15:10, Thursday, 12.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მდუმარე საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ

26.11.2009
ალექსი ბეჟანიშვილი

25 ნოემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „უფლებადამცველთა კავკასიური ქსელის“ ინიციატივით,  პარლამენტის შენობის წინ მდუმარე საპროტესტო აქცია მოეწყო. „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელში“ გაერთიანებულმა  ორგანიზაციებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, ნორვეგიულმა  ორგანიზაციამ - „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა“ და საქართველოს არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციელების მიერ „მოძრაობა 7 ნოემბრის“ აქტივისტების უკანონო დაკავების ფაქტი გააპროტესტეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და „უფლებადამცველთა კავკასიურმა ქსელმა“ მედიას გადასცეს სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 23 ნოემბერს პარლამენტის წინ დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას დაკავება არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის ერთ-ერთი პირველი მაგალითი. ამ ფაქტის შედეგად კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ აღნიშული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების - შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და რეალიზაციას.

განცხადების სრული ტექსტი იხ.: http://www.humanrights.ge/index.php?a=urgent&id=110&lang=ge

აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებამდე პარლამენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ტელეჟურნალისტებს გადაღების ნებართვა მოსთხოვა და განაცხადა, რომ უნებართვოდ პარლამენტის შენობის გადაღება აკრძალულია. თუმცა, კონკრეტულად ვერ გაიხსენა, რომელი კანონი კრძალავს პარლამენტის შენობის გადაღებას, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ „ჩამჭრელ კითხვებს“ თავი აარიდა და „შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. 

„ადამიანის  უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა გაზომეს მანძილი პარლამენტის შენობის კიბეებიდან იმ ადგილამდე, სადაც „მოძრაობა 7 ნოემბრის“ აქტივისტები ისხდნენ დაკავებისას. აღმოჩნდა, რომ ეს მანძილი ბევრად აღემატება თვით არსებული ანტიდემოკრატიული კანონით დაშვებულ 20 მეტრის რადიუსს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ მანძილი ბევრად მეტი იქნება, თუკი  უშუალოდ შენობის შესასვლელიდან აიზომება, როგორც კანონშია მითითებული.

უფლებადამცველთა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სასამართლოს მიერ 23 ნოემბერსვე  გამოტანილი დადგენილებები, სადაც მოსამართლე თვითონვე წერს, რომ დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია დაკავებისას პარლამენტის შენობიდან 25-30 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ. ანუ მოსამართლე ძალაუნებურად აფიქსირებს, რომ დაკავებულები კანონით აკრძალული 20 მეტრის რადიუსის მიღმა გამოხატავდნენ პროტესტს. ეს „გაუგებრობა“ გამოწვეულია მოსამართლის მხრიდან კანონის უცოდინრობით. მას არ ახსოვდა,  ადმინისტრაციული შენობებიდან რამდენი მეტრის რადიუსში იყო დაშვებული აზრის თავისუფალი გამოხატვა. მოსამართლემ არც კი ჩათვალა საჭიროდ, ჩაეხედა კანონში და ბრმად დაეყრდნო საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა პოზიციას, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შეკრება აკრძალულია ადმინისტრაციული შენობიდან 50 მეტრის რადიუსში. კანონის არცოდნას ამჟღავნებს თვით საპატრულო პოლიციის უფროსი, გიორგი გეგეჭკორი, რომელმაც „მოძრაობა 7 ნოემბრის“ აქტივისტებს დაკავებისას განუცხადა, რომ ისინი არ იმყოფებიან პარლამენტის შენობიდან 50 მეტრის დაშორებით, რის გამოც არღვევენ კანონს. პოლიციამ აქტივისტები სწორედ ამ მოტივით დააკავა. 

„სამწუხაროა, რომ პოლიციელებმა და მოსამართლეებმა არ იციან კანონები, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა და შემაშფოთებელია, რომ პოლიტიკური ზეწოლით და მიკერძოებით ისინი პირდაპირ არღვევენ კანონს“, - ამბობს „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე სასამართლოს დადგენილებების კომენტირებისას.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე მთლიანად დაეთანხმა პოლიციის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2009 წლის 23 ნოემბერს დაკავებულები იმყოფებოდნენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის შესასვლელთან დაახლოებით 25-30 მეტრის მოშორებით, რა დროსაც არღვევდნენ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მათ პატრულ-ინსპექტორებს ვერ წარუდგინეს სათანადო ნებართვა და აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა თავისუფალ გადაადგილებას. ზემოაღნიშნულის გამო პატრულ-ინსპექტორების მიერ სამართალდარღვევის აღკვეთის დროს დაკავებულები არ დაემორჩილნენ პატრულ-ინსპექტორების კანონიერ მოთხოვნას და მიაყენეს მათ სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ მიიღო და არ განიხილა დაკავებულთა ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ვიდეოფირი, სადაც კარგად ჩანს, რომ ცაგურია, ჯიშკარიანი და კორძაია, სინამდვილეში, არც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უშლიდნენ ხელს და არც პოლიციისთვის მიუყენებიათ შეურაცხყოფა. ისინი პარლამენტიდან კანონით დაშვებულ მანძილზე ისხდნენ და მდუმარედ გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს. ამ დროს ხელში ეჭირათ პლაკატები სხვადასხვა დროს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ ვაზაგაშვილის ფოტოებით.

სასამართლომ მთლიანად დაუჭირა მხარი პოლიციის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, დაკავებულები კანონდამრღვევებად სცნო და შეუფარდა 500-500 ლარის ადმინისტრაციული ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174 პრიმა მუხლების შესაბამისად.

პარლამენტის წინ შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგმეს როგორც პოლიციის, ისე სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური დევნით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები. ქართული არასამთავრობო სექტორის აზრს იზიარებენ „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელში“ გაერთიანებული სასომხეთისა და აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა ნორვეგიულმა უფლებადამცველმა ანე ბონდემ („ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი“).

„საჭიროა და აუცილებელია, შეიცვალოს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ანტიდემოკრატიული კანონი, დაისაჯონ კანონდამრღვევი პოლიციელები და მოსამართლეები“, - განაცხადა საპროტესტო აქციაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს 23 ნოემბრის ინციდენტის დროს უფლებაშელახულმა ახალგაზრდებმა.

(სიუჟეტი ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენივე ვიდეოპორტალზე http://hridc.tv/)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC