კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე საქმის გამოძიებას ამაოდ ითხოვს

10 დეკემბერი, 2009
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, როგორც  საყრდენი ბურჯი ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. დეკლარაცია წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აღიარებას, რომ ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ხელმისაწვდომია ყველგან, ყველასთვის. ზუსტად 61 წლის შემდეგ, ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია და აღნიშნულ თარიღს მთელ რიგ ღონისძიებებს უძღვნის, ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

ზვიად ხუჯაძე რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტია. იგი დღემდე უშედეგოდ ითხოვს საქმის გამოძიებას, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, გიზო თავაძის მხრიდან მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ადგილობრივი ჩინოვნიკის „განაწყენება“ რადიოს პირდაპირ ეთერში შემოსული მსმენელის ზარმა გამოიწვია. კონფლიქტი, რომელიც რადიოგადაცემაში დაიწყო, მოგვიანებით წყალტუბოს გზატკეცილზე, ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. პატრულის მიერ აღიძრა საქმე, რომელიც თითქმის ექვსი თვეა, არ დასრულებულა. ჟურნალისტი მომხდარზე სამართალდამცველთა რეაგირებას მოითხოვს.

 „ვინაიდან კონფლიქტი ქუთაისში დაიწყო, საქმე წყალტუბოს საგამოძიებოდან ქუთაისის პროკურატურას გადაეცა, საიდანაც რაიმენაირი პასუხი მე ამ დრომდე არ მიმიღია. არაერთხელ მივმართე როგორც ქალაქის, ისე მხარის და იქამდე, გენერალურ პროკურატურასაც, მაგრამ - ამაოდ. საქმე დღემდე არც დახურულია და არც წინაა წასული. ფაქტია, დღეს ამ საქმეზე არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“, - ამბობს ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე.

ჟურნალისტმა არაერთი განცხადება გაავრცელა  და სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა. ჯერ ზეპირი, ხოლო მოგვიანებით წერილობითი მიმართვის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე რეაგირება სამხარეო, ხოლო ამ უკანასკნელმა ქალაქის პროკურატურას დაავალა, თუმცა - უშედეგოდ.

„ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კარგი მაგალითი მოიყვანა, როცა ლევან ყუბანეიშვილის ფაქტი ახსენა. ყველას ახსოვს, როგორ დამთავრდა ამბავი, რომელიც ყუბანეიშვილის მიმართ გაგზავნილ ელექტრონული მუქარის წერილს მოჰყვა. პირს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან ფაქტი ტელევიზიის დირექტორზე ზეწოლით დაკვალიფიცირდა. მე ამ კაცმა მანქანაში ჩამსვა, ქალაქიდან გამიყვანა, შეურაცხყოფა მომაყენა და თურმე, ეს საკმარისი არ არის საქმის აღძვრისათვის“, - ამბობს ჟურნალისტი.

იურისტთა განმარტებით,  ფაქტი იმთავითვე თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე მეტყველებს, რაც საკმარისი მიზეზია საქმე აღძვრისათვის.

„ექვსი თვეა, გამოძიება დაწყებულია და დაზარალებულს დღემდე არანაირი ინფორმაცია არა აქვს, რა სტადიაზეა მოკვლევა: რა დასკვნა გამოიტანა ექსპერტიზამ, ჰქონდა თუ არა დანაშაულის ფაქტს ადგილი და ა. შ. ფაქტია, რადგან თანამდებობის პირთან გვაქვს საქმე, გამოძიება თავს იკავებს რიგი ქმედებებისგან და ადგილი აქვს მიკერძოებას. სხვას რას უნდა მივაწეროთ, რომ ამ დრომდე ეჭვმიტანილადაც კი, არავინაა ცნობილი?! აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი: არანაირი ექსპერტიზა საქმეზე არ ჩატარებულა. ცემის კვალი, ბუნებრივია, აღარ არსებობს. არ არსებობს, აგრეთვე, არანაირი დასკვნა და ა.შ. ასე რომ, საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ საქმე შეწყდეს. გამორიცხული არ არის, ერთ მშვენიერ დღეს საქმე საერთოდ დაიხუროს“, - ამბობს იურისტი ნანა ჩაფიძე.

თანამდებობის პირის მიერ ჟურნალისტზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, შესაძლოა, მალე სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს. ზვიად ხუჯაძე ამბობს, რომ პროკურატურის პასუხს კიდევ რამდენიმე დღე დაელოდება.

ახალი ამბები