კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრიარქის ღირსების შემლახველი ვიდეორგოლების საქმის გამოძიება შესაძლოა, შეწყდეს

20 ნოემბერი, 2009

ირინა არდაშელია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ღირსების შემლახველი ვიდეორგოლების გავრცელების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სრული გაურკვევლობაა. გაურკვეველია ისიც, რა მუხლით აღიძრა საქმე, ისიც - რა სტატუსით დაიკითხნენ ამ საქმეზე დროებით დაკავებული პირები, ისიც - რა მიზეზით არ უბრუნებენ ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულ პირებს კომპიუტერულ ტექნიკას და ისიც - გრძელდება თუ არა გამოძიება.

შსს-ს მიერ 1 ნოემბერს გავრცელებული სპეციალური განცხადების თანახმად, პატრიარქის ღირსების შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პოლიციამ დააკავა ორი პიროვნება – სტუდენტი გიორგი კვირკვია და სკოლის მოსწავლე ლევან ბენაშვილი, რომელთაგან ნივთმტკიცებები ამოიღეს. საუბარია ერთ-ერთი დაკავებულის - გიორგის კომპიუტერებზე და ციფრულ ფოტოაპარატზე. ამოღებული ნივთები, როგორც „პირველს“ თავად გიორგიმ განუცხადა, მისთვის დღემდე არ დაუბრუნებიათ.

პროკურატურა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული ორი პიროვნება ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რჩებიან თუ არა ეს პირები ეჭვმიტანილებად და არ აკეთებენ კომენტარს, რა ბედი ეწია ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ტექნიკას.

მომხდარის შესახებ კიდევ ერთ განსხვავებულ ვერსიას აწვდის „პირველს“ თავად ერთ-ერთი დაკავებული – სტუდენტი გიორგი, რომლის მტკიცებით, დაკითხვისას მას განუცხადეს, რომ მოწმის და არა ეჭვმიტანილის სტატუსით იკითხებოდა. „ის კი არა, როგორც გამომძიებელი ლევან სადუნიშვილი ამბობს, შესაძლოა, საქმის ძიება საერთოდ შეწყდეს. რაც შეეხება ჩამორთმეულ ტექნიკას, გამომძიებელი კომპიუტერების დაბრუნებას ყოველდღე მპირდება, მაგრამ დღემდე არაფერი მიმიღია და ამის მიზეზი არავის განუმარტავს“, - აცხადებს გიორგი. 

სხვა გაურკვევლობებთან ერთად, პროკურატურა ჟურნალისტებისთვის ასევე არ აკონკრეტებს, რა მუხლით აღიძრა საქმე. გიორგის განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხი ვერც მისმა ადვოკატმა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, „პირველი“ საქმის მწარმოებელ გამომძიებელს ლევან სადუნიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ საქმის ძიება სხვა გამომძიებელს გადაეცა, მაგრამ - ვის, მისთვის უცნობია: „საქმე სხვას გადაეცა. არ მახსოვს, რა მუხლით მიმდინარეობდა მისი წარმოება. მე სულ ცოტა ხანი ვიძიებდი ამ საქმეს“. თავის მხრივ, გიორგი ირწმუნება, რომ სადუნიშვილს წინა დღეს ესაუბრა და საქმეს ჯერ კიდევ ის იძიებდა.

გახმაურებული საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი - „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი, თეა თუთბერიძე, რომელიც გამოძიებამ დამატებითი დეტალების დასადგენად დაკითხა, აცხადებს, რომ გამოძიების მიზანი მისთვის გაურკვეველია:. „როგორც ჩანს, ეს საქმე ხელისუფლების მორიგი პიარია. ვერ ვხვდები, რომელი მუხლით აღიძრა საქმე. საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას თუ კრძალავენ, არ ვიცი, მაგრამ სხვა მიმართულება ამ გამოძიებას არ გააჩნია“.

თუთბერიძის პოზიციას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც იზიარებს. მისი თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი, რომლითაც აღნიშნული საქმის წარმოება შეიძლება. „გაკვირვებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ამასთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. მუხლი, რომელიც ამ საქმეს შეესაბამება, ჩვენს კოდექსში არ არსებობს. შეურაცხყოფა უფრო სამოქალაქო კოდექსით დასჯადი სამართალდარღვევაა. ასე რომ, კონკრეტულად რას იძიებენ და რა მუხლით, ჩემთვის სრულიად გაურკვეველია“, - განუცხადა „პირველს“ ნიკოლაიშვილმა.

ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს ადვოკატი თამარ წერეთელიც - „მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფა მიუღებელი და დაუშვებელია, მსგავსი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს“.

 ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, სრულიად გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა გამოძიების დაწყება, გრძელდება თუ არა იგი, დაისჯება თუ არა ვინმე და რა ბრალდებით?

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები