კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელიას შვილისა და ძმის პროცესზე პოლიციელები დაკითხეს

7 დეკემბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს კაფე-ბარ „ელზაში“ მომხდარი შეხლა-შემოხლის საქმის განხილვას. ოთხ ბრალდებულთა შორის მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას არასრულწლოვანი შვილი - რატი მილორავა და ძმა - სერგო ბესელიაა. განსასჯელებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შემთხვევა ბათუმში, კაფე-ბარ „ელზაში“, 19 აგვისტოს  მოხდა.

2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაზარალებული პოლიციელები - დათო არველაძე და ავთანდილ თურმანიძე დაიკითხნენ. თითოეულის დაკითხვა 4-4 საათს გაგრძელდა, რის გამოც სხდომა საკმაოდ გვიან - საღამოს 8 საათზე დასრულდა. დაზარალებულმა პოლიციელებმა დარბაზი დაკითხვისთანავე დატოვეს.

თავდაპირველად უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დათო არველაძე დაიკითხა. იგი 1996 წლიდან პოლიციის უწყებაში მუშაობს. თუმცა, სპეციალობით იურისტი არ არის.  განაცხადა, რომ ფაქტების დეტალურად თხრობა შეუძლია. თუმცა, როცა  ადვოკატებმა ზოგიერთი დეტალის დაზუსტება სთხოვეს, კითხვებს წინასწარ დაზეპირებული ფრაზებით პასუხობდა და  პირდაპირ პასუხს თავს არიდებდა.

ადვოკატმა ლილი გელაშვილმა შეამჩნია, როგორ კარნახობდა პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაზარალებულს სიტყვებს. დაცვის მხარემ პროკურორის აცილების საკითხი დააყენა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდეგ ადვოკატებმა პროცესის ვიდეოგადაღება ითხოვეს, მსგავსი ფაქტების დასაფიქსირებლად, მაგრამ  მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარეს სასამართლო პროცესზე მხოლოდ აუდიოჩანაწერის უფლება აქვს.

დაკითხვისას დათო არველაძემ აღიარა, რომ დაკავების დროს ეჭვმიტანილთათვის უფლებები არ განუმარტიათ. პოლიციელმა ვერ ახსნა, რატომ შეადგინეს დაკავების ოქმი პოლიციაში, როცა კანონით ის შემთხვევის ადგილზე უნდა შედგენილიყო. მეორე დაზარალებულმა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ავთანდილ თურმანიძემ ამ დარღვევის გასაბათილებლად მოიმიზეზა, რომ დაკავებულებმა ადგილზე ოქმის შედგენის საშუალება არ მისცეს. უპასუხოდ დარჩა ადვოკატების კითხვა, რატომ არ გამოიყენეს ის დრო, როცა დაკავებულები საპატრულო პოლიციის მანქანაში ჰყავდათ.

ავთანდილ თურმანიძე აღიარებს, რომ შემთხვევის ადგილას სამოქალაქო ფორმით და პოლიციელობის დამამტკიცებელი სხვა ნიშნის გარეშე იმყოფებოდა. მისი ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც დათო არველაძე დაუკავშირდა დახმარებისთვის. თუმცა, თავდაპირველად ამბის მოყოლა იმ მომენტიდან დაიწყო, როცა ინციდენტს შეუერთდა - „ორ ქალს მოჰყავდა კაცი, რომელსაც ლურჯპირსახოციანმა ზურგში ხელი ჩაარტყა“...

რატომ არ დააკავა ლურჯპირსახოციანი, როცა დაინახა, რომ მან მოქალაქეს ზურგში ხელი ჩაარტყა? ამ კითხვაზე პოლიციელმა განაცხადა, რომ საჭიროდ ჩათვალა, სხვა პოლიციელებს დახმარებოდა.

დაზარალებულმა პოლიციელებმა ვერ გაიხსენეს, სერგო ბესელია და რატი მილორავა რომელ მოქალაქეს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.

გაირკვა, რომ ორივე დაზარალებული - დათო არველაძე და ავთანდილ თურმანიძე შემთხვევის ადგილას მართლაც უფორმოდ იმყოფებოდნენ, რაც „პოლიციის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება. მათ აღნიშნული ფაქტი ოპერატიული დავალების შესრულებით ახსნეს. თუ რა ოპერატიული დავალება იყო, ეს სასამართლო პროცესზე არ თქმულა.

განსხვავებული ჩვენებები

წინა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დავით ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს არავინ მიშველებია, ისე განერიდნენ შემთხვევის ადგილს. პოლიციელი დათო არველაძე კი ამბობს: „ისინი მე გამოვიყვანე. კამათის ადგილს გავარიდე. მართალია, ფორმა არ მეცვა, მაგრამ ვუთხარი, რომ პოლიციელი ვიყავი“.

ავთანდილ თურმანიძე აცხადებს, რომ კირვალიძემ დავით ჯაფარიძეს ხელი ჩაარტყა ზურგში, შემდეგ პერანგი შემოახია და დაასისხლიანა. დათო არველაძემ კი განაცხადა, რომ კირვალიძეს ხელი არ დაურტყამს დავით ჯაფარიძისთვის.

დაზარალებულ პოლიციელთა ჩვენებებისგან განსხვავებით, დაზარალებულმა ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ სერგო ბესელია სიტუაციის დამშვიდებას ცდილობდა.

უცნაური გარემოებები

პოლიციაში დაბრუნების შემდეგ, ავთანდილ თურმანიძემ დაზიანებული პერანგი სამუშაო მაგიდის უჯრაში შეინახა.

დაკავებულთა პოლიციაში გადაყვანის შემდეგ, დაზარალებულმა დათო არველაძემ პატაკში არ მიუთითა, რომ დაკავებულებმა პოლიციელ თენგიზ გეგიძისა და მის გარდა, ფიზიკური დაზიანებები (პერანგის შემოხევა, დასისხლიანება, დარტყმა) სხვა კოლეგებსაც  მიაყენეს - ავთანდილ თურმანიძეს და მინდია კირჩხელს.

ავთანდილ თურმანიძემ 20-25 მეტრიდან დაინახა 30-50 ადამიანს შორის „ჩაცუცქული მამაკაცი“, რომელსაც ოთხივე განსასჯელი ურტყამდა.

20 აგვისტოს დაკითხვისას პოლიციელი დათო არველაძე თავს დაზარალებულად არ თვლიდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში, გამომძიებლის ინიციატივით დაკითხვისას კი უეცრად მიხვდა, რომ დაზარალებული ყოფილა.

ახალი ამბები