20:02, Monday, 16.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის ოფისი „მოძრაობა 7 ნოემბრის“ წევრების უკანონო დაკავებას გამოეხმაურა

30.11.2009
საქართველოს სახალხო დამცველმა „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა, რომელიც შეეხება მოქალაქეების დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას 2009 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი შეკრების აღკვეთისა და მათი დაკავების ფაქტს.

საქმის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. ანალიზის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველი ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი წინადადებებით, ხოლო თუ ეჭქვეშ დადგება კანონის ნორმათა კონსტიტუციურობა – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

მეორეს მხირვ სახალხო დამცველი სწავლობს, რამდენად იყო დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ზემოხსენებული პირების მიმართ, როდესაც განიხილებოდა მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნობისა და პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

ამ დროისათვის შესწავლილი იქნა კონკრეტული ფაქტი და მომზადდა სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ზემოხსენებული პირების კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების ხელყოფა.

შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა მოქალაქეების დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას კონსტიტუციით გათვალისწინებული შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მოქალაქის უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მხოლოდ სახალხო დამცველი არის უფლებამოსილი მიმართოს შესაბამის ორგანოებს რეკომენდაციით ან წინადადებებით (ეს უფლებამოსილება არ გააჩნია მის მოადგილეს ან სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულ სხვა მოხელებს). შესაბამისად, სახალხო დამცველი საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული რეაგირებისათვის.

* * *

საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.”

კონსტიტუციის 25–ე მუხლის მე–2 პუნქტი, კანონმდებელს აძლევს უფლებას, კანონით განსაზღვროს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ასეთი გაფრთხილების აუცილებლობა მოცემულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5.1 მუხლში, რომლის მიხედვითაც თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის სავალდებულოა სათანადო გაფრთხილების შეტანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოში აქციის ჩატარების ადგილის მიხედვით.

თუმცა, ამავე კანონის მე–7 მუხლით გათვალისწინებულია გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მოქალაქეებს არ აქვთ ვალდებულება წინასწარი გაფრთხილება გაუგზავნონ შესაბამის ორგანოს, კერძოდ: „გაფრთხილება არ არის სავალდებულო ცალკეული მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა პლაკატებით, ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით ან სხვა სახვითი საშუალებებით, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება, ამისათვის გამოიყენონ შენობების შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ან შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.”

ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წლის გადაწყვეტილებაში # 2/2/180-183 (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნა – „კანონმდებელმა მე-7 მუხლში პირებს მისცა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრების შესაძლებლობა, თუმცა დაადგინა ადგილები, სადაც კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეკრება წინასწარ გაფრთხილებას მოითხოვს.“

ამ განმარტების შესაბამისად ცალსახაა, რომ მე–7 მუხლი იცავს შეკრების თავისუფლებას გაფრთხილების გარეშე, მაგრამ უნდა იქნას დაცული შემდეგი მოთხოვნები:

1) არ უნდა გამოიყენონ შენობების შესასვლელები;
2) არ უნდა გამოიყენონ შენობების კიბეები;
3) არ უნდა გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ;
4) არ უნდა შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა
.

კონსტიტუციის 25–ე მუხლის მე–3 პუნქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს ხელისუფლებას უფლებას შეწყვიტოს შეკრება ან მანიფესტაცია, თუ ის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს. ზოგადად ასეთ კანონსაწინააღმდეგო ხასიათად შეგვიძლია განვიხილოთ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 13–ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ:
„ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-11 მუხლის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე.“

თუმცა, მე–13 მუხლი, მისი შინაარსის გათვალისწინებით შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც შეკრება ან მანიფესტაცია წინასწარი გაფრთხილების შემდეგ ტარდება. მსგავსად იმ შეკრებებისა და მანიფესტაციებისა, რომლებიც გაფრთხილების საფუძველზე ტარდება, მე–7 მუხლით გათვალისწინებული შეკრების დროსაც კანონსაწინააღმდეგო იქნება კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-11 მუხლის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის, აგრეთვე 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევები. თუმცა, დამატებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მე–7 მუხლის მიზნებისათვის ექნება ზემოხსენებული 4 პირობის დარღვევასაც, კერძოდ თუ შეკრების დროს გამოიყენებენ შენობების შესასვლელებსა და კიბეებს, გადაკეტავენ გზის სავალ ნაწილს ან შეაფერხებენ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობს.

დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ დადგენილებებში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2009 წლის 23 ნოემბერს დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია იმყოფებოდნენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შესასვლელიდან 25–30 მეტრში, რა დროსაც არღვევდნენ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. მათ პატრულ–ინსპექტორებს ვერ წარუდგინეს სათანადო ნებართვა, აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა თავისუფალ გადაადგილებას. ზემოაღნიშნულის გამო, პატრულ–ინსპექტორების მიერ სამართალდარღვევის აღკვეთის დროს მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პატრულ ინსპექტორებს.

დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას სასამართლო დადგენილებით შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე (სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 1741 (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე–7 მუხლი განსაზღვრავს, რომ „გაფრთხილება არ არის სავალდებულო ცალკეული მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა პლაკატებით, ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით ან სხვა სახვითი საშუალებებით, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება, ამისათვის გამოიყენონ შენობების შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ან შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.”

შესაბამისად, დაჩი ცაგურიას, ირაკლი კორძაიასა და ჯაბა ჯიშკარიანს აბსოლუტური უფლება ჰქონდათ საჯაროდ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი და არ ეკისრებოდათ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება. ის არგუმენტი, რომ მათ პატრულ–ინსპექტორებს ვერ წარუდგინეს შესაბამისი ნებართვა არის სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. უფრო მეტიც, დღეს მოქმედი კანონი ნებართვის გაცემას აქციის ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის არ იცნობს. საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წლის გადაწყვეტილებით 2/2/180-183 - არაკონსტიტუციურად სცნო ,,გაფრთხილების არ მიღების“ ინსტიტუტი იმ მოტივით, რომ იგი ფაქტობრივად აქციის მონაწილეებს დამოკიდებულს ხდიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნებართვაზე.

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებაში, რომელიც გამოტანილია ჯაბა ჯიშკარიანის მიმართ აღნიშნულია, რომ ჯაბა ჯიშკარიანს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქ.თბილისის მერიისგან მანიფესტაციის ჩატარებაზე უარის თქმის შემდეგაც ჰქონდა თავისი შეხედულების საჯაროდ გამოხატვის უფლება პლაკატებით, თუმცა მას არ უნდა გამოეყენებინა ქვეითთა სავალი ნაწილი, რითიც აფერხებდა ხალხის მოძრაობას, ხოლო შემდგომ, ასევე არ უნდა გამოეყენებინათ პარლამენტის შენობის კიბეები.

მე–7 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ შეკრება–მანიფესტაციის მონაწილეებმა არ უნდა გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი და შეაფერხონ ხალხის მოძრაობა.

არსებულ ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ შეკრების სამ მონაწილეს არ ჰქონია გადაკეტილი გზის სავალი ნაწილი და არც ხალხის მოძრაობა შეუფერხებია. ისინი დაკავების მომენტისათვის ისხდნენ ხალხის სავალი ნაწილის სიახლოვეს არსებულ საფეხურზე, შესაბამისად, ისინი არანაირ დაბრკოლებას არ უქმნიდნენ ფეხით მოსიარულეებს.

რაც შეეხება პარლამენტის შენობის კიბეებს. ვიდეო ჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ აქციის მონაწილე სამივე პირი იჯდა არა პარლამენტის შენობის კიბეებზე, არამედ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ არსებულ მოედანზე ასასვლელ საფეხურებზე. აღნიშნული დასტურდება სასამართლო დადგენილებებითაც, ვინაიდან 2 მათგანში როგორც უკვე ავღნიშნეთ დადგენილია, რომ აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ პარლამენტის შესასვლელიდან 25–30 მეტრში. შესაბამისად, შეუძლებელია აქციის მონაწილეებს დაერღვიათ მე–7 მუხლის მოთხოვნა, რომელიც აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა არ უნდა გამოიყენონ შენობების კიბეები.

ის არგუმენტი, რომ აქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პატრულ–ინსპექტორებს არ დასტურდება გავრცელებული ვიდეო მასალიდან. ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ სამივე პირი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილა პატრულ ინსპექტორთა მოთხოვნას და ჩაჯდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟში.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC