19:56, Monday, 16.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ტელევიზიები ხელისუფლების სამსახურში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დიაგნოზი

30.11.2009
საბა წიწიკაშვილი

2009 წლის 15 ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხია და ყოველდღე არა ერთი პოლიტიკური თოქშოუ გადის ეთერში. სინამდვილეში საქართველოში 27-ზე მეტი არხიც არის, თუმცა, უცნობია, მათი რეალური მფლობელები და მაკონტროლებლები ვინ არიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, დღეს საქართველოს სატელევიზიო სივრცე ნაკლებად დამოუკიდებელია, ვიდრე ის 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“ და პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლამდე იყო.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) სამოქმედო გეგმით, საქართველომ აიღო ვალდებულება, გაეუმჯობესებინა მედიის, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტის - თავისუფლების ხარისხი. მიმდინარე წლის შემოდგომის ბოლოს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, „აზრის გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოსთან ორმხრივი დიალოგის პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტებია“.

2008 წლის სექტემბრის მიმართვაში „დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის“ შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღიარა, რომ მედიის არასაკმარისი თავისუფლება საქართველოს „დემოკრატიის ძირითად გამოწვევად“ რჩებოდა. მან აღნიშნა, რომ კერძო მედიაკომპანიების საქმეში „ცხვირის ჩაყოფას“ არ აპირებდა, რომ ყურადღებას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას მიაქცევდა და ოპოზიციური პარტიებისთვის ტელეეთერის მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა. ამ დაპირებების მიუხედავად, ბოლო წლის განმავლობაში ელექტრონულ მედიაში მნიშვნელოვანი სასიკეთო ძვრები არ შეინიშნება.

ევროკავშირის 2009 წლის აპრილის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში „მედიის თავისუფლება და პლურალიზმი კვლავ პრობლემატურ სფეროდ რჩება~. ევროპელმა დიპლომატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დადებული ვალდებულებები შეძლებისდაგვარად სწრაფად შეასრულოს. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნად შემცირდა. FREEDOM HOUSE-ის 2009 წლის „პრესის თავისუფლების რანგირების“ თანახმად, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად, საქართველო იმ ქვეყნებს უახლოვდება, სადაც მედია „არ არის თავისუფალი“.

მართალია, ბეჭდვითი მედია პლურალისტურია, მაგრამ მისი დაფარვის ზონა საკმაოდ მწირია და მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვრცელდება. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ბოლო შეფასებით, მედიის თავისუფლების ხარისხი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი შეფასებებით, დღეს საქართველოში მედია იმაზე ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე  2003 წელს
იყო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, სამი ძირითადი ნაციონალური არხი („რუსთავი 2“, „იმედი“ და პირველი საზოგადოებრივი არხი) ნაკლებად ჩანს დაინტერესებული ისეთი გადაცემების გაშვებით, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დებატები გაიმართებოდა. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ამ არხების საინფორმაციო პროგრამები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მათი ახალი ამბები გარკვეული კოორდინაციით მზადდება.

„ნაციონალური არხები არა მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებით ჰგვანან ერთმანეთს, არამედ იმითაც, რომ ხელისუფლების ქმედებების კრიტიკას ერიდებიან. ისინი ასევე ერთნაირად არ უთმობენ ეთერს საგამომძიებლო სიუჟეტებსა და გადაცემებს“, - წერია დასკვნაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუსის“ განვითარების დირექტორი თამუნა კაკულია „გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში ეროვნულ მაუწყებლობების საინფორმაციო გადაცემებს „სრულიად იდენტური და მართვადი“ უწოდა.

„დღევანდელ სინამდვილეში სამაუწყებლო არხებს შორის სერიოზული კონკურენცია არ არსებობს“, - აღნიშნა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა ხატია ჯინჯიხაძემ. „როდესაც რეგიონებში მომხდარი ამბავია გასაშუქებელი, სამივე არხიდან ერთი კორესპონდენტია რეგიონში მივლენილი. ადრე სამივე არხი თავის ჟურნალისტს აგზავნიდა და სამივე ცდილობდა, ესა თუ ის ამბავი სხვაზე უკეთესად გაეშუქებინა. დღეს ხშირად ნახავთ სიუჟეტებს, რომელთა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი კადრზე დადებული განსხვავებული ხმებია. ნაციონალურ არხებზე იდენტური არა მარტო ახალი ამბები, არამედ - სიუჟეტების თანმიმდევრობაც“.

მიუხედავად ამისა, ანგარიშის მიხედვით, მედიის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია - გამოკითხულთა უმრავლესობა ტელევიზიით გადმოცემულ ახალ ამბებს სანდო ინფორმაციად მიიჩნევს. 63% მედიის მუშაობას დადებითად აფასებს. უარყოფითი არზი 28%-ს აქვს. მედიაზე მაღალი ნდობა მხოლოდ ეკლესიას, ჯარსა და პოლიციას აქვთ.

ქართველების 65% დარწმუნებულია, რომ მასობრივი მედიის საშუალებები მთავრობის კონტროლისგან სრულიად (20%) ან ნაწილობრივ მაინც თავისუფალია (45%). 16% თვლის, რომ მედია ბოლომდე თავისუფალი არ არის, 3% კი ფიქრობს, რომ ის საერთოდ არ არის თავისუფალი.

ამჟამად საქართველოს ყველაზე გავლენიანი არხის - „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ ერთ-ერთი მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია DEGISON LIMITED-ია. მეორე „მისტიური ორგანიზაცია“ - DENAL UNION - ტელეკომპანია „საქართველოს“ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს და ტელეკომპანია „ევრიკას“ 51%-ს ფლობს. ასევე ბუნდოვანია RAKEEN-ის და მისი შვილობილი კომპანიის - RAKEEN GEORGIA HOLDINIG-ის - სამართლებრივი სტრუქტურა, რომლის გარშემოც არსებობს ეჭვები, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან. RAKEEN GEORGIA HOLDING ტელეკომპანია „იმედის“ 90%-ს ფლობს.

საქართველოში ტელეკომპანიების ნამდვილი მფლობელების შენიღბვის კიდევ ერთი ცნობილი ხერხი ე.წ. „შუაკაცის“ შექმნაა. მაგალითისთვის, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ „იმედს“ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა. თუმცა, არხის ოფიციალური მეწილეები მისი მეგობარი გოგი ჯაოშვილი და RUPERT MURDOCH'S NEWS HORP იყვნენ.

IREX-ის საქართველოს ტელესივრცის კვლევაში ნათქვამია, რომ „მედიის მფლობელობაში გამჭვირვალობისა და მრავალფეროვნების ნაკლებობა თავისუფალი მედიის განვითარებას ართულებს“.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „რუსთავი 2-ის“ აქციების 30%-ს, „მზის“ 45%-ს და „პირველი სტერეოს“ 65%-ს ფლობს. პირველი ორი ტელეარხის შემთხვევაში, აქციების მეტი წილის მფლობელი ოფშორული კომპანია DEGISON LIMITED-ია. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ დამატებით ფლობს „საქართველოს ბიზნეს-კონსალტინგს“, რომელიც ინგლისურ გაზეთს „GEORGIAN BUSINESS WEEK“-ს უშვებს და სააგენტო GBH.GE-ს. ამ კომპანიის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი - მმართველი პარტიის წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ძმაა.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია - GEORGIAN MEDIA INTERPORATED - ამჟამად „იმედის“ აქციების მფლობელიც არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი მედია-ბაზრის ორ მესამედს ფლობს და აკონტროლებს.

აშკარაა, რომ რეგულირების არსებული ნორმები მედიაკონცენტრაციას ხელს არ უშლის.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ტელევიზიებს - „კავკასია“ და „მაესტროს“ - ბაზარზე გარკვეული ადგილი უკავია, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს რეკლამის მოზიდვა.

2009 წლის ივლისში „მაესტრომ“ კომუნიკაციების კომისიიდან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, თუმცა, მას არა აქვს ფინანსური რესურსი, რომ ყოველთვიური გადასახადი - 18,000 აშშ დოლარი - გადაიხადოს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წლის სექტემბერში გაეროს ასამბლეაზე გამოსვლისას „მაესტროს“ მაგალითი მოიტანა და თქვა - „ჩვენ უკვე მივეცით ლიცენზიები ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტელეარხებს, რათა მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმაუწყებლონ“. მამუკა ღლონტის თქმით, იმ დროს, როცა პრეზიდენტი ნიუ-იორკში ამ სიტყვით გამოდიოდა, საქართველოში საკაბელო კომპანიებზე ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა, რათა მათ თავიანთ ეთერში „მაესტროს“ მაუწყებლობაზე უარი ეთქვათ. შედეგად, „მაესტროს“ სიგნალი ახმეტისა და რუსთავის საკაბელო არხებით ახლაც არ გადაიცემა.

ამასობაში პრობლემები შეექმნა აჭარის 25-ე არხსაც. 2009 წლის 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ტელეარხს 277 547 ლარის საგადასახადო დავალიანება უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა. არხის თანამფლობელმა მერაბ მერკვილაძემ სასამართლოს დადგენილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განმარტა, რომ ვალის უმეტესი ნაწილი 2004 წლამდე - იმ პერიოდში დაგროვდა, როცა აჭარის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ასლან აბაშიძემ არხი მის კანონიერ მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვა. მერკვილაძე არ უარყოფს, რომ მის კომპანიას საგადასახადო დავალიანება მართლაც აქვს, მაგრამ ის 70,000 ლარს არ აღემატებოდა. ეს თანხა კი 2006 - 2009 წლებში დაგროვდა.

ამ ფაქტებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს მთავრობას მიმართავს შესაბასისი რეკომენდაციებით:

1. აუცილებელია, დაჩქარდეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესი და ის ფართო და ღია დისკუსიის ფონზე წარიმართოს. გაძლიერებული პირველი არხი, ინფორმატიული და კრიტიკული სიუჟეტებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყინულის დაძვრას და უფრო პლურალისტური სატელევიზიო სივრცის ჩამოყალიბებას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა მისი წევრობის კანდიდატების შერჩევის ექსკლუზიური უფლების სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებისთვის მინიჭებაა. წევრების დამტკიცება საჯარო მოსმენების, მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის და პარლამენტის ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით უნდა ხდებოდეს.

2. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სისტემის შეცვლაც. დღესდღეობით დაფინანსების რაოდენობას მთლიანად ხელისუფლება წყვეტს, რაც მაუწყებლის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის მიღების გადასახადის დაწესება. ეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას, ასევე მისი დაფინანსების პროგნოზირებას და სამომავლო საქმიანობის უკეთესად, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვასაც შეუწყობს ხელს. უფრო მეტიც, თუ საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ გადაიხდიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ სპეციალურ გადასახადს, ისინი უკეთესად იგრძნობენ, რომ ამ არხის მფლობელები თავად არიან და მოითხოვენ, რომ არხი ანგარიშვალდებული, პირველ რიგში, მათ მიმართ იყოს.

3. საქართველოს მედიარეგულირების არსებული სისტემა მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას და კონკურენტუნარიან, პლურალისტურ სატელევიზიო ბაზარს ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა, განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც ოფშორულ, გასაიდუმლოებულ კომპანიებს მედია საშუალებებში წილების ფლობა აეკრძალებათ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, იცოდეს ვინ არიან იმ იურიდიული პირების მეწილეები, რომლებიც მედია საშუალებების მფლობელები ან თანამფლობელები არიან.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დეპოლიტიზაციისთვის აუცილებელია კომისიის წევრების დანიშვნის წესის შეცვლა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა, რათა მან უფრო ეფექტიანად იმუშაობას და ამით, როგორც კომისიის, ასევე სატელევიზიო სივრცის მიმართ საზოგადოების ნდობა გაამყაროს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას - „სატელევიზიო სივრცე საქართველოში - მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო“ ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე:



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC