კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია: „ბათუმის სასამართლოში ჩემი შვილის და ძმის საქმე კი არა, ჩემი საქმე განიხილება“

20 ნოემბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

„ეს არის პოლიტიკური სასამართლო პროცესი“, _ ასე აფასებდნენ დამსწრეები სასამართლო პროცესს, რომელზედაც ეკა ბესელიას შვილისა და ძმის საქმე განიხილებოდა. გამოძიების მიხედვით, მათ სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის მიყენება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. სასამართლო პროცესს დაზარალებული დავით ჯაფარიძე არ დასწრებია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ ხალხმრავლობა ოპოზიციის საპროტესტო მიტინგში გადაიზარდა. მომიტინგეები ეკა ბესელიას შვილისა და ძმის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას შვილის - რატი მილორავასა და ძმის - სერგო ბესელიას სასამართლო პროცესი ქობულეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტმა მოსამართლემ ჯემალ კიკნაძემ 18 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩაატარა. შვილის ინტერესებს თვითონ ეკა ბესელია იცავდა: „რეალურად ეს არის პოლიტიკური სასამართლო პროცესი. აქ ჩემი არასრულწლოვანი შვილის და ძმის საქმე კი არ იხილება, აქ იხილება ჩემი  საქმე _ შევწყვეტ თუ არა პოლიტიკურ აქტიურობას, წავალ თუ არა კომპრომისზე, ვიბრძოლებ თუ არა იგივე პრინციპულობით, როგორადაც ვიბრძოდი აქამდე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე დანაშაულს იხილავს, ეს აბსოლუტური სისულელეა. მინდა, გითხრათ, მე არჩევანი გავაკეთე და ყოველთვის ვიბრძოლებ, რათა საქართველოში არასოდეს იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება და ტერორი“.

ლილი გელაშვილი, ადვოკატი: „დღეს სასამართლოს წინაშე ვიშუამდგომლეთ, დაიკითხონ საქმის ძირითადი მოწმეები. თუკი სასამართლოს აქვს პრეტენზია ობიექტურობაზე და სჭირდება რეალური სურათი იმისა, რაც მოხდა იმ დღეს, აუცილებელია მოწმეების დაკითხვა. ჩვენ დავასახელეთ ორი მოწმე, რომლებიც ინციდენტისას იმავე სუფრასთან ისხდნენ და სწორედ მათ შეუერთდა სერგო ბესელია და რატი მილორავა“.

ადვოკატ ლილი გელაშვილის განცხადებით, საქმეში ბევრი დარღვევებია: დაკავებულთა ამოცნობა და დაკითხვა ღამის 3 საათიდან 5 საათამდე მიმდინარეობდა, რაც კანონით დარღვევაა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებულების უარის მიუხედავად, მათ ინტერესს იმ დროს სახაზინო ადვოკატი, როინ სალუქვაძე იცავდა.

„აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე მოსამართლეს პროკურატურამ მისცა წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, რომ სერგო ბესელიასთვის წინასწარი პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ. წარმოდგენილ ჩვენებებში ამოღებულია მთავარი ფრაგმენტები, რომელიც ეჭვმიტანილთა უდანაშაულობას ამტკიცებს“, - ამბობს ეკა ბესელია.

სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის მიერ დაყენებული რამდენიმე შუამდგომლობიდან მოსამართლემ მხოლოდ მთავარ მოწმეთა დაკითხვა დააკმაყოფილა.

ეკა ბესელიამ სასამართლო პროცესზე სხვა დარღვევებზეც ისაუბრა: „ჩვენ საღამოს რომ დავტოვეთ წინასწარი დაკავების იზოლატორი, მეორე დილით აღმოჩნდა, რომ ისინი ღამის 3 საათიდან დაუკითხავთ“.

დაკავებულთაგან ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო 3 ათასი ლარის ოდენობით, ძმას -  სერგო ბესელიას კი, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მხარემ აღმკვეთი ღონისძიება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ განიხილა. ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ და რატი მილორავასა და სერგო ბესელიას საქმეს სტრასბურგში გააგზავნიან, როგორც პოლიტიკური დევნის მაგალითს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი 25 ნოემბერს გაიმართება.

სასამართლო სხდომის დარბაზში

სხდომა გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა, გაძლიერებული იყო ბადრაგი და მანდატურთა სამსახურიც. მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ სხდომის დარბაზი ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელს რეპლიკის გამო დაატოვებინა.

დაცვის მხარის მიერ დაყენებული რამდენიმე შუამდგომლობიდან, მოსამართლემ მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილა. თითოეულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად 15-20 წუთიან შესვენებას აცხადებდა.

პროცესზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობები სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერის გაკეთებასა და ძირითადი მოწმეების დაკითხვის თაობაზე. თუმცა, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა პროცესის ვიდეოჩანაწერის გაკეთებაზე, საქმის თავდაპირველი პროკურორის - გიორგი დავითაშვილის, საქმის გამომძიებლისა და სახაზინო ადვოკატის დაკითხვის თაობაზე.

რა მოხდა „ელზაში“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს რატი მილორავა, ვალერი კირვალიძე, სერგო ბესელია და როინ ცაგარელი. აღნიშნულმა  პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით კონფლიქტი დაიწყო კაფე-ბარ „ელზაში“, სადაც მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი  გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც  კაფე ბარ „ელზას“ თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია. ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ეკა ბესელიას მომხდარის თაობაზე სხვა ვერსია აქვს: „მეორე სუფრასთან სხდომები დაუკაშვირდნენ რატის და სერგოს და სთხოვეს შეხვედრა. ზუსტად 15-20 წუთში მოხდა ეს ამბავი. შელაპარაკება მოხდა სხვა პირებს შორის, ჩემი ძმა ცდილობდა, გაემშველებინა და სიტყვიერი კამათი არ გადაზრდილიყო ჩხუბში. საბოლოოდ, კაფე-ბარის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ასეთი სიტყვიერი შელაპარაკებას არ ახლავს ისეთი ხმაური, რომ ბარის მუსიკის ფონზე გაიგონო, მითუმეტეს - საღამოობით. მოიყვანეს პოლიცია და ადგილზე დააკავეს ოთხი პირი. მათ შორის იყო ჩემი ძმაც, რომელსაც პოლიცია კარგად იცნობს ბოლო პერიოდის აქციებში მონაწილეობით. ჩემმა შვილმა რომ დაინახა ჩემი ძმის დაკავება, ცდილობდა, დახმარებოდა ბიძას და ისიც დააკავეს. ასეთი მცირე სიტყვიერი კამათისთვის თუ იჭერენ ხალხს, მაშინ დღეს ყველა ციხეში უნდა იჯდეს! მით უფრო, პარლამენტის სხდომის დროს მუშტი-კრივიც კი იმართება ხოლმე“.

ახალი ამბები