კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მდინარე სარკოფაგში

17 ნოემბერი, 2009

მალხაზ ხარბედია

 

ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე
პროექტის ავტორი, „საქგზამეცნიერების“
დირექტორი თამაზ შილაკაძე, წარმოადგენს
მდინარე ვერეს გასწვრივ ავტომაგისტრალის
მშენებლობის რუკას

ამასწინათ, ერთ-ერთმა გადაცემამ, რომელიც ყველაზე არაპრემიალურ საეთერო დროს გადის პირველი არხით, მცირე ტოკ-შოუ მიუძღვნა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, სადაც ერთმა ჩინოსანმა, გეგმის განსახილველად tbilisi.gov.ge-ზე დაგვპატიჟა მაყურებლები და ლ ამის შემოგვეხვეწა, მობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა კამათშიო. საიტზე შესულს გეგმა, მართალია, პირველ გვერდზე დაგვხვდა, მაგრამ სამაგიეროდ, ამ აჭრელებულ საიტზე ვერანაირი საჯარო სივრცე ვერ აღმოვაჩინეთ, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა იქნებოდა შესაძლებელი. უფრო მეტიც, გეგმა მხოლოდ PDF ფაილად „ეგდო“ და საძიებო სისტემითაც, რაც არ უნდა გეძებნათ, „გენერალურ გეგმას“ ვერ იპოვიდით.

ამის შემდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი დისკომფორტი შეიძლება შეგექმნას ადამიანს, თუკი „ვარაზისხევი-თამარაშვილის ავტომაგისტრალის“ შესახებ მოინდომებ რაიმეს გაგებას? ბოლო თვეებია, სწორედ ასეა დაფარული ეს საუკუნის ანტიპროექტი, რომლის გარშემოც მხოლოდ ერთი საჯარო დისკუსია გაიმართა, თავად პროექტი კი თვალითაც არავის უნახავს.

მდ. ვერეს ყველაზე პრობლემური მონაკვეთის ეს რუკა, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ჩვენით აღვადგინეთ ფოტოდან, რომელიც მდ. ვერეს ნაპირზე გადავიღეთ, მომავლის სკოლის ღობეზე გამოკრული სარეკლამო ბანერიდან. რუკა, ისიც რკინის გისოსებს მიღმა, მხოლოდ აქაა ხელმისაწვდომი, სხვა არანაირ საჯარო სივრცეში ეს რუკა არ გამოუქვეყნებიათ და არც მითუმეტეს, საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა პროექტი (ერთი გამონაკლისის გარდა, როცა „ბიოლის ფონდს“ ესტუმრა პროექტის ავტორი და 40-დე ადამიანს შეხვდა), რომელიც ამდენ ადამიანს აწუხებს და კიდევ უფრო მეტს შეაწუხებს, თუკი განხორციელდა. ამ ბანერზე იმასაც ამოიკითხავს კაცი, რომ პროექტს შპს „საქგზამეცნიერება“ ახორციელებს - შპს, რომელზეც თითქმის შეუძლებელია რაიმე ინფორმაციის მოპოვება. მათ არც საიტი აქვთ და google-ს საძიებო სისტემიდანაც მხოლოდ იმას შეიტყობთ, რომ ეს ორგანიზაცია ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ტენდერში და როგორც ვხედავთ, იმარჯვებს კიდეც.

გამარჯვებული შპს ზაფხულში შეუდგა მუშაობას. პროექტის დაწყებამდე, ივნისის თვეში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ლიპარტიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი მაგისტრალის მშენებლობა რეკრეაციულ ზონებს არ შეეხებოდა და იგი არც ზოოპარკის და მზიურის რეკრეაციულ ზონასა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის იქნებოდა საზიანო.

აბსოლუტურად განსხვავებული სურათი დამხვდა სექტემბერში, როცა ზოოპარკიდან „მზიურის“ საზღვრებამდე გაწმენდილი ხეობის მონაკვეთი დავათვალიერე. აღმოჩნდა, რომ პერსპექტივაში მაგისტრალი შუაზე ჰყოფს სარეკრეაციო ზოლს და გარდა იმისა, რომ ზოოპარკსა და მზიურს გამოაცალკევებს ერთმანეთისგან, იგი გრძივადაც გაკვეთს გამწვანებებს და ამით პრაქტიკულად ფუნქციას დაუკარგავს ხეობას.

მდინარის (და მთლიანად ხეობის) ეკოლოგიური მდგომარეობა ისედაც კატასტროფულია, საკმაოდ დიდ მონაკვეთზე იგი ჯერ კიდევ მზიურის მშენებლობის დროს მოაქციეს ბეტონის ღია სარკოფაგში, კალაპოტი აავსეს ბეტონითა და სხვა სამშენებლო მასალებით. ახლა საერთოდაც, ზოგიერთ მონაკვეთს „გოფრირებული მეტალის მილებში“ უპირებენ გატარებას. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო იმ ამბის გაგება, რომ ვერეს 600 მეტრიან მონაკვეთს უპირებენ ასეთ სარკოფაგში მოქცევას.

ცხადია, მთელ მდინარეს მილებში ვერ და არ მოაქცევენ, მაგრამ პროექტის ავტორები და შემსრულებლები უამისოდაც ძალიან ბევრ რამეს აშავებენ და არღვევენ, პირველ რიგში კი - კანონს.

ხოლო კანონში (თბილისის გენ. გეგმა კანონის ძალის მქონე დოკუმენტია) წერია: „თბილისის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემო წარმოადგენს ერთიან ბუნებრივ-ეკოლოგიურ კარკასს, რომლის შემდგომი განვითარება-ჩამოყალიბებაგანიხილება ცალკეული ბუნებრივი და გამწვანებული ტერიტორიების  გამაერთიანებელი ხევებისა და მტკვრის კალაპოტის ერთიანი ქსელის სახით“. და კიდევ: „ქალაქის ეკოსისტემის მდგრადობა ეყრდნობა გამწვანებული სივრცეებისა და ხევების შემკრები მტკვრის ბუნებრივ-ლანდშაფტური კარკასის – ქალაქის ტერიტორიის ბუნებადამცავი და რეკრეაციული, ფუნქციური ქვესისტემის შენარჩუნებას, განვითარებას, ვიზუალურ გახსნასა და აქცენტების გაძლიერებას“; „ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და ახლის განვითარება ორიენტირებულია ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული მასის 11.0 მ2/კაცი უზრუნველყოფისაკენ, საწარმოო-კომუნალური ზონების რეორგანიზაციის, ხეობების რეაბილიტაციისა და ახალი მწვანე სივრცეების შექმნისაკენ“ (მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება).

დღევანდელ პირობებში ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმებით, დიდი ქალაქებისათვის 1 სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების ნორმა 50 კვადრატულ მეტრს უნდა შეადგენდეს. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცუდად ითვლება ის ქალაქი, სადაც მწვანე საფარი ტერიტორიის 10%-ზე ნაკლებს იკავებს, თბილისში კი სულ რაღაც 2-5 კვ. მ. მწვანე ნარგავი მოდის ერთ სულ მოსახლეზე.

„გამწვანებულ მასებზე“ ერთი თვის წინ, fact.ge-ს ჟურნალისტთან საკმაოდ დეტალურად ისაუბრა არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემაც, სადაც იგი ამბობდა, რომ ამ კოეფიციენტს თბილისში მინიმუმ 23-25 კვ. მ. უნდა დაეკავებინა. თუმცა, როგორც ვხედავთ, გენ.გეგმით გათვალისწინებული 11 კვ. მ.-ის დაკმაყოფილებასაც არავინ აპირებს: „მტკვარი და მის გასწვრივ არსებული ზოლი, როგორც ეს თბილისის მიწათმოწყობის ოპერატიულ გეგმაში ჩავდეთ, უნდა გახდეს ქალაქის გამწვანებული სტრუქტურის ხერხემალი, საიდანაც სათავეს აიღებენ გამწვანების კაპილარები. ეს ნიშნავს, რომ მტკვრის შენაკადი მდინარეები და ხეობები, რომელთა ნაწილი ნაგავსაყრელებად არის ქცეული, უნდა აღდგეს და ხელახლა გამწვანდეს“. ამის ნაცვლად კი მერია მაგისტრალს სწირავს მდ.ვერეს ხეობას - ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამწვანებულ ტერიტორიას და მშენებლობის მთავარ არგუმენტად ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირების განტვირთვას ასახელებს. არადა, ამ არგუმენტს წინ არანაირი კვლევა არ უძღვის და ზუსტად არავინ იცის, სინამდვილეში, რამდენად განტვირთავს მაგისტრალი ვაკისა და საბურთალოს მიმართულებას.

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოების გადასაწყვეტია, რას მიანიჭებს უპირატესობას, სატრანსპორტო მოხერხებულობას, თუ ბუნებრივი ან კულტურული გარემოს დაცვას და მის ფაქიზ განვითარებას. ევროპაში, 60-იან და ნაწილობრივ 70-იან წლებში ამ თვალსაზრისით დაშვებული მძიმე შეცდომების შემდეგ, ძნელად თუ მოიძებნება ქალაქი (და განსაკუთრებით - ისტორიული ქალაქი), სადაც საზოგადოება ამ არჩევანში სატრანსპორტო მოხერხებულობას აძლევდეს უპირატესობას. ამის გამო ქალაქებში ახალ მაგისტრალებს არც აღარავინ აშენებს.

თბილისში ზემოთ აღწერილი გეგმარებითი სამუშაო არასდროს ჩატარებულა და ამდენად მტკიცება, თითქოს ვერეს ხეობაში მაგისტრალის მშენებლობა აუცილებელი ღონისძიებაა, საფუძველსაა მოკლებული. დღეს არავინ იცის, შეიძლება თუ არა ჭავჭავაძის პროსპექტის სხვა ღონისძიებებით განტვირთვა და ეს კიდეც რომ შეუძლებელი იყოს, არავის შეუდარებია (ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას რაიმე მსგავსი კვლევის გაცნობის საშუალება არ ჰქონია), ამით მიღებული სატრანსპორტო სარგებელი ბუნებრივ და კულტურულ გარემოზე მიყენებულ ზარალთან.

ქალაქის მმართველობას ნამდვილად აქვს სახსრები ასეთი საპროექტო სამუშაოს ჩატარებისა, მაგრამ როგორც ჩანს არა აქვს ამის საჭიროებისა და, რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა - საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის ცნობიერება“.

ზურაბ ბაქრაძე - ბონი, 25 სექტემბერი, 2009 წელი (ფრაგმენტი, გამოქვეყნდა Facebook-ში)

ამასწინათ რამდენიმე მეგობარმა საინიციატივო ჯგუფი შევქმენით და „მდინარე ვერეს გადარჩენის კლუბი“ ვუწოდეთ (ინტერნეტით ადვილად გვიპოვით). პირველი „ექსპედიციებიც“ გვქონდა და ყველაზე ცუდი, რაც მაგისტრალის გაყვანისას გამოჩნდა, ის არის, რომ „ტრასის უდიდესი ნაწილი ხეობის განაპირა ზოლებში კი არ გადის, არამედ უშუალოდ ვერეს ნაპირებს მიუყვება, ანუ იმ ადგილებს, სადაც მწვანე ნარგავების ოთხმოცდაათამდე პროცენტია კონცენტრირებული. სწორედ ამიტომაც, გამორიცხული არაა, ტრასის მიმდებარე ტერიტორიები, ზოოპარკის სხვაგან გადატანის  შემთხვევაში კი - მთელი ზოოპარკის ტერიტორია, ინტენსიური მშენებლობის ადგილებად იქცნენ“ (კლუბის წევრის, თენგიზ დოლიძის კომენტარიდან).

რა თქმა უნდა, ზოოპარკი აუცილებლად უნდა გადავიდეს ძველი ადგილიდან, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მის ადგილას პარკებისა და გამწვანების ახალი კერების გაშენებაზე გვეფიქრა, ვიდრე ხმაურიანი და ბინძური მაგისტრალების გაყვანაზე. ზოგიერთები გარეუბნების მწვანე საფარის გააქტიურებასა და ახალი მასივების გაშენებაში ხედავს გამოსავალს. თუმცა, რამდენ ჰექტარზეც არ უნდა გავაშენოთ ეს მწვანე მასივები, ქალაქის ცენტრალურ უბნებს მაინც არაფერი ეშველება, თუკი ადგილობრივ არტერიებს გავანადგურებთ, თუკი შუა ქალაქში არ შევინარჩუნეთ და არ გავზარდეთ სიცოცხლის კერები, ჰაერის გამტარი კაპილარები. ვერეს ხეობა კი უპირველესია ამ თვალსაზრისით, რადგან თბილისის მცირე მდინარეებსა და ხეობებს შორის მხოლოდ მას შემორჩა თავისი ფუნქცია. ახლა ოცნების დრო არაა, მაგრამ მდინარე ვერეს ნებისმიერი მონაკვეთის (ზოოპარკიდან – თამარაშვილის გამზირამდე) გამოყენება შეიძლება პარკისთვის, არსებობს ბუნებრივი თუ ხელოვნური ტერასები, სადაც ხეხილიც ხარობს და რაც მთავარია, ვერეს ხეობის ქვედა მონაკვეთი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალზე მდიდარია ფაუნით. მდინარეში დღემდე საკმაო რაოდენობის თევზი აღწევს.

ევროპაში მდინარეების გაქრობის, მისი ამოქოლვისა და უფუნქციოდ დატოვების სამსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს (სანიმუშოდ ლონდონი გამოდგება, სადაც 15-დე გამქრალი მდინარეა) და იქ უკვე კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ასეთმა უყურადღებობამ და გულგრილობამ. ლონდონელებმა  ზუსტად იციან, რომ ხელოვნურ მდინარესა და ბეტონის წყალვარდნილებს ბუნებრივი სჯობს, ხოლო ჭორომებს მდინარეში სამშენებლო ნარჩენები კი არ უნდა ქმნიდნენ, არამედ - უძველესი ქვები.

მდინარე ვერე უკვე საუკუნეზე მეტია ნადგურდება. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მისი საბოლოო დასამარების მოწმენი გავხდებით. ვერეს ბევრი დაუშავდა ათწლეულების განმავლობაში. მისი გადარჩენის ბოლო ცდების ნაცვლად, ჩვენი ცხოვრებიდან ვდევნით მას, როგორც სამარცხვინო წარსულს, თითქოს საუბარი სტალინის რომელიმე ძეგლზე იყოს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამით, შესაძლოა, სირცხვილის ახალ, უფრო დიდ ძეგლებს ვუყრიდეთ საძირკველს.

ვერეს დაბინძურების მოკლე ისტორია

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მდ. ვერეს სათავეში ტყის მასიური გაჩეხვა მიმდინარეობდა, რის გამოც წყლის დონემ იმდენად იკლო, რომ XX-ის დასაწყისისთვის XVII საუკუნის ოთხმალიანი ხიდის ქვეშ (ახლანდელ გმირთა მოედანზე) წყალი მხოლოდ ორი მალის ქვეშ მოედინებოდა.

XX-ის 20-იან წლებში მკვეთრად იმატა ნიადაგის ჩამორეცხვა-ეროზიის ფაქტებმა, მდინარის კალაპოტში გაჩნდა დიდი რაოდენობით გამონარიყი.

1927 – პირველი ნაბიჯი დაბინძურებისკენ. მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა თბილისის ზოოლოგიური პარკი, რომელიც დღეს 120 ჰექტარს მოიცავს.

1930-იანი წლებიდან დაიწყო გმირთა მოედნის ინტენსიური განაშენიანება.
1932 – ძველი ხიდის გვერდით ააშენეს ახალი, სამმალიანი ხიდი. ძველმა, ე.წ. ხოჯა ბეჰბუდას ხიდმა ფუნქცია დაკარგა, თუმცა ფიზიკურად იგი 1957 წლამდე არსებობდა.

1935 – ჩელუსკინელების ქუჩის გაყვანისას ამოღებული გრუნტი მთლიანად მდინარე ვერეში ჩაყარეს.

1950-იანი წლებიდან დაიწყო ვერეს ხეობის ინტენსიური განაშენიანება, ამავე პერიოდში, ინდუსტრიალიზაციის პროცესმა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირა მდინარის წყალშემკრები აუზი, ზოგი შენაკადი საერთოდაც დაშრა. ამავე პერიოდში გადაიხურა მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის ბოლო მონაკვეთი.

1957 წლის ზაფხულში, ძველი ხიდის მთავარი კამარის აფეთქების შემდეგ ხიდმა არსებობა დაასრულა.

1950-იანი წლების ბოლოდან, ვერეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, ვარაზისხევი, ბეტონის სადინარში მოაქციეს, ნაწილობრივ კი კუს ტბისკენ გადააგდეს დამატებითი გვირაბით.

1970-იანი წლების დასაწყისიდან ინტენსიური განაშენიანება დაიწყო მდ. ვერეს მარჯვენა ნაპირზე, წყნეთის ქუჩიდან – ატენის ქუჩის ჩათვლით. ასევე მდინარის მარცხენა ნაპირზე.

1978 – მაშინდელი მონაცემებით, აბრეშუმკომბინატის მარტო სამღებრო საამქროდან დღეში 800 კუბ. მეტრი სხვადასხვა საღებავი ნივთიერება ჩაედინებოდა მდ. ვერეში.
1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში საბავშვო ქალაქი მზიური გაიხსნა. იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა. პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა. ამ პერიოდში, მდინარის რამდენიმე ასეულ მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ბეტონის ჯებირებში მოექცა.

1985 – მდ. ვერეს ქიმიური დაბინძურება მაქსიმუმს აღწევს. ამ დროისთვის მდინარეში ჩაედინება მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოების მიერ ნახმარი წყალი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების კანალიზაცია. ამ წელს ვერეზე მაქსიმალური გაჭუჭყიანების 19 შემთხვევა აღინიშნა.

1990-იანი წლებიდან წამოწყებული მშენებლობების ახალი ტალღის გამო მდინარე ვერეს დაბინძურების ახალი ეტაპი დაიწყო.

2009 წლის მაისში თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაყვანის შესახებ.


© „ლიბერალი“

ახალი ამბები