კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით ვითარება მკვეთრად გაუარესდა

18 ნოემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი

ოფიციალური ინფორმაციით, 2009 წლის 01 იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოში რელიგიის თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 20 იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან არის დაკავშირებული. საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მიაჩნია, რომ წინა წლებთან შედარებით, რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით, ვითარება მკვეთრად გაუარესდა. სახალხო დამცველის განცხადებით, რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის ფაქტების გახშირება, ამგვარ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაადეკვატური რეაგირებით არის გამოწვეული.

იეჰოვას მოწმეები ძირითადად ქუჩაში ქადაგებენ, თუმცა ისინი მოქალაქეებს საცხოვრებელ ადგილებშიც აკითხავენ. კონსტიტუციით ეს უფლება გარანტირებულია, მაგრამ ამგვარი სამისიონერო პრაქტიკის გამო, ხშირ შემთხვევაში, მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს რეაქციული ხასიათი აქვს.

იეჰოვას მოწმეების მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2009 წლის 21 იანვარს, წალენჯიხაში, იეჰოვას მოწმეების მშენებარე ნაგებობის წინ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ჯვარი აღმართა  და საპროტესტო აქცია მოაწყო. აქციაში სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. იეჰოვას მოწმეთა ცნობით, ამ დროს სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. მშენებარე ობიექტის მიმართულებით აქციის მონაწილეები ქვებს ისროდნენ.

ანალოგიურ შემთხვევას 2009 წლის 02 თებერვალს ბორჯომშიც ჰქონდა ადგილი.

უცნობმა პირებმა იეჰოვას მოწმე მ. იაკოშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საგარეჯოშიც. ინციდენტი 2009 წლის 29 იანვარს მოხდა. იეჰოვას მოწმეების სამლოცველო სახლს ე.წ. „სამეფო დარბაზს“ ჯერ ქვები დაუშინეს, ხოლო შემდეგ მინის ბოთლები, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა. დღის განმავლობაში თავდასხმა ორჯერ განმეორდა.

2009 წლის 19 თებერვალს, უცნობმა პირებმა, თბილისში, გურამიშვილის გამზირის 12 ა-ში მდებარე ოფისის მინები ჩაამსხვრიეს და ნივთები დააზიანეს. აღნიშნულ საოფისე ფართში იეჰოვას მოწმეები რელიგიურ შეხვედრებს ატარებდნენ.

ამავე ოფისზე თავდასხმა განმეორდა 6 ივნისსაც, რა დროსაც ცეცხლი წაუკიდეს ფანჯარას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იქ დროებით მცხოვრებ უცხოელებს. შემთხვევა შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალით დაფიქსირდა, რომლის ჩანაწერიდანაც თავდამსხმელთა იდენტიფიკაცია შესაძლებელია. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციას არავინ დაუკავებია.

2009 წლის 17 აპრილს, სენაკში, „სამეფო დარბაზის“ მშენებლობის ადგილზე,
დაუდგენელმა პირებმა სამშენებლო მასალას ცეცხლი წაუკიდეს. 20 აპრილს, იმავე
ადგილას, იეჰოვას მოწმეების კუთვნილ ავტომანქანას ასევე დაუდგენელმა პირებმა
წინა და უკანა საქარე მინები ჩაუმსხვრიეს.

13 მაისს, საგარეჯოში, „სამეფო დარბაზის“ ეზოში, უცნობმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს იეჰოვას მოწმე მ. იაკოშვილს.

დაუდგენელმა პირებმა კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს თბილისში, ჩუბინაშვილის 26-ში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამლოცველო სახლში. აფეთქების შედეგად დაზიანდა კედელი და სხვადასხვა ნივთი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, კიდევ ორ შემთხვევაში, საგარეჯოში, იეჰოვას მოწმეები - ნაჭყებია და იაკოშვილი ფიზიკურად შეურაცხყვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათში ამ რელიგიური გაერთიანების წევრები ამოიცნეს.

„7 შემთხვევაში, რელიგიურ დევნას, იეჰოვას მოწმე მოქალაქეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას იმ დროს ჰქონდა ადგილი, როცა ისინი ქუჩაში ან მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებში ახორციელებდნენ თავიანთ სამისიონერო საქმიანობას. ერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ფიზიკურ შეურაცხყოფას შეესწრნენ, არაფერი იღონეს ინციდენტის აღმოსაფხვრელად და სამართალდამრღვევების დასაკავებლად. პირიქით, მაგალითად, საგარეჯოში, როგორც იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, მდევნელებს მათ წინააღმდეგ აქეზებდნენ. სხვა სამი შემთხვევისას გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ოპერატიულად არ მოქმედებდნენ და მათ მოძალადეების დაკავება ვერ მოახერხეს“, - აცხადებს ომბუდსმენი.

მისივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის ეკლესიის მართლმადიდებელი მღვდლის ირაკლი ხომერიკის დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად პოლიციისა და პროკურატურის არაეფექტური მოქმედება.

„მღვდელი ირაკლი ხომერიკი კასპის რაიონში იეჰოვას მოწმეებს 2007 წლიდან დევნის. 2008 წელს აღნიშნულ ფაქტზე სსკ-ს 155-ე მუხლის პირველი ნაწილით (რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლა) დაწყებული გამოძიება გორის რაიონულმა პროკურატურამ შეწყვიტა, ვინაიდან ვერ დადგინდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კასპის პოლიციამ აღნიშნული სასულიერო პირი ხელწერილით  გააფრთხილა, რათა იეჰოვას მიმდევრებს მომავალში აღარ მიაყენოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ხელწერილის შემდეგ მღვდელმა ირაკლი ხომერიკმა კიდევ ორჯერ განახორციელა იეჰოვას მოწმეების დევნა და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, - ამბობს ტუღუში.

სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფლებადამრღვევები პასუხისგებაში მხოლოდ ორ შემთხვევაში მისცეს. ერთ შემთხვევაში, ბორჯომში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი 100 ლარით დაჯარიმდნენ და ხელწერილით იქნენ გაფრთხილებულები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ასევე ბორჯომში, მოძალადეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. კიდევ ერთ შემთხვევაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, მოძალადემ სამართალდამცავებისგან გაფრთხილება მიიღო.

გიორგი ტუღუში: „რელიგიის თავისუფლების შელახვასთან დაკავშირებული საქმეების უმრავლესობა სამართალდამცავების მიერ არის შეწყვეტილი ან ძიება მეტისმეტად გაჭიანურებულია. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მას შემდეგ, რაც 2004 წლის მარტში, საპატრიარქოდან განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი დააკავეს, 2005 წლის პირველ ნახევრამდე, სახალხო დამცველის სახელზე არ შემოსულა არც ერთი განცხადება. 2005 წლის მეორე ნახევარში განცხადებათა რაოდენობამ 12 შეადგინა. 2006 წლის პირველ ნახევარში შემოსული იყო ასევე 12 განცხადება. 2006 წლის მეორე ნახევარში 8, 2007 წლის პირველ ნახევარში 11, მეორე ნახევარში 13, 2008 წლის პირველ ნახევარში 2, ხოლო მეორე ნახევარში 8. ამ წლებში შემოსული განცხადებების რაოდენობა მიუთითებს, რომ 2005 წლიდან 2008 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით, სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება ხერხდებოდა. 2008-2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს 2005-2007 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ სამართალდამცავების მხრიდან რეაგირების ხარისხმა მკვეთრი რეგრესი განიცადა, რაც შეიძლება, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მივიჩნიოთ“.

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, რელიგიური დევნის, დისკრიმინაციისა და რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის შეშლის გამო, 2006-2008 წლებში პასუხისგებაში 17 პირი იყო მიცემული. ამათგან, 9 სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიდა.

ახალი ამბები