კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უდოს“კომისია დეკემბერში 200-მდე პატიმრის გათავისუფლებას გეგმავს

7 დეკემბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას ჯერ კიდევ რუსული აბრევიატურით მოიხსენიებენ - „უდო“. ცოტა ხნის წინ კომისიამ 127 მსჯავრდებულის შუამდგომლობიდან 15 დააკმაყოფილა და მათი გათავისუფლების რეკომენდაციით სასამართლოს მიმართა. აქედან 2 მსჯავრდებული რეაბილიტაციისათვის საპატრიარქოსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეკლესია-მონასტრებში გაიგზავნება.

უდოს კომისიაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამიანისტროს 6, პარლამენტის 2 და არასამთავრობო სექტორის ერთი წარმომადგენელი შედის. საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიაში გია არსენიშვილია, უმცირესობიდან - დიმიტრი ლორთქიფანიძე, არასამთავრობო სექტორიდან კი - ნინო მესტუმრიშვილი, რომელიც ,,საქართველოს ახალგაზრდა ორგანიზაციათა ნაციონალურ საბჭოს“ წარმოადგენს.

როტაციის წესით არჩეული კომისიის წევრები 3 თვეში ერთხელ იცვლებიან.  არსენიშვილი, ლორთქიფანიძე და მესტუმრიშვილი წევრებად სექტემბრის ბოლოს დაინიშნენ. მათი შემცვლელები საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ, ასევე არასამთავრობო სექტორმა წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, კომისიის მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობაშიც გამოიხატება. 3 თვის განმავლობაში 58 პატიმარი გათავისუფლდა, აქედან წინა თვეს - 25.

„რეალურად შესაძლებელია, დეკემბერში ის პატიმრებიც გათავისუფლდნენ, რომელთაც ამნისტია შეეხოთ,  260 მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. "უდოს" კომისია მათ საქმეს სასამართლოს გადაუგზავნის. მინიმუმ ორასი ადამიანის გათავისუფლება იგეგმება“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ამავე დროს, „უდოს კომისიის“ მუშაობაში გარდამავალი პერიოდია. 2010 წლის იანვრიდან იგეგმება როგორც მიდგომების შეცვლა, ასევე განხილვის პროცესში ადვოკატის ჩართვაც.

დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივით, კომისიის სხდომები შეიძლება, გასვლითიც იყოს. კერძოდ, მისი თქმით, კომისიის სხდომები უნდა ტარდებოდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემის მომენტში პირადად უნდა ესაუბრებოდეს, ვისაც ეს აქტი ეხება.

კომისიის წევრების თქმით, გამჭვირვალეობის კუთხით ბევრი რამ შეიცვალა. კომისიის მუშაობით დაინტერესებული მოქალაქისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია, როგორც განსახილველ საქმეებთან, ისე განხილვის შედეგებთან დაკავშირებით.

კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციიდან  ნინო მესტუმრიშვილი ამბობს, რომ ძალიან რთულია მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით 127-დან ისეთი პატიმრის ამორჩევა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, მაგრამ კომისია გუნდურად მუშაობდა და წევრები სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდნენ.

„პატიმრის დახასიათებების, საჯელის მიზნის, დანაშაულის სიმძიმის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით სასამართლოს განსახილველად 15 პატიმრის რეკომენდაცია გადაეცა“, - ამბობს ნინო მესტუმრიშვილი.

„უდოს“ კომისია, სავალდებულო წესით,  ყოველი თვის 29, 30 ან 31 რიცხვში იკრიბება.

ახალი ამბები