კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გაი“ ბრუნდება?!

1 დეკემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი

„პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იგი მიზნად ისახავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწას, შესაბამის კორექტირებას და პოლიციის სისტემის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. 

კანონპროექტი რამდენიმე ცვილილებას ითვალისწინებს. თუმცა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კანონპროექტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტმა მიიპყრო. ახალი რედაქციით, პოლიციას რეიდის დროს პირის და სატრანსპორტო საშუალების შემოწმების უფლებაც ექნება - თუკი პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, პოლიციას უფლება აქვს, „საგანგებო და საომარი  მდგომარეობის პირობებში; აგრეთვე - დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები; რეიდის დროს პოლიციას უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეცილაური ტრანსპორტისა, რითაც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობის მქონე პირები.)“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ აღნიშნულ მუხლში გადმოტანილია ის წინადადებები, რაც დღეს მოქმედ კანონშიცაა. თუმცა, მასში ჩამატებულია სიტყვა „შემოწმება“. აზრთა სხვადასხვაობა  სწორედ აღნიშნული ტერმინის განმარტებას მოჰყვა.

„რას ნიშნავს „შემოწმება“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში? საქმე ისაა, რომ სიტყვა „შემოწმება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც გვხვდება, მაგრამ არა იმ კონტექსტში, რაც პოლიციის შესახებ კანონშია მოცემული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, „შემოწმება“ ნიშნავს პირის შემოწმებას ნარკოტიკის მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით ან სიმთვრალის დადგენასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსში გვხვდება ტერმინი „გასინჯვა“, ანუ პირის როგორც ზედაპირული დათვალიერება, ასევე ნივთების შემოწმება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტყვა „შემოწმებაში“ იგულისხმება ის, რასაც კოდექსი გასინჯვას უწოდებს. ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, რეალურად არანაირი საკანონმდებლო ზღვარი არ არის ჩხრეკასა და შემოწმებას შორის“, - აცხადებს გიორგი გოცირიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის ეს პუნქტი უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინაიდან იგი პოლიციას ნებისმიერი ადამიანის შემოწმების სრულ თავისუფლებას აძლევს.

ფაქტობრივად, არსებობს საფრთხე, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ საპატრულო პოლიციას ავტომანქანების ჩხრეკის უფლება მიენიჭება, რითაც არც თუ შორეულ  წარსულში საბჭოთა საგზაო მილიცია - ე. წ. „გაი“ სარგებლობდა. შევარდნაძის მმართველობის წლებში საბჭოთა მილიციის „ტრადიციებს“ კორუმპირებული პოლიცია აგრძელებდა. ავტომანქანების ჩხრეკის დროს ნარკოტიკის, იარაღის ჩადება და სხვა პროვოკაციული მეთოდები ხშირად იყო გამოყენებული როგორც პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, ისე რიგითი მოქალაქეების დასაკავებლად, რის შემდეგაც მათ თანხებს სძალავდნენ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საპატრულო პოლიციას ავტომანქანების ჩხრეკის უფლება კანონის ძალით ჩამოერთვა, რითაც წერტილი დაესვა პოლიციის უკანონო ძალადობას საავტომობილო გზებზე.

„სამწუხაროდ, პარლამენტში შეტანილი კანონპოექტი ეჭვის არანაირ სტანდარტს არ ადგენს, რომ ესა თუ ის პიროვნება დამნაშავეობასთან ან სამართალდარღვევასთანაა კავშირში. დასაბუთებული ეჭვის გარეშე მოქალაქის შემოწმება გაუმართლებლად მიგვაჩნია. ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ წინადადებას , რომ პირველ რიგში, დაკონკრეტდეს ეჭვის სტანდარტი, ანუ უნდა მოხდეს იმ პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, რომლის მიმართაც პოლიციას ეჭვი გაუჩნდება და მეორე,  შემოწმება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, რათა ის ჩხრეკაში არ გადაიზარდოს“, - აცხადებს საიას იურისტი.

პარლამენტი კანონპროექტს  დეკემბერში პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

ახალი ამბები