კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რას შეეწირა ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - ჩინოვნიკების თვითნებობას თუ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნას?

14 დეკემბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ მეარყიშვილი აცხადებს, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა პოლიტიკური ნიშნით დევნის. ამის თაობაზე მან წერილობითი განაცხადი გაუგზავნა როგორც საქართველოს ხელისუფლების ყველა შესაბამის სტრუქტურას - შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ინტეგრაციის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროებს, ასევე სახალხო დამცველს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, კერძოდ - მის ხელმძღვანელს, პერ ეკლუნდს.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა, როგორც სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებებამ, ლიკვიდაცია განიცადა. თამარ მეარყიშვილს დაავალეს, მომხდარიყო ამ ორგანიზაციის ხელახალი რეგისტრაცია. მეარყიშვილი ამბობს, რომ ამ ორგანიზაციაში ძირითადად ხალხი დაასაქმეს, რეალურად კი არაფერი გაუკეთებიათ.

თამარ მეარყიშვილმა პრობლემის არსი დაწვრილებით გვიამბო: „სახლმა ხელახალი რეგისტრაცია 2009 წლის 25 სექტემბერს გორის საგადასახახდო ინსპექციაში გაიარა. წესდება კი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა ნოტარიუს მარიამ კობალაძესთან ერთად. საკრებულო წეროვანშია განთავსებული. 9 ოქტომბერს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით მომიწია მისვლა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომელიც წეროვანის დასახლებაშია. ადგილზე გამგებელი ზურაბ ფიცხელაური არ დამხვდა. მიმიღო მისმა მოადგილემ, ვალოდია შერმადინმა. შერმადინმა მაცნობა, რომ მოსწავლე-ახალგაზროდბის სახლის რეგისტრაციის ადგილად ახალგორის მინიშნების გამო, გამგეობას საყვედური მიუღია. არ ვიცი, საიდან მიიღო ეს საყვედური გამგეობამ, მაგრამ ვალოდია შერმადინმა მაჩვენა კანონი „ოკუპაციის შესახებ“ და მიმითითა მე-6 მუხლი. მე ეს განმარტება არასწორად და არასაკმარისად მივიჩნიე და მოვითხოვე ის დოკუმენტი, რითაც დამტკიცდებოდა, რომ ამ კანონის დარღვევის გამო, გამგეობამ საყვედური მიიღო“.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ახალგორის გამგეობამ თამარ მეარყიშვილს ვერავითარი დოკუმენტი ვერ წარუდგინა. ვალოდია შერმადინმა კი, როგორც თამარ მეარყიშვილი ამბობს, მას უთხრა, რომ დირექტორად მისი დანიშვნა შეცდომა იყო.

,,თითქოს ჩემი დანიშვნა, წესით, უნდა მომხდარიყო სამი თვის გამოსაცდელი ვადით, რის შემდეგაც გამოცხადდებოდა კონკურსი დირექტორის თანამდებობაზე. შერმადინმა მითხრა, რომ იგი ლაპარაკობდა გამგებელ ზურაბ ფიცხელაურის დავალებით“, - ამბობს თამარ მეარყიშვილი.

როგორც გავარკვიეთ, თამარ მეარყიშვილი იმავე დღეს შეხვდა გამგებელ ზურაბ ფიცხელაურს. ფიცხელაურმა მას განუცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა შეეცვალათ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის იურიუდიული მისამართი, ანუ ახალგორის ნაცვლად უნდა ყოფილიყო წეროვანი.

,,გარდა ამისა, ფიცხელაურმა მითხრა, რომ თანამშრომლები მას უნდა შეერჩია - უახლოეს ერთ წელიწადში ახალგორში ქართული იურისდიქცია აღდგება და იქ ჩემი ხალხი მჭირდებაო. მან ასევე მითხრა, რომ თუკი ახალგორში ვინმე სამუშაოდ დარჩებოდა, იანვრიდან ხელფასებს აღარ აიღებდა. ამ შემთხვევაში ხელფასების შეწყვეტა საბავშვო ბაღებს დაემუქრა, რომლებიც დღესაც განაგრძობენ იქ მუშაობას. მართალია, მცირე კონტიგენტით, მაგრამ მაინც განაგრძობენ“, - ამბობს თამარ მეარყიშვილი.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა თამარ მეარყიშვილს წერილობით (წერილი #3977) აცნობა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ახალგორში რეგისტრაცია ეწინააღმდეგება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, კანონი უთითებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იკრძალება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა (სამეწარმეო ან არასამეწარმეო), მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კონპენსაციის მისაღებად, თუკი ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში“.

თამარ მეარყიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მოსწავლე-ახალგაზრობის სახლი ეწეოდა რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას.

იურისტების აზრით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, განიმარტოს, რას ნიშნავს ეკონომიკური საქმინობა. თამარ მეარყიშვილმა იურიდიული ტერმინების გასარკვევად ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა. იურისტებმა მას უთხრეს, რომ ამ ტერმინის განმარტებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არ იძლევა. შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს საგადასახდო კოდექსი, რომლის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, ,,ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კონპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა“.

თამარ მეარყიშვილის აზრით, არაკომერციული იურიდიული პირი ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ცალსახად ჩანს ორგანიზაციის წესდებაში, რომელიც ახალგორის საკრებულომ დაამტკიცა.

,,არანაირ სხვა საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე არ ეწევა. არც ერთი ბავშვისთვის იქ სწავლა ფასიანი არ არის და არც ერთი მასწავლებელი, ხელფასის გარდა, არანაირ სხვა ანაზღაურებას, შემოსავალს ან კონპენსაციას არ იღებს“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მესამე თვეა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ხელფასებს აღარ იღებს.  მის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაუკავშირდა მცხეთა-მთიანის სამხარეო ადმინისტრაციას შეკითხვით - რა რეაგირება მოახდინეს თამარ მეარყიშვილის განცხადებაზე. ადმინისტრაციის სპეციალისტის, ლალი ხუბერაშვილის თქმით, თამარ მეარყიშვილის განცხადება განსახილველად გადაგზავნილია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საიდანაც პასუხი ჯერ არ მიუღიათ. როგორც გავარკვიეთ, თამარ მეარყიშვილმა პრეზიდენტის რწმუნებულ ცეზარ ჩოჩელის სახელზე განცხადება მე-10 თვეს (ოქტომბერში) შეიტანა. განცხადების შეტანიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა დ არც განცხადების ავტორს და არც გუბერნატორს გამგებლისგან პასუხი არ მიუღია.

მცხეთა-მთიანის სამხარეო ადმინისტრაციის პრესცენტრმა დაგვაკავშირა ახალგორის გამგებელთან, ზურაბ ფიცხელაურთან. ზურაბ ფიცხელაურის თქმით, თამარ მეარყიშვილი არასწორ განცხადებებს აკეთებს: „მე ვუთხარი, რომ „ოკუპაციის შესახებ“ კანონით, არ შეიძლებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულიყო ისეთი დაწესებულება, როგორიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. ეს ორგანიზაცია საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციის კონტროლი. ახალგორში ჩვენ ვერ შევდივართ. ამიტომ შეუძლებელია მოსწავლე-ახალგაზრობის სასახლეს კონტროლი და ზედამხედველობა გავუწიოთ. ხელფასებიც იმიტომ ვერ გავეცით, რომ თვითონ არ მოდის გამგეობაში თავისი საბუთებით. ამას ქმნის ხელოვნურად, რათა აჟიოტაჟი ატეხოს“.

ახალი ამბები