19:55, Monday, 16.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ტელევიზორს რომ ვრთავთ, გვგონია, სხვა ქვეყნის ამბებს გვიყვებიან, იმდენად კარგადაა ყველაფერი“

30.11.2009
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ექვსი წელია, საქართველოში გიორგობასთან ერთად „ვარდების რევოლუციის“ დღეს აღნიშნავენ. ექვსი წელია, „ვარდების ხელისუფლება“ დაუზარებლად გვახსენებს, რომ ყველაფერი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გაკეთდა, ქართველი ხალხის კეთილდღეობას ეძღვნება. „ვარდების მთავრობა“ სახალხოდ აცხადებს, რომ 6 წლის წინ  საქართველო კორუფციისგან გაათავისუფლა და დემოკრატიულ ქვეყნად აქცია. მისთვის 23 ნოემბერი ეკონომიკურ წინსვლასთან, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგადად, შენებასთან ასოცირდება.

როგორ აფასებენ „ვარდების რევოლუციის“ 6 წლისთავს, გაიზარდა თუ არა დემოკრატიის ხარისხი და რამდენად დაცულია ადამიანის უფლებები თანამედროვე საქართველოში - ამ კითხვებით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურომ რიგით ქუთაისელებს მიმართა.

ლადო აბულაძე, მძღოლი, 34 წლის: „მაშინ, როცა მთელი საქართველო ქუჩაში იდგა, ყველას ერთი სურვილი გვაერთიანებდა - შეცვლილიყო ქვეყანაში არსებული რეჟიმი. არავინ იფიქრებდა, რომ მოვლენები ასე ულოგიკოთ განვითარდებოდა. მაშინ, რა თქმა უნდა, ხალხი გულისხმობდა უკეთესს და არა უარესს... გვსურდა, რეალური დემოკრატია შემდგარიყო ჩვენს ქვეყანაში. დღეს, „ვარდების რევოლუციის“ 6 წლისთავზე, თვალს თუ გადავავლებთ ამ მოკლე წარსულს და, რაც მთავარია - შედეგს, მივხვდებით, რომ თურმე, არ ღირდა ქუჩაში დგომა“.

ნანა ჩაფიძე, 27 წლის, იურისტი: „დღეს, როცა უკვე შეგვიძლია, „ვარდების რევოლუციის“ 6 წლის შედეგი შევაფასოთ და კითხვა დავსვათ - გამართლდა თუ არა  ხალხის მოლოდინი, ალბათ, უფრო უნდა ითქვას, რომ არ გამართლდა. არ შეიძლება ადამიანმა რევოლუციის კარგ შედეგზე ილაპარაკოს ქვეყანაში, სადაც დაცული არაა  ფუნდამენტური უფლებები. გავიხსენოთ, თუნდაც, სასამართლო, ან ქართული ტელეარხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პიარკამპანიის გამტარებელ ძალად იქცნენ. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ გამოხატვის თავისუფლების პრობლემა გვაქვს, რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ? პირადი მიმოწერის კონტროლი და პირადი საუბრების მოსმენა რა, უფლებების დარღვევა არ არის?! ამაზე ხომ დღეს ძალიან ღიად საუბრობენ? ეს პირადი საუბრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაა და პირდაპირ კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან“.

მარინა დავაძე, 44 წლის, უმუშევარი: „უსამართლო სასამართლო, უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი და შიში რაღაცის და ვიღაცის მიმართ - აი, ეს არის რევოლუციის მონაპოვარი. გარდა ამისა, სხვა ბევრი პრობლემაა, რაზეც საუბარს ხალხი შეგნებულად არიდებს თავს. საზოგადოებაში შიში არსებობს... ყველა ტელეფონი ისმინება. ორი კაცი რომ საუბრობს, ის ამბავი უკვე ისმინება და ა. შ. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი ჩემი მხრიდან. ეს რეალობაა, რომელსაც სამწუხაროდ, ტელევიზიით არ აცხადებენ. ტელევიზორს რომ ვრთავთ, გვგონია, სხვა  ქვეყნის ამბებს გვიყვებიან, იმდენად კარგადაა ყველაფერი... რევოლუციას შეეწირა ჩემი და ასობით ადამიანის სამუშაო ადგილი ქუთაისის ავტოქარხანაში. არავინ იცის, ხვალ რა იქნება. ალბათ, კიდევ ბევრი მსგავსი სიურპრიზი...“

გია ღვინიანიძე, 46 წლის, ინჟინერი: „რას ერჩით ამ მთავრობას, პენსიები ხომ გაზარდა 80 ლარამდე?! განა, ეს საკმარისი არ არის?! სხვას რას ელოდებოდით?! მე, პირადად, დიდი მოლოდინი არ მქონია... შევარდნაძე არ მოგვწონდა და რატომ გეგონათ, რომ მისი აღზრდილი სააკაშვილი უკეთესი იქნებოდა?!“

ლარისა კაჭარავა, 63 წლის, პენსიონერი: „6 წელია, შიშითა და შელახული უფლებებით ვცხოვრობთ. არავინ კითხულობს, რა გვიჭირს და რა გვილხინს. 59 წლის ასაკში სამსახურიდან გამათავისუფლეს და კიდევ კარგი, პენსიამ მომისწრო, თორემ შიმშილით მოვკვდებოდი. მაგათ ჰგონიათ, სათამაშო მოედნებს თუ ააშენებენ და კორპუსებს გადაღებავენ, ხალხის სიყვარულს დაიმსახურებენ. ასე არ არის! ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს“.

ნატო ტყეშელაშვილი, 37 წლის, დიასახლისი: „ამ ყოფას ყველანაირი ყოფა ჯობდა. ყოველდღე, ყოველწუთს გვატყუებენ და ათას ზღაპრებს გვიყვებიან ტელევიზიით. ყველა სატელევიზიო არხი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ეს ხომ უკვე საშინელებაა?! რევოლუციას არაფერი შეუცვლია. მხოლოდ შევარდნაძე შეცვალა სააკაშვილით. ისინი ზუსტად ერთნაირად ზრუნავენ ხალხის კეთილდღეობაზე“.

თენგიზ ხაინდრავა, 55 წლის, ინჟინერი: „არ მცხვენია თქმა, მართლა პატარა ბავშვივით მჯეროდა, რომ ცვლილებები იქნებოდა, რაღაც შეიცვლებოდა ხალხის სასიკეთოდ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. დღეს მრცხვენია, რომ მაშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ქუჩაში ვიდექი და ახლობლებს ვარწმუნებდი, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება-მეთქი. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია, ვთქვა, რომ დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი ნამდვილად არაა და ეს მწყინს. რევოლუციამ მხოლოდ ახალი ხელისუფლება მოგვიყვანა, ცოტა ცინიკოსი და ცოტა მატყუარა და თავისთავზე ძალიან შეყვარებული“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC