19:57, Monday, 16.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

www.hridc.tv - ერთად დავარღვიოთ სიჩუმე!

20.11.2009
ანა შეშაბერიძე

19 ნოემბერს არტ-კაფე „ქარავანში“ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საზოგადოებას წარუდგინა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ პირველი  ვიდეოპორტალი - www.hridc.tv. პრეზენტაციაზე ასევე ნაჩვენები იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ტელესტუდიის პირველი ნამუშევარი, გიორგი ჯანელიძის ფილმი „ბურღვა ზემოთ და ქვემოთ“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს ახალი ინიციატივის მიზნები გააცნო. მისი თქმით, ადამიანის უფლებების შესახებ პირველი ვიდეოპორტალის დაფუძნება, პირველ რიგში, საქართველოს მედიასივრცეში არსებულმა სერიოზულმა პრობლემებმა განაპირობა: „ახალი მედიის განვითარების  საჭიროება ობიექტური და კრიტიკული ინფორმაციის დეფიციტის პირობებში გაჩნდა. ჩვენი ვიდეოპორტალის დახმარებით, დღეიდან ადამიანის უფლებათა დოკუმენტირება აღარ მოხდება მხოლოდ  ქაღალდზე. ამისათვის უკვე გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიყენოთ თანამედროვე მულტიმედია, ინტერნეტის საშუალებები და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ“.

უჩა ნანუაშვილის თქმით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალზე, ცენტრის პროდუქციის გარდა, სხვა დამოუკიდებელი სტუდიების მიერ მომზადებული ფილმებიც იქნება წარმოდგენილი. hridc.tv თანამშრომლობს ცნობილ დამოუკიდებელ სტუდიებთან („მონიტორი“, „რეპორტიორი“, „ჯი ენ ესი“, „სტუდია RE“ და სხვ.). გარდა ამისა, ვიდეოპორტალის საიტზე - www.hridc.tv  რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თვითონვე ატვირთოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალა. 
 
უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ ვცდილობთ, მნიშვნელოვანი მასალები - ფილმი იქნება ეს, თუ სხვა პროდუქცია, ვთარგმნოთ ინგლისურ ენაზე. გვინდა, საქართველოში შექმნილი  ვიდეოპროდუქცია ადამიანის უფლებების შესახებ მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი ინგლისურენოვანი მომხმარებლისთვის. ამიტომ  საიტი
www.hridc.tv ორენოვანი იქნება - ქართული და ინგლისური ვერსიით.

საიტზე ატვირთული ფილმები შეიძლება იყოს, როგორც დოკუმენტური, ასევე საგამოძიებო. საიტზე ნახავთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ტელესტუდიის სპეციალურ სიუჟეტებსაც. საიტის სტრუქტურა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მასალები თემატურად მოიძიოს სხვადასხვა კატეგორიებში („გამოხატვის თავისუფლება“, „მედია“, „უმცირესობები“ „დევნილები“ და ა.შ.) ჩვენი სურვილია, საიტზე რეგიონებიდანაც აიტვირთოს მასალები, რათა საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ვითარებაზე. ვაპირებთ სპეციალური ტრეინინგების მოწყობას ბლოგერებისთვის, რათა ბლოგები საქართველოს რეგიონებშიც გახდეს პოპულარული და დაინტერესებულმა პირმა გამოიყენოს მედიის ეს საშუალება. ჩვენ ასევე გვინდა, საქართველოში  განვითარდეს ვიდეობლოგინგი“.

გიორგი ჯანელიძის ფილმმა, „ბურღვა ზემოთ და ქვემოთ“ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ფილმი ეხება ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს, რაც  საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილიდან ნავთობის დიდი ოდენობით ამოფრქვევას მოჰყვა.

გიორგი ჯანელიძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტი, ვიდეოპორტალის რედაქტორი: „ბურღვა ზემოთ და ქვემოთ“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალისთვისაც პირველი საგამოძიებო ფილმია და ჩემთვისაც დებიუტია საგამოძიებო ჟანრში. 2004 წლის სექტემბერში სოფელ ნინოწმინდაში ჭაბურღილიდან ნავთობის ამოფრქვევის შეჩერება სამი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსახლეობაში იმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა. თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმომადგენლები, ისევე როგორც, ადგილობრივი ჩინოვნიკები და ნავთობკომპანია „კანარგოს“ პასუხისმგებელი პირები ირწმუნებიან, რომ ამოფრქვევას დაავადებებთან კავშირი არა აქვს. ჩვენ ფილმში ყველა მხარეს მივეცით საშუალება, საკუთარი დამოკიდებულება გამოეთქვა მომხდართან დაკავშირებით“.

ფილმის ჩვენების შემდეგ კონსერვატიული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა და ჟურნალისტმა გუბაზ მეგრელიძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინიციატივისა და გიორგი ჯანელიძის ჟურნალისტური გამოძიების მნიშვნელობა შეაფასეს.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის ვიდეოფორმატში დოკუმენტირება და საზოგადოების ინფორმირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საქმეა: „რაც შეეხება ფილმს - „ბურღვა ზემოთ და ქვემოთ“, ადამიანებს ბევრი რამ ავიწყდებათ და ნინოწმინდის ისტორიაც ასევე ყველას დაავიწყდა. hridc.tv-ს ფილმი საზოგადოებას კონკრეტული მაგალითით შეახსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგას ხალხის მხარეს იმ დროს, როცა ეს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში, ხელისუფლება დაზარალებულის მხარეს დგება. ჩვენი ხელისუფლება კი ორიენტირებულია პირად მოგებაზე და არა მოქალაქეების მხარდაჭერაზე. ამიტომ მისგან არ არის გასაკვირი კორუფციული გარიგებები და დიდი ფულის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში, ადამიანების მდგომარეობა ძალიან მძიმდება, რადგან მათ ორი მოწინააღმდეგე ჰყავთ, ერთის მხრივ - საქართველოს ხელისუფლება და მეორეს მხრივ - მსხვილი კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევაზე“.

გუბაზ მეგრელიძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი: „ნინოწმინდის თემა ჩემთვის საკმაოდ ნაცნობია, რადგან მე ვიყავი ამ თემაზე ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტური გამოძიების ავტორი. კატასტროფიდან მოკლე ხანში ჩემს თვალწინ მძიმე ვითარება გადაიშალა. შეხება მქონდა დაზარალებულ ადამიანებთან. მე ვნახე მათ სხეულზე ლაქები და გამონაყარი, რაც ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ სოფელში მოსულმა შავმა წვიმამ გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს დაფიქსირებული არსად არ არის, რადგან მაშინ ჟურნალისტებს მეტად მწირი ტექნიკური საშუალებები გვქონდა. ვფიქრობ, თქვენი საიტი ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის ინფორმაციის უფრო სრულყოფილად მიწოდებას, დემოკრატიის განვითარებას, სიმართლის დამკვიდრებას და ეს უკვე ძალიან დიდი საქმეა. გისურვებთ წარმატებებს და მწვავე სიუჟეტებს“.

ნანა ლეჟავა, „სტუდია GNS“ : „ვიდეოპორტალიhridc.tv საინტერესო წამოწყებაა, რადგან ცნობილია, დღეს როგორ უჭირს მედიას. ჩვენი სტუდია ხშირად სარგებლობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საიტით. ახლა hridc.tv-ის მასალებსაც მივაქცევთ ყურადღებას. ასეთი თანამშრომლობა, ალბათ, ყველა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მეტ ინფორმაციას ვიღებთ მეგობარი საიტებიდან“.

 შეხვედრის დასასრულს, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ www.hridc.tv თანდათან კიდევ უფრო დაიხვეწება და უახლოეს დღეებში სხვა მასალებიც დაემატება, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ უკვე მოპოვებული აქვს.

მაშ ასე! ადამიანის უფლებათა შესახებ პირველი და ერთადერთი ვიდეოპორტალი საქართველოში წარმოგიდგენთ რესურსებს ისეთ თემებზე, რომელთა გაშუქებასაც წამყვანი მედიასაშუალებები თავს არიდებენ. საიტზე დარეგისტრირების შემდეგ მასალის ატვირთვა პროფესიონალების გარდა, მოყვარულებსაც შეუძლიათ. შეგიძლიათ, დღესვე ატვირთოთ თქვენი ნამუშევარი - ჟურნალისტური გამოძიებები, დოკუმენტური ფილმები, ტელერეპორტაჟები, ინტერვიუები, კლიპები და ა. შ.

ერთად დავარღვიოთ სიჩუმე! 

პროექტის მხარდამჭერები არიან: ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC