კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელევიზია - ხელისუფლების მსახური

30 ნოემბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონის სოფლების ძირითად ნაწილში ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება ტელევიზიაა. მოსახლეობა ჩივის, რომ ადგილობრივი პრობლემები ტელევიზიით ნაკლებად შუქდება. დვანში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის ჟურნალისტები მათი სოფლით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როდესაც ვინმეს გატაცება ან აფეთქება ხდება.

„არავინ ჩვენი პატრონი არ არის... ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს სოფელში თავისი ნებით და სახსრებით, არც ერთი ჟურნალისტი არ ამოსულა. ამოდით ერთხელ, დაგტოვებთ ღამე და წამოიღეთ ჩვენი სოფლიდან რეალური ინფორმაცია - რას ვჭამთ, რას ვსვამთ, რა ვითარებაში გვძინავს!.. ისე ახლოს ვართ უკონტროლო ტერიტორიასთან, ერთ ღამეში შეიძლება, ამ სოფლის გაწყვეტა ისე, რომ გორში ვერც ვერავინ გაიგებს“, - გვითხრა ბესარიონ მახაჭაშვილმა იმ დღეს, როცა თანასოფლელებთან ერთად გორში ჩამოსვლა მოახერხა. დვანელები შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს 9 საათიდან 14 საათამდე ელოდნენ.

ამ აქციაზე არც სატელევიზიო არხები და არც რადიოები მოვიდნენ. შესაბამისად, ვერ დააფიქსირეს, რომ ორშაბათ დღეს პრეზიდენტის რწმუნებული სამსახურში 14:00 საათზე მივიდა. მასთან ერთად მოვიდნენ ადგილობრივი ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ გადამღები ჟურნალისტებიც. თრიალეთის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეა. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ჟურნალისტებმა „თრიალეთის“ ეთერში და ასევე რადიოთი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რწმუნებული აქციაზე 20 წუთის შემდეგ მივიდა.

1 ივნისს გუბერნატორი დვანელებს შეჰპირდა, რომ 10 დღეში ავიდოდა სოფელში და გაესაუბრებოდა. ასევე დაჰპირდა, რომ აგვისტოში სოფელს კომპენსაციებით და ჰუმანიტარული საკვებით დაეხმარებოდა, თუმცა არც ერთი პირობა არ შეასრულა. აგვისტოს შემდეგ, დვანელები, პროტესტის ნიშნად, ფეხით წამოვიდნენ თბილისისკენ, მაგრამ ცენტრალურ ტრასაზე ჩამოსულები ძალის გამოყენებით დაშალეს. სახელისუფლებო მედიამ ამ ფაქტის შესახებ ნიუსი ასე დაამთავრა - დვანელები უკან გაბრუნდნენ და პირობა მიიღეს, რომ მათთან გუბერნატორი ავიდოდაო. თუმცა, არ უთქვიათ ის ფაქტი, რომ გუბერნატორი ჯერ კიდევ 10 ივნისს უნდა ასულიყო დვანში, ხოლო აგვისტოში კომპენსაციები დაერიგებინა...

ჩვენ გავარკვიეთ, რომ სოფელ დვანში დღემდეც არავინ ასულა - არც გუბერნატორი, არც მისი ჟურნალისტები და არც საკვები გამოჩენილა... დვანელები ტელევიზორში უყურებენ, როგორ ხსნიან ჩინოვნიკები თბილისი-სენაკის ავტობანის გორის მონაკვეთს და ბედნიერი სახეებით ქვეყნის აღმშენებელობაზე საუბრობენ.

როგორც დვანის მაგალითზე დავინახეთ, სახელისუფლებო მედიამ ინფორმაციის გაყალბება და საზოგადოების არასწორად ინფორმირება უფრო ფართო მასშტაბით მოახდინა. ერთადერთი, ვინც ამ პროცესს შეესწრო, იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტი რომელმაც დეტალურად და ობიექტურად აღწერა, სინამდვილეში რაც მოხდა. სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებმა არ გააშუქეს, როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტს დვანელების თვალწინ, რომელსაც ჩინოვნიკები მათთან ერთად შენობაში არ უშვებდნენ. მოსახლეობის დახმარებით ჟურნალისტმა შენობაში შესვლა მოახერხა. რატომღაც ეს ფაქტი მათთვის შეუმჩნეველი დარჩა.

ახალი ამბები