00:17, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გატაცებული ოსი მოზარდები აწამეს

23.12.2009
არსებობს წამების დამადასტურებელი ვიდეორგოლი, მაგრამ ვინ არიან მოძალადეები, ჯერ გამოძიებული არ არის
 
 ალან ხაჩიროვი
მარი ოთარაშვილი


ალან ხუგაევის, ალან ხაჩიროვისა და სოლტან პლიევის ბედი დღემდე გაურკვეველია. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მათ გაუჩინარებას ქართულ ძალოვან სტრუქტურებს აბრალებს და ამის დამადასტურებელი არც თუ ისე უსაფუძვლო დოკუმენტებიც აქვს - ქართულ ციხეში 500 დოლარად ნაყიდი ვიდეოჩანაწერი და ფოტოფირი.

ხუაგევის, ხაჩიროვისა და პლიევის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს. თუმცა, საქმე გამოძიებული არ არის, რაც დე-ფაქტო ხელისუფლების ეჭვებს აძლიერებს. ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვის განცხადებით, ასევე კონფლიქტოლოგ ზაქარეიშვილის ვარაუდით, დიდი შანსია, რომ ხუგაევი, ხაჩიროვი და პლიევი ცოცხლები აღარც იყვნენ.

ალან ხაჩიროვი  (დაბადებული 1992 წელს), ალან ხუგაევი (დაბადებული 1989 წელს), სოლტან პლიევი (დაბადებული 1983 წელს), 2008 წლის 13 ოქტომბერს დაიკარგნენ - აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ.

13 ოტომბერს მოზარდები ერთმანეთს ცხინვალის სკოლასთან შეხვდნენ. ყველაზე უმცროსს, ალან ხუგაევს, უთქვამს, რომ თავისი „ჟიგულით“ პაპასთან აპირებდა წასვლას სოფელ ბიკარში პროდუქტების მისატანად. ეს სამი ბიჭი დიდი ხანია, მეგობრობდნენ და ყველაგან ერთად დადიოდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, ალანის პაპასთან ერთად წასულიყვნენ. მას შემდეგ ისინი არავის უნახავს. დე-ფაქტო ხელისუფლების მილიციის გამოძიებით, მოზარდებმა გზის ნახევრის გავლაც კი ვერ მოახერხეს. მათ თავს დაესხნენ ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები იმ დროს, როცა ბიჭები სოფელ დისევში შედიოდნენ. პოლიციამ მანქანა გააჩერა, ბიჭები გადმოიყვანა და წაიყვანა სადღაც.   

„ადამიანი ნემსი არ არის, რომ მისი დაკარგვა არ შეამჩნიო. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთი საზღვართან მცხოვრები ადამიანები უგზო-უკვლოდ ხშირად იკარგებიან“, – ამბობს ერთ-ერთი დაკარგულის, ალან ხაჩიროვის დედა, ვენერა ხაჩიროვა. მისივე თქმით, ალან ხუგაევის, ალან ხაჩიროვისა და სოლტან პლიევის გაუჩინარებას მათი გატაცებით ხსნიან და შესაძლოა, არც ცდებიან. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მოწმობს ის ვიდეო და ფოტო მასალები, რომლებიც დაკარგულების ნათესავებმა მოიპოვეს.

ალან ხაჩიროვის დედას ქართული ციხეებიდან მისცეს ფოტოფირი, რომელზეც მისი შვილი მეგობრებთან ერთად არის აღბეჭდილი. მანვე მოიპოვა ის ვიდეორგოლი, რომელზეც ოსი მოზარდების ცემა-წამების დეტალებია დაფიქსირებული. თუმცა, ვინ გადასცა ეს ნივთმტკიცება, სახელსა და გვარს ვენერა ხაჩიროვა არ აკონკრეტებს. მას ეშინია, საკუთარი შვილის გამოსახულებით თუნდაც ასეთი საზარელი კადრების მომცველი ფოტოფირი არ დაკარგოს. დაკარგულის დედა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ნათესავებმა როგორღაც გამონახეს არაოფიციალური პირები, რომლებიც ხუგაევის, ხაჩიროვისა და პლიევის დაკითხვის სცენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს ყიდდნენ. ამ ჩანაწერის საფასური 500 დოლარი ყოფილა. სწორედ 500 დოლარად შეძლო საშინელების ნახვა: როგორ იწყება კადრი ალან ხაჩიროვისა და მისი მეგობრების ქართულ ენაზე დაკითხვა და როგორ მთავრდება ცემით.   

ვენერა ხაჩიროვის ინფორმაციით, გაუჩინარებული მოზარდები თბილისში ჰყავთ დაკავებული. მათი სასამართლო განაჩენები ერთმანეთს ცვლიდნენ, მაგრამ ამაზე მას ლაპარაკი არ სურს. თუმცა, რუს კორესპონდენტთან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მათ გამოსახსნელად საჭიროა ფული, წინააღდეგ შემთხვევაში, მოზარდები შესაძლებელია, მოკლან კიდეც.

დღეს ოსი მოზარდების არათუ თანხით გამოხსნაზეა საუბარი, ქართული სამართალდამცველები მათ დაკავებას საერთოდ უარყოფენ. 

აღსანიშნავია, რომ ალან ხაჩიროვის მამა, იური ხაჩიროვი ჯერ კიდევ 2006 წელს ქართველებმა პირდაპირ მინდვრიდან გაიტაცეს. სასამართლოზე იური ხაჩიროვს, რომელიც ძველი შარვლით მინდორში თიბავდა, იარაღის უკანონო შენახვისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღესდღეობით ის სასჯელს კვლავ ციხეში იხდის.

ალან ხაჩიროვს ევროპის მასშტაბით ჩატარებულ ახალგაზრდათა სპორტულ ორთაბრძოლებში 120 კილოგრამის წონით კატეგორიაში პირველობა აქვს მოპოვებული. ეს ორთაბრძოლა კი თბილისში ჩატარდა. მან ქართველ გიორგი საკანდელიძეს მოუგო.

კოკოითის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებაში, ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ მაშინ, როცა რუსეთის არმიამ დატოვა ქალაქი გორი, ქართველმა ძალოვნებმა მასობრივად დაიწყეს იმ ოსი მოქალაქეების გატაცება, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ცხოვრობდნენ.

„მათ შორის დააკავეს 3 ბიჭი: ალან ხუგაევი, ალან ხაჩიროვი და სოლტან პლიევი. ერთ-ერთი მათგანი 16 წლისაა. ქართული მხარე ყველა დონეზე გამორიცხავს მათ დაკავებას, უფრო მეტიც - მათ ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი ჩვენთვის ითვლებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად. ჟენევის კონფერენციების უკანასკნელი შეხვედრების ყველა მონაწილეს (მათ შორის - ქართველებსაც) ვუმტიცებდით, რომ ეს ადამიანები ქართველ სპეცსამსახურბს ჰყავთ დაჭერილი. ამაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ამის შესახებ ორჯერ ქართული დელეგაცის ხელმძღავანელს, გიგა ბოკერიასაც მივწერე, მაგრამ ორჯერვე მომწერა: ესენი აქ დაჭერილები არ არიან და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მონახეთო“, – ამბობს ბორის ჩოჩიევი.

ჩოჩიევის ცნობით, დაკარგული ოსი ახალგაზრდების შესახებ საქმის კურსში არიან როგორც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უფლებადამცველი დავით სანაეკოევი, ასევე რუსეთის იმავე თანამდებობის პირი ვლადიმირ ლუკინი, ევროკავშრი და, რასაკვირველია, ევროსაბჭოს უფლებადამცველი კომისარი თომას ჰამარბერგი.  

რაც არ უნდა უარყოს ქართულმა მხარემ, როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს მამხილებელი ვიდეორგოლი, რომელზეც ალან ხაჩიროვი, ალან ხუაგევი და სოლტან პლიევი წამების მომენტშია გადაღებული. არაპროფესიონალურ დონეზე გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში, რომლის ხანგრძლივობა 1 წუთი და 37 წამია, ნაჩვენებია სამ შეშინებულ ოსს როგორ ლანძღავენ, აგინებენ და სცემენ ქართულად მოლაპარაკე ადამიანები. მოძალადენი კადრში საერთოდ არ ჩანან. შესაბამისად, ძნელია, მათ ვინაობაზე მსჯელობა.

ეს ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოპორტალ hridc-tv-ზე:
http://hridc.tv/index.php?a=view&id=53&lang=geo

როგორც ცნობილია, 3 ოსი არასრულწლოვნის ბედით ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი იყო დაინტერესებული, თუმცა ამ უკანასკნელმა მათ შესახებ ვერაფერი გაარკვია.

სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხო დამცველი: „ეს ვიდეომასალები ადრე ქართულმა არასამთავროებო ორგანიზაციებმა გამომიგზავნეს. მათ კი ოსებმა მიაწოდეს. ამაზე მივმართე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მაცნობეს, რომ პლიევის, ხუგაევისა და ხაჩიროვის ბედი მათთვის უცნობია. მე მქონდა რაღაც ეჭვები, მაგრამ მათი დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ მაქვს. კადრებიდან ვერ მიხვდები, ვინ არიან ის ქართველები (ფორმალური თუ არაფორმალური ორგანიზაციიდან), რომლებიც ვიდეოჩანაწერის მიხედვით 3 ოსს სცემს და შეურაცხყოფს. ამის გარკვევა კადრებიდან ძნელია, რადგან არ ჩანს. ეჭვები ოსურ მხარეს, ბუნებრივია, ჰქონდა და ამის საფუძველი აქვს კიდეც, მაგრამ მარტო ეჭვების საფუძველზე, ცხადია, დასკვნას ვერ გავაკათებ. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს უარყო. თუმცა, რომც ჰყავდეთ ის ოსები დატყვევებული, მაინც ჯიუტად იტყვიან, არ გვყვავსო“.

პაატა ზაქარეიშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრებისგან აქვს ინფორმაცია, თითქოს კადრში მოცემული ოსები მოროდიორები არიან. თუმცა, რამდენადაც მერაბიშვილის უწყებას გამოძიებული არ აქვს, კონკრეტულად ვინ არიან, ეს ინფორმაცია ეჭვს იწვევს.

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი: „პლიევი, ხუგაევი და ხაჩიროვი ომის შემდეგ მალე დაიკარგნენ. ეს კადრები მეც მაქვს ნანახი. ქართული მხარე ამას უარყოფს, თუმცა ოსები დაჟინებით ამბობენ, რომ ქართული ძალოვანების გაკეთებულია, რადგან დაინახეს, ქართველმა ძალოვნებმა როგორ წაიყვანეს. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გამოეძია, ვინ ქართველები იყვნენ კადრში მოცემულნი, რომლებიც ოს მოზარდებს აწამებდნენ. თუკი მართლა მოროდიორები იყვნენ, საიდან იციან, რომელი ინფორმაციის მიხედვით?! რახან ამას ამბობენ, გამოდის, რომ რაღაცა ინფორმაცია გააჩნიათ. ან საერთოდ ნუ ამბობენ ამას და, თუკი ამბობენ, მაშინ დაამტკიცონ, რომ მართლაც მოროდიორები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიძიოს და არა ხელის აქნევით უარყოს - ჩვენი დაჭერილები არ არიანო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანები ცოცხლები აღარ არიან. და თუ ეს მართლაც ასე, ქართულმა მხარემ,კ ეთილი ინებოს და ამ ბავშვების ნათესავებს მათი ცხედრები მაინც გადასცენ“.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, თომას ჰამარბერგი რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას გეგმავს (ამაზე მან ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებისას ისაუბრა), რომელიც იანვარში ამოქმედდება. იმედია, ოს ტყვეთა გაუჩინარების საკითხს ამ გზით მაინც მოეფინება ნათელი.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC