კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს კომისარი გაუჩინარებული ოსების კვალს დაადგა

4 დეკემბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებებმა თითქმის დეტალურად აღწერეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში. მათ შორის - სეპარატისტების ლიდერ ედუარდ კოკოითს შორის გამართული მოლაპარაკება... ცხინვალის მედია, უმეტესწილად, პირველ წყაროებზე დაყრდნობით აღწერს დეტალებს.

პირველი კითხვა, რომელიც 30 ნოემბერს თომას ჰამერბერგს ცხინვალში დაუსვეს,  ქართული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო, თითქოს იგი ბლოკ-საგუშაგოზე არ შეუშვეს. თომას ჰამარბერგმა ოს ჟურნალისტებს განუცხადა: „ბლოკ-საგუშაგოსთან მხარეები შევთანხმდით დღის წესრიგზე. შემდეგ დავბრუნდი და როგორც ხედავთ, მე თქვენთან ვარ. არავის შევუჩერებივარ“.

ევროკომისარს ცხინვალში ვიზიტის პირველივე დღეს ალანიის ეპისკოპოსი გიორგი შეხვდა. ეპისკოპოსმა ჰამარბერგს უთხრა, რომ იგი ხშირად ხვდება ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუჩინარებული ოსი ადამიანების მშობლებს, რომლებიც დღეისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ეპისკოპოსმა  ევროსაბჭოს უმაღლეს კომისარს განუცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ოსები დაკავებულები არიან და ქართულ ციხეებში იმყოფებიან. ალანიის ეპისკოპოსს, ასევე, სურდა, ამ საკითხის ირგვლივ თომას ჰამარბერგის აზრი გაეგო.

ოსური ბეჭდური მედიის ცნობით, ჰამარბერგმა აღნიშნულის თაობაზე პირველად შეიტყო და ეპისკოპოსს შესაბამისი ახსნაც მისცა: „მოგეხსენებათ, მე ვმუშაობ სტრასბურგში და საკმაოდ შორს ვარ. ამიტომ ის ინფორმაცია, რომელიც მასმედიით ვრცელდება, ხშირად არ ასახავს რეალობას. მე ვცდილობ, რეალური ინფორმაცია მივიღო და ამიტომ ჩამოვედი აქ. ჩემთვის ნათელია, რომ გვაქვს ორი ვალდებულება. პირველი - უნდა შევამციროთ კონფლიქტური გამოწვევები და მეორე - დავიცვათ ადამიანების უფლებები. მადლობელი ვარ, რომ რაღაცნაირად „ყინული დაიძრა“ და შევძლებთ ბევრი დაპატიმრებული ადამიანის განთავისუფლებას. პირადად მე და ჩვენი ოფისი დაინტერესებულები ვართ ამ ხალხის დახმარებით. პოლიტიკური კუთხით კი ჩვენ აბსოლუტურად თავისუფლები ვართ“.

ეპისკოპოსმა გიორგიმ იმედი გამოთქვა, რომ ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო დამნაშავეები დაისჯებიან. „ჩვენ გვსურს, დაპატიმრებული ადამიანები და მძევლები სწრაფად და უმტკივნეულოდ განთავისუფლდნენ“, - თქვა ალანიის ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსთან შეხვედრისას თომას ჰამარბერგმა პირველად შეიტყო ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული ოსები შეიძლება, ცოცხლებიც აღარ არიან. ჰამარბერგმა ეს ინფორმაცია გაუჩინარებული ადამიანების მშობლებისგანაც მოისმინა.

ჰამარბერგის კომენტარი მინაშვილის განცხადებაზე

ამის შემდეგ თომას ჰამერბერგი ედუარდ კოკოითს შეხვდა. კოკოითთან შეხვედრის დროს ჰამარბერგმა ქართველი პარლამენტარის აკაკი მინაშვილის განცხადებას მიაქცია ყურადღება. აკაკი მინაშვილი თომას ჰამარბერგს უმოქმედობაში და რუსეთის მიმართ ლოიალურობაში ადანაშაულებდა.

„ჩემი მისამართით კრიტიკა, ეს იყო რეაქცია ჩვენი მიუკერძოებელი მუშაობისა და წესიერების მიმართ. მე ორივე მხარის ოჯახების დახმარებით ვარ დაინტერესებული“, - თქვა ჰამარბერგმა.

ოსური მედიის ცნობით, თომას ჰამარბერგმა კოკოითს ტყვეების და მძევლების პირდაპირი გაცვლა-გამოცვლის საკითხზე საუბარი შესთავაზა. ეს წინადადება ედუარდ კოკოითს არ მოსწონებია და უთქვამს: ,,ეს მეთოდი, რომელსაც თქვენ და ქართული მხარე იყენებთ, არაცივილურია და მიეკუთვნება შუასაუკუნეების მეთოდებს. ჩვენ ვართ თანამედროვე და ცივილური ხალხი. როცა საუბარი ეხება ხალხს, და განსაკუთრებით ბავშვებს, არ არის აუცილებელი პიარს და ფარსს მივმართოთ. თუკი ევროსტრუქტურებს ქართველი ბავშვების ბედი აწუხებს, მე მინდა, ვიცოდე იმ ოსი ბავშვების ბედის შესახებ, რომელთა შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი“.

ვიზიტის დროს თომას ჰამარბერგი „სამხრეთ ოსეთში რუსეთის სრულუფლებიან ელჩთანაც“ აწარმოებდა მოლაპარაკებას.

30 ნოემბრის გვიან საღამოს კოკოითმა ჰამარბერგი კვლავ მიიღო. შეხვედრიდან გამოსულმა ევროკომისარმა ადგილობრივ მედიას განუცხადა: „ყველა შეხვედრა ჩემთვის სასარგებლო იყო. მას შემდეგ, რაც გავესაუბრე დაკარგული და გაუჩინარებულ ოსი ეროვნების ოჯახებს და ახლობლებს, უკეთ და სრულად გავერკვიე სიტუაციაში“.
 
ჰამარბერგმა კოკოითს ჩიხიდან გამოსასვლელად ორი ვარიანტი შესთავაზა. პირველი ეს ეხებოდა ცხინვალის ციხეში მყოფ ვინმე არჩვაძეს, რომელიც კოკოითს უნდა გაეთავისუფლებინა, მიუხედავად იმისა, რომ არჩვაძის საკითხი ტირძნისელი მოზარდების საქმეს არ ეხება. მეორე - ეს იყო იგივე კეთილი ჟესტის გამოსახატად ტირძნისელებიდან უშუალოდ ორი ყველაზე ახალგაზრდა მოზარდი გაეთავისუფლებინა. ედუარდ კოკოითმა შეთავაზებული წინადადებებიდან, როგორც ჩანს, მეორე მოიწონა და თქვა, რომ ბავშვების სასამართლო პროცესი ჯერ არ იყო გამართული და მას 2 დეკემბრისთვის ჩანიშნავდნენ.

პავლე ტეხოვი: „სასამართლო 5 წუთში ჩაატარეს, თარჯიმანიც არ მყავდა“

30 ნოემბერს გვიან ჰამარბერგი თბილისში დაბრუნდა იმ პირობით, რომ 2 დეკემბერს იგი ცხინვალს კვლავ ეწვეოდა და სასამართლო პროცესს დაესწრებოდა.

მართლაც, 2 დეკემბრის დილას თომას ჰამარბერგი ადმინისტრაციულ საზღვარზე ხუთი ოსი მოქალაქის თანხლებით მივიდა. დილის 9 საათზე ბლოკ-საგუშაგოსთან ერთმანეთის პირისპირ დადგნენ როგორც ტირძნისელი ბავშვების მშობლები და ახლობლები, ასევე ცხინვალელი მოქალაქეების მშობლები და ახლობლები. ცხინვალის მხარეს მყოფმა ადამიანებმა დაინახეს, რომ მათკენ რამდენიმე თვის წინ დაკარგული პავლე და იაკობ ტეხოვები, ვადიმ ელოევი, იბრაგიმ ლალიევი და ლავრენტი კაზიევი მოდიოდნენ. როგორც კი ისინი ცხინვალის და რუსული მხარის საგუშაგოზე გადმოვიდნენ, მაშინვე გაისმა ოსი ჟურნალისტის ხმა: „სალამ, იბრაგიმ!!!“  ოსური რადიოს ცნობით, დაკარგული ადამიანების და მათი მშობლების შეხვედრა საკმაოდ ამაღელვებელი იყო. „ყველა ტიროდაო“, - გადმოსცემს „ოსრადიო“.

ოსურ პრესასთან ინტერვიუში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ეს 5 ადამიანი ქართულ მხარეს რამდენიმე თვის წინ ჰყავდა დაკავებული. არა და შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი გამუდმებით აცხადებდა, რომ ქართულ მხარეს არც ერთი ოსი ადამიანი ჰყავს დაკავებული.
 
„4 აგვისტოს ეს ოსი ეროვნების ადამიანები ოფიციალურად გაათავისუფლეს. თუმცა არ გადაუციათ ოსური მხარისათვის. პირიქით, ერთ-ერთ სახლში ჰყავდათ გამოკეტილი. მათ მიმართ განხორციელებული ქმედება საკმაოდ უკანონო იყო და შესაბამისად, ოსური მხარის მიერ გამოჩენილი ყურადღება საკმაოდ ბუნებრივია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მათთან საუბარში.

პავლე ტეხოვი იხსნებს იმ ფაქტს, თუ როდის და როგორ დაიჭირეს ქართველმა სამართალდამცავებმა იგი: „მე დამაკავეს დისევთან ახლოს. ბრალი დამდეს, თითქოს ხელყუმბარას ვინახავდი. სასამართლოზე თარჯიმანიც კი არ მყავდა. პროცესი სულ 5 წუთში ჩაატარეს“, - თქვა პავლე ტეხოვმა.

ჰამარბერგის დაპირება

2 დეკემბერს 11:00 საათზე ცხინვალში ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. პროცესი პირველ საათზე დაიწყო და 16:00 საათამდე გაგრძელდა. თომას ჰამარბერგი თბილისში მხოლოდ ორი მოზარდით დაბრუნდა. მას ცხინვალში დაჰპირდნენ, რომ დანარჩენ ორს ათ დღეში გაათავისუფლებდნენ.

ცხინვალის ინფორმაციის და ბეჭდვის კომიტეტი ყურადღებას დანარჩენ სამ ოს ახალგაზრდაზე აკეთებს. კომიტეტის ცნობით, თომას ჰამარბერგი ცხინვალში ასევე ცალკე სამი დაკარგული ახალგაზრდის მშობლებს შეხვდა. ოსი ახალგაზრდები ჯერ კიდევ 2008 წლის 13 ოქტომბერს დაკარგულან. ესენი არიან: 17 წლის ალან ხაჩიროვი; 20 წლის ალან ხუგაევი და 26 წლის სოლთან ფილიევი. ისინი 2008 წლის 13 ოქტომბერს ხელჩუას გზაზე დააკავეს ქართველებმა - ირწმუნება ოსური მედია.  უფრო მეტიც, დაკარგულების ახლობლებმა ის ვიდეო-მასალა გადასცეს თომას ჰამარბერგს, სადაც ჩანს, რომ ეს ადამიანები გაურკვეველი ტიპის ადამიანებმა გააჩერეს და დაკითხვას უწყობდნენ.

თომას ჰამარბერგმა დაკარგულების ახლობლებს უთხრა, რომ გორის პროკურორთან პირადად შეახვედრებდა, რა თქმა უნდა - საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით. თუმცა, დაკარგული ახალგაზრდების ახლობლებმა ევროსაბჭოს დამკვირვებლებს უნდობლობა გამოუცხადეს: „ჩვენ შევხვდით მათ. გადავეცით ყველანაირი ინფორმაცია, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია“.

ალან ხაჩიროვის დედამ ნაირა ფილიევამ თქვა, რომ მას აცნობეს მისი შვილის გორში ყოფნის ამბავი. თუმცა ინფორმაციის წყარო არ დაასახელა მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. თომას ჰამარბერგი დაპირდა, რომ თუკი გასულ წელს დაკარგული ახალგაზრდები გარდაცვლილები არიან, ოსურ ოჯახებს ცხედრების მოძებნაში და გადასვენებაში მაინც დაეხმარება.

ახალი ამბები