კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კინგ-კონგი ცოცხალია!

23 დეკემბერი, 2009

რედაქტორის აზრი                                                                         ალეკო  ცქიტიშვილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი, ვასილ მკალავიშვილი ძალადობის ასპარეზს უბრუნდება. 22 დეკემბერს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციებმა გვიჩვენა, რომ ამ თვითმარქვია მღვდლის გამოსწორება სახელმწიფოს მიერ დაკისრებული და მოხდილი სასჯელით შეუძლებელია. რჩება სინანულის გზა, მაგრამ სინანული ადამიანის სულში შეიძლება დაიბადოს, ისეთი ტიპის მონსტრისგან კი, როგორიც მკალავიშვილია, მსგავსი გრძნობები უცხოა.

მონსტრის ადამიანად ქცევა, ალბათ, მხოლოდ ზღაპრებში და ჰოლივუდის ბლოკბასტერებშია შესაძლებელი. მე პირადად, კინგ-კონგი გამახსენდა, რომელიც ფილმში - „კინგ-კონგი ცოცხალია“ მკალავიშვილზე ბევრად კეთილშობილ არსებად გამოიყურება.

თითქმის 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გლდანის ეპარქიის მღვდელი ვასილ მკალავიშვილი საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ეკლესიიდან სასულიერო პირების ფიზიკური შეურაცხყოფისა და სხვა არაერთი გადაცდომის გამო განკვეთა. მკალავიშვილის გადაცდომები მრავლად არის ჩამოთვლილი წმინდა სინოდის შესაბამის დადგენილებაში, რომელიც დღემდე ძალაშია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთის შემდეგ მკალავიშვილის მიერ ჩატარებული წირვა-ლოცვები, პარაკლისები, ქორწინებები, ნათლობები და სხვა რიტუალები წმინდა სინოდის მიერ ბათილად არის ცნობილი. არც მის მიერ არაერთხელ დაწყევლილ და ანათემაზე გადაცემულ ადამიანებს ემუქრება რაიმე (აქვე გეტყვით, რომ ამ არსების მიერ ე. წ. ანათემაზე გადაცემულთა შორის მეც ვარ და კიდევ სხვა ჩემი კოლეგა ჟურნალისტები, რომლებიც მკალავიშვილის ძალადობაზე თვალს არ ვხუჭავდით).

ეკლესიიდან განკვეთის შემდეგ თვითმარქვია მღვდელი თანდათან იქცა საშიშ დამნაშავედ, რომლის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობებზე დიდი ზიანი მიაყენა არა მარტო საქართველოს სახელმწიფოს, არამედ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც. უცხოელ ექსპერტებს და მედიას ხშირად არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომ მკალავიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი იყო. ამიტომ მისი ძალადობრივი ქმედებები -  თავდასხმები იეჰოვას მოწმეებსა და ბაპტისტური ეკლესიის მრევლზე უცხოურ მედიაში ხშირად შეცდომით იგივდებოდა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის საქმიანობასთან. ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა ის ფაქტიც, რომ ბოლომდე აუხსნელი მიზეზებით, მკალავიშვილის ძალადობა წახალისებული იყო მაშინდელი შსს-სა და თბილისის პოლიციის კორუმპირებული ხელმძღვანელების მიერ. მისი დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა.

და აი, საზოგადოების წინაშე კვლავ გამოჩნდა ცრუ-მღვდელი - ვასილ მკალავიშვილი, რომელიც უწინდელი ამპარტავნებით და სიძულვილით აპირებს „მოღვაწეობის“ გაგრძელებას.

22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ვასილ მკალავიშვილის თხოვნა განიხილეს. „წმიდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა დედა-ეკლესიაში დაბრუნების შესახებ და განაჩინა: ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი გაიგზავნონ ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში სინანულისათვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპასუხოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, მკალავიშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მას წმინდა სინოდისთვის არანაირი თხოვნით არ მიუმართავს და საკუთარი მონანიების შესახებ ტელესიუჟეტიდან შეიტყო.

მისი თქმით, 22 დეკემბერს დილით საპატრიარქოდან დაურეკეს და წმ. სინოდის სხდომაში მონაწილეობა სთხოვეს. თუმცა, წმ. სინოდის მიერ განსახილველი საკითხები მისთვის წინასწარ უცნობი იყო.

„მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. ჩემს მიერ აშენებულ ეკლესიას, რა თქმა უნდა, არ დავთმობ, ვინაიდან ეს ეკლესია ხალხის კაპიკებით არის აშენებული. რაც ვერ გამიკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ, „თავისუფლების ინსტიტუტმა“, ამას აკეთებს დღევანდელი საპატრიარქო. ეს სამარცხვინოა ქართველი ერისთვის. მე ოთხწელიწადნახევარი ციხეში ვიჯექი მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის და ამას საპატრიარქო და თვით პატრიარქი ვერ მიფასებს. მე კიდევ ვიმეორებ, მოსანანიებელი არაფერი მჭირს და არც არაფერს მოვინანიებ“, - დასძინა მკალავიშვილმა. 

მკალავიშვილის ამ განცხადებაზე საპატრიარქოს დამატებით თავის მართლება მოუწია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ვასილ მკალავიშვილმა საპატრიარქოს განცხადებით ერთი თვის წინ მიმართა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მკალავიშვილი ინანიებდა თავის ქმედებებს და სთხოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე, წმ. სინოდს, მისი განაცხადი წმ. სინოდის კრებაზე განსახილველად მიეღოთ. „წმ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და მკალავიშვილს შეთავაზება მისცა. თუ მიიღებს, ეს მისი ნებაა“, - განმარტეს საპატრიარქოში.   

არ არის გამორიცხული, მკალავიშვილის ოდიოზური დაჯგუფება მსგავს მოძალადე ჯგუფებებს შეუერთდეს და უკან მორჩენილმა პრობლემებმა თავი ისევ იჩინოს.
 
ფრთხილად - კინგ-კონგი ცოცხალია!

ახალი ამბები