კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქის მერობა - ქუთაისის აქილევსის ქუსლი

7 დეკემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის თაობაზე განცხადება მან 7 დეკემბერს დაწერა. 

გადამდგარი მერი პრესისთვის კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. თუმცა, ცხადია, მას ძვირად დაუჯდა საქართველოს პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი ქუთაისში. შენიშვნები, რომელიც ნუგზარ შამუგიამ მიხეილ სააკაშვილისგან პირდაპირ ეთერში მიიღო, დაბინძურებულ ქუჩებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახს უკავშირდებოდა.

ოპოზიციურმა სპექტრმა სააკაშვილის გამოსვლა იმთავითვე წინასაარჩევნო პიარაქციად მონათლა და „ნაციონალურ მოძრაობაში“  არსებულ დაპირისპირებებზეც ალაპარაკდა. ისიც ითქვა, რომ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, მიხეილ ჩოგოვაძის კადრი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის კადრმა უნდა შეცვალოს.

ნუგზარ შამუგიას, რომელიც რევოლუციის შემდეგ მეშვიდე მერია, თანამდებობა 2 წელი და 8 თვე ეკავა. რევოლუციის შემდეგ ქუთაისის მერის თანამდებობაზე ამდენ ხანს არც ერთი წინამორბედი არ ყოფილა.

შეიძლება ითქვას, მერი ქუთაისის აქილევსის ქუსლია. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ამას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ქუთაისისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას უკავშირებს.

„არ შეიძლება, ყოველ ორ თვეში იცვლებოდეს ისეთი სერიოზული თანამდებობის პირი, როგორიც ქალაქის მერია. ეს ხომ მთლიანად მერიის აპარატის შეცვლასაც ნიშნავს?! არასერიოზულია, მიდიოდე ქალაქის მერიაში, კონკრეტულ საქმეზე დღეს ერთ თანამდებობის პირს ხვდებოდე და ხვალ მის ადგილზე სხვა გხვდებოდეს... და ეს გრძელდებოდეს უსასრულოდ... ცენტრალურ ხელისუფლებას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ სანამ ასეთი დამოკიდებულებაა, ამ ქალაქში ვერაფერი გაკეთდება. ფაქტია, ქუთაისს ნაკლებად სერიოზულ ქალაქად თვლიან. აბა, რაც აქ ხდება, სხვაგან, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, - ამბობს ქუთაისელი გიორგი ჩიხლაძე.

ადგილობრივი ოპოზიციონერები ნუგზარ შამუგიას გადადგომას ბოლო დროს ხშირად წინასწარმეტყველებდნენ. უკვე ყოფილ მერს ქალაქში გასაკეთებელი (უფრო სწორად, გაუკეთებელი) ბევრად მეტი რჩება, ვიდრე გაკეთებული.

„ქუთაისის ბიუჯეტში არსებობს ე.წ. ხელშეუხებელი მუხლები, რომლებიც  ადგილობრივი ჩინოვნიკების კომფორტსა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. სეკვესტრი კი, რომელსაც ქალაქის ხელისუფლება ახორციელებს, მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებს აზარალებს. უკვე სამი თვეა, შეჩერებულია „მატერიალური დახმარების პროგრამა“. ასევე, არ დაწყებულა ე.წ. „კორპუსის“ პროგრამა, რომელიც 223 მრავალბინიანი მაღლივი კორპუსის გადახურვასა და რესტავრაციას გულისხმობს. ეს კი, ნიშნავს, რომ წლევანდელ ზამთარს მრავალათასიანი მოსახლეობა პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ რჩება. პასუხისმგებლობა კი, ქალაქის მერიას და საკრებულოს ეკისრება“, - ამ განცხადებით რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ქალაქის მერიას სულ რამდენიმე კვირის წინ დაუპირისპირდნენ.

მათი აზრით, ქუთაისის 2009 წლის ბიუჯეტში, რომელიც 45 მილიონ ლარს შეადგენს, მოსახლეობის ინტერესები ნაკლებადაა გათვალისწინებული.

ვის მოუწევს მომავალში ქუთაისელთა ინტერესების გათვალისწინება და რამდენად გულისხმიერად მოეკიდება ამ საქმეს შამუგიას შემცვლელი, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ახალი ამბები