კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებაში დამოუკიდებელი, ხარისხიანი მედიის მოლოდინი ძალიან დიდია, ამჟამინდელი მედია-სივრცის შეფასება კი - დაბალი

11 დეკემბერი, 2009

10 დეკემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში მედიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებით, მიუხედავად იმისა, რომ „პრესის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ამ სფეროში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი.

როგორც პრეზენტაციაზე კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრის დირექტორმა კობა თურმანიძემ აღნიშნა, ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ საქართველოში კვლავ ტელევიზია რჩება. ამასთან, მომხმარებლები აცნობიერებენ, რომ სატელევიზიო ახალი ამბები პოტენციურად მიკერძოებულია, გამოსავალი კი, მათი აზრით, სხვადასხვა არხის ყურება და განსხვავებული პოზიციების შეჯერებაა. თუმცა, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გაცილებით რთულია იმ ტელეარხების ყურება, რომელთაც ცენტრალური ტელევიზიებისგან განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ.

კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველების უმრავლესობა სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარ ცენზურას ეწინააღმდეგება და საზოგადოებაში უფრო პროფესიული, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიასივრცის დამკვიდრების სურვილი არსებობს. ამასთან, მოქალაქეთა აზრით, მედიაში ყველაზე ინტენსიურად პოლიტიკური ამბები შუქდება, ხალხს კი სურს, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალურ, ადამიანის უფლებათა და სიტყვის თავისუფლების საკითხებს.

არხებს შორის ყველაზე პოპულარული „რუსთავი 2“-ია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. თუმცა, მოსახლეობის დამოკიდებულება ამ არხისადმი არაერთგვაროვანია. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა 59% ნაწილობრივ ენდობა „რუსთავი 2“-ის ახალ ამბებს, ამავდროულად, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ იგი მთავრობის ინტერესებს გამოხატავს. „რუსთავი 2“ არ გვთავაზობს ობიექტურ ინფორმაციას, მაგრამ ოპერატიულია“, - ასეთია მაყურებლების განწყობა.

რაც შეეხება ჟურნალისტების დახასიათებას, როგორც კვლევამ აჩვენა, მაყურებლები ყველაზე მეტად მათ ჭკუას (59%), გამბედაობას (34%), სწორი კითხვების დასმის (19%) და ფაქტების გასაგებად გადმოცემის (18%) უნარს აფასებენ. ცუდი მეტყველება და პროვოკაციული ქცევა მიჩნეულა ორ ყველაზე არაპოპულარულ თვისებად ჟურნალისტებისათვის.

გამოკითხულთა 49%-ს მიაჩნია, რომ ჟურნალისტები მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან. კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობისა (83%) და მედიის მფლობელების (79%) ინტერესები უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტელეჟურნალისტების მიერ რეპორტაჟების მომზადებაზე, ვიდრე მათი საკუთარი შეხედულებები (49%). ამასთან, რესპონდენტთა აზრით, ხარისხიანი ჟურნალისტიკის განვითარებას ხელს უშლის მდგრადი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სუსტი ინსტიტუციური ბაზა. მეორე საკითხია, რომ ჟურნალისტებს არა აქვთ თავისუფალი სიტყვის ბაზა, ვინაიდან არ არსებობს ნეიტრალური მედია.

რესპონდენტები დიდ ინტერესს გამოხატავენ  საგამოძიებო ჟურნალისტიკისადმი. რესპონდენტების 75%-ზე მეტის აზრით, ჟურნალისტებმა ჯანდაცვის, სასამართლოს, არჩევნების, სიტყვის თავისუფლების დაცვისა და პოლიტიკოსებსა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობის გამოძიება უნდა აწარმოონ.

საბოლოო დასკვნა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ და კავკასიის კვლევითმა ცენტრმა გამოიტანეს, ასეთია - საზოგადოებაში დამოუკიდებელი, ხარისხიანი მედიის მოლოდინი და მზაობა ძალიან დიდია, ამჟამინდელი მედია-სივრცის შეფასება კი - დაბალი.

როგორც პრეზენტაციაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს,  მსგავსი კვლევები კიდევ ჩატარდება. მომდევნო კვლევების ამოცანა იქნება, საზოგადოებას მედია-სივრცეში მომხდარი ცვლილებები დაანახოს. ქართული მედიის სიღრმისეული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის (CRRC) ფარგლებში განხორციელდა და ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები