კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალების“ ახალი საარჩევნო მესიჯი - „მეფე კეთილია“

2 დეკემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქუთაისში იმ დღესვე იქცა დიდი მითქმა-მოთქმის საგნად. 30 ნოემბერს სარქისაშვილების მრავალსულიანი ოჯახის ჭერიდან ჩამოსული წვიმის წვეთები პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია. შედეგად, ქალაქის მერმა ნუგზარ შამუგიამ მიხეილ სააკაშვილისგან ტელეკამერების წინ - მკაცრი საყვედური მიიღო.

ყველაფერი ძალიან უბრალოდ დაიწყო. მაია სარქისაშვილმა რამდენიმე დღის წინ წერილი გადასცა ქუთაისში სტუმრად მყოფ საქართველოს პირველ ლედის, სანდრა რულოვს. წერილში იგი საქართველოს პრეზიდენტს მისი ოჯახის გაჭირვების შესახებ უკვე მესამედ წერდა. აუტანელი სოციალური მდგომარეობით დამძიმებული წერილი, როგორც იქნა, ადრესატამდე მივიდა, რასაც სააკაშვილის სარქისაშვილებთან სტუმრობა მოჰყვა.

ამ ოჯახში საქართველოს პრეზიდენტს ახალი და უცხო არაფერი უნახავს. ქუთაისში  ასობით სოციალურად დაუცველი მრავალსულიანი ოჯახია. ოპოზიცია ქუთაისის მერიას მათ მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.

„თვითონ ამ ოჯახის დედამაც აღნიშნა, რომ მძიმე პირობების შესახებ არაერთხელ აცნობა ქალაქის მერიას და ორჯერ გაუგზავნა წერილი საქართველოს პრეზიდენტს. როგორც იქნა, ოჯახი პრეზიდენტის ყურადღების ღირსი გახდა. ბევრი ასეთი ოჯახია ქუთაისში, რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ და სხვა მრავალი პრობლემაც აწუხებთ. უბრალოდ, ეს იყო ის ერთი შემთხვევა, რომელიც პრეზიდენტმა წმინდა წყლის პიარისთვის გამოიყენა“, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ნაკაშიძე.

იგი იხსენებს ოჯახებს, რომლებიც ქალაქის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ლიცეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური პრობლემებით ცხოვრობენ: „არაერთხელ დავაყენეთ საკითხი მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ როგორ ქალაქის, ისე მხარის ხელმძღვანელობასთან. მაშინაც, როგორც გუშინ, ქუთაისის მერმა თავი იმით იმართლა, რომ ეს ოჯახები მერიას აღრიცხვაზე ვერ აყავს და ამიტომ ენერგოკომპანია ელექტროენერგიის მიწოდებაზე უარს ეუბნება. აღრიცხვაზე აყვანას კი იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ საცხოვრებელი მობინადრეების საკუთრებაში არ არის. სარქისაშვილების საცხოვრებელი პირობების გამოსწორება პიარის გარეშეც შეიძლებოდა. მაგრამ ახლა ეს პიარი, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია მოახლოებული. ამით საზოგადოებას აჩვენებენ, რომ „მეფე კეთილია“ და თუკი სადმე რამე ფუჭდება, ეს მისი ბრალი არ არის“. 

ოპოზიციური პარტიების აზრით, ქუთაისის მერის დატუქსვა პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან. სააკაშვილს და მის გუნდს სურს, ხალხზე მზრუნველი ხელისუფლების იმიჯით შეიქმნას. ღუმელითა და „ტრუბებით“ პრეზიდენტი ამიტომ ეახლა სარქისაშვილებს. შეშაზე ზრუნვა კი, დატუქსულ მერის დაავალა.

როგორც გაირკვა, პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ყველამ იცოდა, მერის გარდა. პრეზიდენტმა, რომელსაც ქუთაისში ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა დაეთვალიერებინა, „გზიდან გადაუხვია“ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სარქისაშვილების ოჯახის გასაჭირი გაიზიარა. მანამდე ნუგზარ შამუგიამ ქალაქის გარეუბანში დაბინძურებული გარემოს გამოც მიიღო საყვედური.
 
„ეს სხვა არაფერია, თუ არა შიდაპარტიულ კლანებს შორის დაპირისპირების მორიგი დასტური. აქ მოქმედებს სამ კლანი: 1) იმერეთის დღევანდელი გუბერნატორის, მიხეილ ჩოგოვაძის კლანი, რომელსაც განეკუთვნება ქუთაისის მერიც; 2) ნაციონალების იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, პარლამენტარ გოჩა თევდორაძის კლანი; 3) ქუთაისის მაჟორიტარის, აკაკი ბობიხიძის კლანი. გუბერნატორის და შესაბამისად, მერის ბერკეტების ხელში აღებაზე ახლა თევდორაძის კლანი მუშაობს. ეს ის ადამიანია, რომლის ზურგზეც ბოლო რამდენიმე არჩევნებმა გადაიარა და „ნაციონალების“ სასარგებლოდ დასრულდა. ახლა, როცა არჩევნებია მოახლოებული, ბრძოლა მწვავე ფაზაში შედის და კლანებიც ძალებს არ ზოგავენ. მაყურებელი კი, ტელევიზიით მსგავსი სანახაობების მომსწრე ხდება“, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

სარქისაშვილების 12-სულიანი ოჯახი მალე კიდევ ერთი წევრით გაიზრდება. აგუგუნდება თუ არა შეშის ღუმელი, რომელიც სარქისაშვილებს პრეზიდენტმა უსახსოვრა, ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ.

ახალი ამბები