კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციას არა აქვს უფლება, დამალოს ინფორმაცია ოსი პატიმრების შესახებ

14 დეკემბერი, 2009

მარი ოთარაშვილი

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომამდელ და ომის შემდეგდროინდელ ოს ტყვეებზე გამუდმებით საუბრობს და ქართული მხარისგან მათ დაბრუნებას ითხოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების არსებობას საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ციხეებში. შსს-ს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ეთნიკურად ოსი პატიმრები, რომლებიც ქართულმა პოლიციამ დააკავა, კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ბრალდებულები. ნაწილს მსჯავრიც დაედო. თუმცა, მოულოდნელად გაირკვა, რომ საქმე მთლად ასე არ არის. ტირძნისიდან გატაცებული 2 მოზარდის სანაცვლოდ 5 ოსი პატიმრის გათავისუფლებით, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ ქართულ ციხეებში მართლაც არსებობენ უკანონოდ დაპატიმრებული ოსი მოქალაქეები.

ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა პატიმარმა, პავლე ტეხოვმა ცხინვალის მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა, რომ პირადად მან საკუთარი თვალით ნახა კიდევ 11 ოსი პატიმარი, როცა მათთან ერთად „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიყვანეს.

როგორც გაირკვა, 2 დეკემბერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის ჩარევით გათავისუფლებული ოსი მოქალაქეები - იბრაგიმ ლალიევი (დაბადებული 1974 წელს), ლავრენტი კაზიევი (დაბადებული 1974 წელს), იაკობ ტეხოვი (დაბადებული 1941 წელს), პავლიკ ტეხოვი (დაბადებული 1958 წელს) და ვლადიმერ ელოევი (დაბადებული 1978 წელს) თვეების განმავლობაში მართლაც უკანონოდ იმყოფებოდნენ გორის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ისინი სასამართლომ 4 აგვისტოს გაათავისუფლა, მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიციამ საპატიმროში შეაბრუნა და დიდხანს საიდუმლოდ მალავდა. 4 აგვისტოდან 2 დეკემბრამდე ეს ადამიანები დაკარგულად (უკეთ - გამქრალად, აორთქლებულად) ითვლებოდნენ. 2 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი კატეგორიულად უარყოფდა ამ ტყვეების არსებობას ქართულ ციხეებში.          

უცნაურია, მაგრამ შსს-ს ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ფაქტობრივად, თავიდანვე აღიარებდა ოსი ტყვეების არსებობას, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი, ვლადიმერ ჯუღელი გახლდათ. იგი დღესაც ადასტურებს, რომ მას რამდენიმე ოსი მოქალაქე ჰყავს დაპატიმრებული, მათ შორის - ისინი, ვის გადაცემასაც ცხინვალის რეჟიმი გამუდმებით მოითხოვს. თუმცა, ჯუღელს კონკრეტული ინფორმაციის გაცემა არ სურს და არ ასახელებს, კერძოდ, რომელი მოქალაქეები არიან საპატიმროებში. ჯუღელს მიაჩნია, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების საკითხი უფრო მაღალ დონეზე უნდა გადაწყდეს.

ვლადიმერ ჯუღელი, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი: „ოსები ვისაც ეძებენ, მათგან ზოგი დაკავებული გვყვავს, ზოგი არ ჩანს, რადგან ომის დროს დაიკარგნენ. ომის დროს დაკარგულები ჩვენ რატომ უნდა გვყვავდეს, ვერ გამიგია?! მასე ჩვენც დავკარგეთ ომის დროს ხალხი, ვითხოვთ და არ გვაძლევენ... რაზეა საუბარი, ვერ ვხვდები?! ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ჩვენი ოფიციალური პირები დამავალებენ ამ პატიმრების გაცვლას, დავალებას შევასრულებ. რას დამავალებენ, ჯერ არ ვიცი. გასაგებია, რომ ოსები გაცვლას ითხოვენ, მაგრამ ასე გაცვლა არ შეიძლება. კრიმინალების გაცვლა როგორ შეიძლება?! დაჭერილებიდან ზუსტად არ ვიცი, რა გვარები გვიწერია. გვყვავს რამდენიმე დაკავებული. რამდენი გვყვავს, ამასაც ვერ გეტყვით. ეს ისეთი ინფორმაციაა, რომლის გაცემა მე არ შემიძლია“.

 ჯუღელი იმასაც ამბობს, რომ მას ვინც ჰყავს დაკავებული, ყველას გვარი იცის. მისივე თქმით, დაკარგული ვინც არის, მათი გვარები პოლიციას ცალკე აქვს:
„ვინც დაკარგულია, ვეძებთ და მათი გვარები ცალკე მაქვს. თვითონ ოსებმაც მშვენივრად იციან, ვინ არის ცოცხალი და ვინ დაკარგული. ვინ მყავს დაკავებული და ვინ არის დაკარგული, მათი გვარები კი ვიცი, მაგრამ ნუ დამაკონკრეტებინებთ. არ შემიძლია ამ გვარების დაკონკრეტება“, – აცხადებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი 

რამდენად კანონიერია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხარეო პოლიციის სამმართველოს მხრიდან პატიმრების თაობაზე ინფორმაციის გასაიდუმლოება? საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაპატიმრებული ადამიანების შესახებ მონაცემები უნდა იყოს თუ არა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი?

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი  ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს. მსგავსი ინფორმაციის გასაიდუმლოებით უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები: „საერთოდ, თუკი საქმეს არ ადევს გრიფი - „საიდუმლო“, ამ საქმის დეტალების გახმოვანება პოლიციელს შეუძლია. ხოლო დაკავებულების შესახებ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც  ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როცა საქმე გრიფით „საიდუმლოა“. არ შეიძლება, საიდუმლო იყოს პატიმრების ვინაობა და მათი მდგომარეობა საპატიმროებში. ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, პოლიციას არათუ შეუძლია, არამედ ვალდებულია, დაასახელოს დაპატიმრებულთა ვინაობა“. 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შსს-სა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მხრიდან ასეთი ტიპის ინფორმაციის დამალვა არაკანონიერი და უმართებულოა. ამავე დროს, ეს იწვევს სერიოზულ გართულებებს კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანების გატაცებების აღკვეთის გზაზე.

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი: „რა თქმა უნდა, ეს არ არის სამხედრო საიდუმლო და პოლიციის წარმომადგებლები ვალდებულნი არიან, ნებისმიერ მსურველს მიაწოდონ ცნობა ოსი პატიმრების შესახებ. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ მხარეს დიდი ხნის მანძილზე ჰყავდა ოსი ტყვეები უკანონო პატიმრობაში, საფიქრებელია, რომ სხვა ტყვეებთან დაკავშირებითაც ისინი ასეთ ინფორმაციას ახლაც მალავენ. ასეთი ეჭვები ლოგიკური და საფუძვლიანია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რაც 2 დეკემბერს მოხდა - ჰამარბერგმა ცხინვალში ჩაიყვანა ოსი მოქალაქეები, რომელთა დაჭერასაც ქართული მხარე უარყოფდა.

სამოქალაქო საზოგადოებას და საერთოდ, ყველა დაინტერესებულ პირს, აქვს უფლება, მოსთხოვოს ხელისუფლებას პირდაპირ - ჰყავს თუ არა გადამალული ვინმე და ამ კითხვაზე უნდა გასცენ კონკრეტული პასუხი. ეს პასუხი არ უნდა იყოს ზედაპირული და ზერელე. უნდა დააკონკრეტონ, რამდენი ჰყავთ გადამალული, უნდა წარმოადგინოს გვარები და დეტალები - როდის აიყვანეს ისინი პატიმრობაში, რა ვითარებაში, რა მიზეზით და ა. შ.“.

ქართულ ციხეებში უკანონო პატიმრების (ფაქტობრივად - მძევლების) არსებობის დადასტურებით საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციას და იმიჯს სერიოზული ზიანი მიადგა საერთაშორისო საზოგადოების თვალში. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაზე უკვე დაიწყო საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ზეწოლა. ამაზე მეტყველებს, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეარხებით გადაცემული ტენდენციური სიუჟეტები, რომელთა საშუალებითაც ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქართველ უფლებადამცველებს გადააბაროს.
  
„საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ გამოეხმაურა. ამ განცხადებების გაცნობა შეგიძლიათ ჩვენს საიტზეც:

http://www.humanrights.ge/index.php?a=urgent&id=125&lang=ge

http://www.humanrights.ge/index.php?a=urgent&id=124&lang=ge

ახალი ამბები