა გოდელაძეს გარდაცვალებამდე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს. წესით, მისთვის უნდა შეეთავაზებინათ დამოუკიდებელი ადვოკატის აყვანა. „არის თუ არა სადმე დოკუმენტალურად დაფიქსირებული, რომ გოდელაძემ უარი თქვა ადვოკატის აყვანაზე?“ - ვკითხეთ სახაზინო ადვოკატს, მამუკა ზოიძეს, რომელიც გოდელაძისთვის ბათუმის სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესში მონაწილეობდა. „რა საჭიროა ამის დოკუმენტალურად დაფიქსირება? 5 საათის განმავლობაში არც გამოჩენილა არანაირი ადვოკატი. რაც შეეხება მოწმეს, მართალი გითხრათ, არცაა საჭირო ამ დროს მოწმე“, - გვიპასუხა სახაზინო ადვოკატმა.

საინტერესოა, რომ გოდელაძეს დაკავებისას არ ჰყავდა არც ერთი მოწმე, გარდა სამართალდამცავებისა. მასალაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ციხიდან ახალი გამოსული ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელიც თავის პატიმრობას სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებს, თავის დროზე უჩა გოდელაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა. ჩვენ მას კომენტარი ვთხოვეთ უჩა გოდელაძის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმესთან დაკავშირებით. ნოზაძე რამდენიმე პროცესუალურ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მინდა, ვუპასუხო სახაზინო ადვოკატ მამუკა ზოიძეს. უფრო სწორად, მე კი არა, სისხლის სამართლის კოდექსი პასუხობს მის განცხადებებს. დაკავებულ პირს უნდა შეეთავაზოს დამკავებლის მიერ ადვოკატის მოწვევის უფლება და ამაზე უნდა იქნას შედგენილი დოკუმენტები. დაკავებულს უნდა მიეცეს გონივრული ვადა - არა უმეტეს 5 სააათისა, რომ ადვოკატი მოიწვიოს და ჩართოს სისხლის სამართლის საქმეში. გამომძიებელი მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ, ან იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელია და მან ეს წერილობით განაცხადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რაც ამ პროცესუალურ მოქმედებებს ადასტურებს. საინტერესოა, როდიდან ხელმძღვანელობს ადვოკატი ან გამოძიება ზეპირი განცხადებების საფუძველზე?!“

ადვოკატი მამუკა ნოზაძე დარწმუნებულია, რომ გოდელაძე მისი მენტალობის გამო მოკლეს: ,,უჩა გოდელაძე მოკლული იქნა მისი სტატუსიდან გამომდინარე, რაც ამაზრზენია, რადგან მხოლოდ საქართველოშია ასეთი დისკრიმინირებული მიდგომა. პირი ატარებს კანონიერი ქურდის სახელს და მის მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. ხვალ პრეზიდენტს ან პარლამენტს სიტყვა „კოსმონავტი“ რომ არ მოეწონოს, კოსმონავტების დევნა უნდა დაიწყოს ქვეყანაში?!

უჩა გოდელაძეს წლების განმავლობაში დევნიდნენ. ჯერ კიდევ 2001 წელს მე ვიცავდი მას საჩხერის რაიონულ სასამართლოში. მაშინ ნარკოტიკის მოხმარებას აბრალებდნენ, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს.  პიროვნულადაც კარგად ვიცნობდი. თუ განუმარტავდნენ, რომ საჭირო იყო ოქმზე ხელის მოწერა, ამას ჩვეულებრივად მიიღებდა. მით უმეტეს, თუკი სამუდამო პატიმრობის საფრთხე ჰქონდა.

რასაკვირველია, ჩხრეკის დროს მოწმის არმოწვევაც კანონდარღვევაა. კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, პოლიციას აქვს უფლება, მოწმის გარეშეც გაჩხრიკოს დაკავებული. თუმცა, დაკავებულს აუცილებლად უნდა შესთავაზოს მოწმის დასწრება ჩხრეკაზე. თუკი ის უარს ან თანხმობას განაცხადებს, ესეც დოკუმენტალურად უნდა იყოს  დაფიქსირებული. ეს ჩემი აღმოჩენა არაა. ეს მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსში. ძალიან მყარი ეჭვის საბაბი ჩნდება, ჩატარდა თუ არა საერთოდ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი. როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თუ უჩა აჭარაში მართლა სამართალდამცავებმა მოკლეს, როგორ აღმოჩნდა მისი გვამი ჯერ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ არამიანცის პროზექტურაში? საინტერესოა, ესწრებოდა პროცესს თავად უჩა გოდელაძე?"

სახაზინო ადვოკატს, მამუკა ზოიძეს ვკითხეთ, ფლობდა თუ არა რაიმე ინფორმაციას, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარდაცვალების შესახებ. „არა, მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. უფრო სწორად, ახლა ვარკვევ. თუმცა, მე აღარ ვარ ამ საქმის ადვოკატი დაკავებულის გარდაცვალების შემდეგ და ეს მე უკვე აღარ მეხება“, - გვიპასუხა ზოიძემ.

ექიმები პროფესიულ ეთიკაზე გვესაუბრებიან

ჩვენს მიერ მოკვლეული მასალების შემდეგ თბილისის სააავადმყოფოებს დავუკავშირდით. წერილობით მივმართეთ ციხის სამკურნალო დაწესებულებას კითხვით: გადაიყვანეს თუ არა პატიმარი გოდელაძე ღუდუშაურის კლინიკაში, რაზეც არანაირი პასუხი არ მოგვსვლია. ამის შემდეგ მობილურ ტელეფონზე ვუკავშირდებით ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორს, გოგა ბუთაშვილს, რომელიც აღშფოთდა: „რა წესია ტელეფონით საუბარი?! მოგვმართეთ წერილობით. მე არ ვიცი, საერთოდ მყავს თუ არა ეს პაციენტი“.

ვიმეორებთ, ჩვენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტით მივწერეთ ამ დაწესებულებას, მაგრამ კითხვაზე პასუხი დღემდე არა გვაქვს. ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორისგან კი ჩვენ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. სამაგიეროდ, მან მიიღო ჩვენგან ინფორმაცია, რომ პატიმარი უკვე გარდაცვლილია.

უფრო ინფორმირებული აღმოჩნდა სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი დოდო გუგავა, რომელმაც განაცხადა, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმარი დროულად იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში.

გამოდის, ციხის ადმინისტრაცია ყველანარ პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის და ღუდუშაურის კლინიკას აკისრებს. ამიტომ ციხის სამკურნალო დაწესებულების შემდეგ ღუდუშაურის კლინიკას დავუკავშირდით. მიმღები, კრიტიკული მდგომარეობის განყოფილება, რეანიმაცია, ლაბორატორია, ტრავმატოლოგია, ინტენსიური თერაპია - ეს ის განყოფილებებია, სადაც გოდელაძის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შევეცადეთ. ერთ-ერთ განყოფილებაში კითხვითვე მოგვმართეს - „ეგ რომელია? რომ გადმოხტა?“

მოგვიანებით მიმღებში განგვიმარტეს, რომ გოდელაძე საავადმყოფოში მიყვანილ იქნა 19 სექტემბერს და გაწერეს 21 სექტემბერს. პაციენტი ცოცხალი გაწერეს თუ გარდაცვლილი, ან რა სახის დაზიანებები აღმოაჩნდა ან საიდან იყო მიყვანილი, ამაზე მედპერსონალს პასუხი არ ჰქონდა. ბოლოს ერთმა გაღიზიანებულმა ქალბატონმა გვიპასუხა, ადგილზე გვენახა მორიგე და მთავარი ექიმი.

„ავადმყოფი გოდელაძე? პაციენტის ნებართვა გაქვთ, რომ მის შესახებ ინფორმაცია მოგცეთ?“ - გვიპასუხა ექიმმა მიშა დოლიძემ. ამ დროს უჩა გოდელაძის ოჯახი მისი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს აღნიშნავდა.

საბოლოოდ ექიმებმა ყველანაირი ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრეს. „ინფორმაცია რომ მოგცეთ, ოჯახის წერილობითი თანხმობა უნდა მოგვტანოთ“, -ასეთი პასუხით გამოგვისტუმრეს ღუდუშაურის საავადმყოფოდან.

რეპლიკის სახით ვიკითხავთ - საინტერესოა, საავადმყოფოებში რომელ ჟურნალისტს მიაქვს ნოტარიულად დამოწმებული პაციენტის თანხმობა, მაგალითად, იმ დროს, როცა ავტოავარიის შემდეგ გადარჩენილი  მგზავრების ჯანმრთელობის შესახებ ექიმები კომენტარს აკეთებენ (გარდაცვლილებზე აღარაფერს ვამბობთ).

ადამიანის უფლებათა ცენტრში განმარტავენ, რომ ექიმს შეუძლია, ვინმეს თანხმობის გარეშე დამალოს ინფორმაცია ან გაასაჯაროოს. „თუკი ფაქტმა შეიძლება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვიოს, ექიმებს შეუძლიათ, გასცენ პაციენტის დაზიანების შესახებ ზოგადი ინფორმაცია. რა დაზიანებით და საიდან იქნა მიყვანილი, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა ეცნობოს“, - განაცხადა იურისტმა თეა თედლიაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატს მივმართეთ, სადაც პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მოინიშნა და დაგვპირდა, რომ რამდენიმე დღეში ინფორმაციას მოგვაწოდებდა. დავუკავშირდით ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელს შიდა ქართლში ნინო დალაქიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, რადგან დაზარალებულ ოჯახს დახმარებისთვის არ მიუმართავს. მოგვიანებით, სახალხო დამცველის აპარატს ხელმეორედ თავადვე დავუკავშიდით.  პრეს-სამაახურში განგვიმარტეს: „ამ გარდაცვლილ პატიმარზე სახალხო დამცველი დასკვნას ამზადებს და ჩვენ წინასწარ ინფორმაციას ვერ გავცემთ“.

ფაქტი ერთია - „კანონიერი ქურდის“, უჩა გოდელაძის სიკვდილის თემას ყველა  ინსტანციაში და დაწესებულებაში ტაბუ ადევს. მის სიკვდილთან დაკავშირებით უამრავი ვარაუდი და ვერსიაა. ერთ-ერთი ვერსიით, პატიმარი პოლიციას ცემის დროს შემოაკვდა. თუმცა, ამ ეტაპზე დაზუსტებული მხოლოდ ისაა, რომ გოდელაძე ოფიციალურად 15 სექტემბერს დააკავეს ქალაქ ბათუმში, 5 დღის შემდეგ კი მისი ცხედარი არამიანცის საავადმყოფოს პროზექტურაში აღმოჩნდა. ოჯახის წევრთა და თვითმხილველთა თქმით, ცხედარს უამრავი დაზიანება ემჩნეოდა. თავზე კეფამდე გარდაცვლილს ქირურგიული ნაკერიც ჰქონდა.

დასასრულს, რეფორმირებულ სამართალდამცავებს შევახსენებთ - საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

ახალი ამბები