კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ზაქარეიშვილი: „ქართული მხარე იძულებული იქნება, უკანონოდ დაკავებული ოსები გაათავისუფლოს“

2 დეკემბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

30 ნოემბერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი -  თომას ჰამარბერგი ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ცხინვალში სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სეპარატისტები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას 20-მდე ოსი ჰყავს უკანონო პატიმრობაში, ამიტომ, ტირძნისელ მოზარდებს იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუკი ტყვეთა გაცვლა მოხდება პრინციპით - „ყველა ყველაზე“.

ევროსაბჭოს ადამიანის ულფებათა კომისრის საქართველოში ჩამოსვლამდე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა თომას ჰამარბერგი რუსეთთან „გარკვეული სახის ურთიერთობებში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, როცა საქმე რუსეთს ეხება, ჰამარბერგი საეჭვო უმოქმედობას იჩენს. მინაშვილმა არ დააკონკრეტა, რა იგულისხმება „რუსეთთან გარკვეული სახის ურთიერთობებში“.  

პარალელურად, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო სამსახურის უფროსის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს, რომ სეპარატისტების მიერ დასახელებული ოსი მოქალაქეების ნაწილი პოლიციას ნამდვილად ჰყავს დაპატიმრებული. თუმცა, პოლიციის უფროსი მათ გვარებს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ისინი სხვადასხვა დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბუნდოვან საკითხებზე კომენტარი რესპუბლიკური პარტიის წევრს, კონფლიქტოლოგ  პაატა ზაქარეიშვილს სთხოვა.

- ბატონო პაატა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – თომას ჰამარბერგი პარლამენტის წევრმა, აკაკი მინაშვილმა რუსეთთან „გარკვეული სახის“ ურთიერთობებში დაადანაშაულა და ამ ფაქტორს დაუკავშირა ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების პროცესში „მისი უმოქმედობა“. რა კომენტარს გააკეთებთ უმრავლესობის წევრის ასეთ შეფასებაზე?

- ეს უსუსური განცხადებაა და ხაზს უსვამს ხელისუფლების უუნარობას. ოთხი ბავშვის გათავისუფლება არ უნდა იყოს მთელი მსოფლიოს საქმე. როცა მე ხელისუფლებაში ვიყავი, არსებობდა კომისია, რომელიც ასეთ საკითხებს ძალიან იოლად აგვარებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ახლა პიარი სჭირდება და მაგალითები რუსული და ოსური აგრესიის საერთაშორისო დონეზე გამოსააშკარავებლად.                           

ამ ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას პირველად არ ვაწყდები. 2007 წელს, როცა აფხაზეთში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ქართულმა მხარემ იქ სამი ბავშვი შეუშვა, რომლებიც აფხაზებმა დააპატიმრეს. ქართველებმა კი ეს ამბავი გააპიარეს, თუმცა ამ ამბის მოგვარება ჩუმადაც შეიძლებოდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც მსგავსი რამ ხდება - ყველაფერი პიარს ეწირება.

მინაშვილის განცხადებას თომას ჰამარბერგის გააქტიურებაც დაემთხვა. ის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ტირძნისელი მოზარდების, ქართული მხარის მიერ დაკავებულ ოს პატიმრებზე გაცვლის საკითხზე ისაუბრეს, პრინციპით - ,,ყველა – ყველაზე”. რუსული სააგენტოების ცნობით, ჰამარბერგი სეპარატისტებს ქართული მხარის მიერ გატაცებული მოქალაქეების მოძიებას დაჰპირდა და ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების არაობიექტურობაზეც ისაუბრა. თქვენ თუ გაქვთ ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლების ობიექტურობის იმედი?

- არანაირად! საქართველოს ხელისუფლება უაღრესად ტენდენციურია და  თავისი უპრინციპობის დამალვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით უნდა. ქართული ხელისუფლების ქცევა შემაშფოთებელია და რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ ის ამ საკითხში შეიძლება ობიექტური იყოს.

ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში სეპარატისტები ეთნიკურად ოსი 20  მოქალაქის გვარს ასახელებენ, რომლებიც მათი მტკიცებით, ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვინ არიან ისინი და თუ არიან მათ შორის არასრულწლოვნები?

- ვიცი, რომ ქართულმა მხარემ გორში უკანონო პატიმრების არსებობა აღიარა. თუმცა, არასრულწლოვნებზე ინფორმაცია არ მაქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ოსი ყავს დაკავებული. ესენი არიან: ლალიევი, კაზიევი, ელოევი, ასევე - იაკობ და პაველ ტეხოვები. ჩვენ თითქოს კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ სამართლიან ქვეყანაში უკანონო პატიმრების არსებობა ყოვლად მიუღებელია. ფაქტია, ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებული, რა მნიშვნელობა აქვს მათ ეროვნებას?! მათ ბრალი წაყენებული არა აქვთ და გამოძიება არ მიმდინარეობს. არც ადვოკატები ჰყავთ. ეს სრული განუკითხაობაა!

- ევროკომისრის დადანაშაულება უმოქმედობაში და რუსეთთან „გარკვეული სახის ურთიერთობებში“ როგორ იმოქმედებს  საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე?

- რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედებს, მით უმეტეს, საქართველოს იმიჯი უკვე დიდი ხანია, დაზარალებულია. მკვდარი კი რამდენჯერ უნდა მოკვდეს?! მოკვდა ერთხელ და მორჩა! ასეთი გამოხტომები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ ამას ვერ ვხვდებით. თუ თქვეს, რომ საქართველოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ, ამით ყველაფერი ცხადია. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი რეიტინგი ძალიან დაბალია. 

თქვენი აზრით, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით?

- ქართული მხარე იძულებული იქნება, გორში უკანონოდ დაკავებული ოსები გაათავისუფლოს, რასაც ტირძნისელი ახალგაზრდების გათავისუფლებაც მოყვება. მათი დაკავება მორალის ფარგლებს ისევე სცდება, როგორც საქართველოს ხელისუფლების ქმედებები.

ახალი ამბები