კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხალხს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ „დიდების მემორიალს“ მართლა 19 დეკემბერს ააფეთქებდნენ

28 დეკემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ აფეთქებასთან დაკავშირებით საზოგადოების ვნებათაღელვა სულ უფრო მძაფრდება. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ახალი დეტალები იკვეთება, რაც უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვს, რომ ძეგლის დემონტაჟი დაგეგმილზე ადრე, დაჩქარებული წესით და შესაბამისად, სათანადო უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე განხორციელდა.

ადგილობრივი მცხოვრებნი აცხადებენ, რომ დემონტაჟის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ, თუმცა, კონკრეტული დღე დასახელებული არ იყო.

„გვითხრეს, რომ უნდა აეფეთქებინათ, მაგრამ ზუსტად რომელ რიცხვში მოხდებოდა ეს ამბავი, მართლა არ ვიცოდით. თავიდან ითქვა, რომ 21 დეკემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო და ამ პროცესს უშუალოდ უნდა დასწრებოდა. ხალხში ეს ინფორმაცია გავრცელდა და ამის შემდეგ ჩვენც 21 რიცხვს ველოდებოდით. მერე 19-ში, დილით, ბინებთან ჩამოიარეს და გამოგვიცხადეს, რომ სახლებიდან სასწრაფოდ უნდა გამოვსულიყავით“, - იხსენებს „დიდების მემორიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები გიორგი გაბრიაძე.

იმ ფაქტს, რომ დემონტაჟი 21 დეკემბერს უნდა განხორციელებულიყო,  რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძეც ადასტურებს: „18 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ პრესკონფერენცია მოვაწყვეთ. პირველ რიგში, „დიდების მემორიალის“ დემონტაჟის მცდელობა გავაპროტესტეთ და ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ 21 დეკემბერს, ანუ იმ დღეს, როცა დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, ყველანი ერთად ადგილზე მივიდოდით და ამ ფაქტს არ დავუშვებდით. ეს ინფორმაცია მივიდა ხელისუფლების ყურამდე და მან ასე ვთქვათ, „თავი დაიზღვია“ ბუნებრივია, მას ხელს არ აძლევდა წინააღმდეგობა და ხელის შეშლის მცდელობაც კი. ამის გამო იჩქარა და დიდი უბედურებაც დაატრიალა“.

ქუთაისში თვლიან, რომ მისი დემონტაჟი სპონტანურად განხორციელდა. ზოგიერთი წინამოსამზადებელი სამუშაოს მიუხედავად, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი – მუნიციპალიტეტმა განახორციელა, მაინც ვერავინ იფიქრებდა, რომ დემონტაჟისთვის ყველაფერი მზად იყო. როგორც ამბობენ, სწორედ მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც შპს „საქფეთქმრეწვთან“ გაფორმდა.

„ითქვა, რომ დემონტაჟამდე გარკვეულ პერიმეტრზე ხის ჯებირი გაკეთდებოდა. გარდა ამისა, თვითონ მემორიალი ლითონის ბადეში უნდა ჩაესვათ. ამაზე მაშინ იყო ლაპარაკი, როცა ჩვენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თავიდანვე გარკვეული ეჭვი გაგვიჩნდა. მერე კი, ისე მოხდა, რომ არც ხის ჯებირი გაკეთებულა და არც ლითონის ბადე გვინახავს თვალით. მე მგონი, ხალხს ბოლომდე არ ჯეროდა, რომ მემორიალს მართლა 19 დეკემბერს ააფეთქებდნენ. პატრული კი გვაფრთხილებდა, მაქსიმალური დისტანცია დაგვეცვა, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ ეს საკმარისი არ იყო. მეც იქვე, ორ მეტრში ვიდექი იმ ადგილიდან, სადაც მოზრდილი ზომის ბეტონის ნატეხმა დედა-შვილი იმსხვერპლა. ისე რომ, არც მე და არც არავინ უბედურებისგან იმ წუთში დაცული არ ვიყავით“, - ამბობს თვითმხილველი თემურ გოგნაძე.

პატრულის გაფრთხილებამ, როგორც ჩანს, მოსახლეობა ვერც მატერიალური ზარალისგან დაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა თავიანთი სახლების ფანჯრები ღია დატოვა, აფეთქების ძალით დამსხვრევისგან მხოლოდ რამდენიმე გადაურჩა. ზამთრის სიცივეში ფანჯრის შუშები ჩაუსმელი არავის დაუტოვებია და ღმერთს მადლობასაც ეუბნებიან, რომ ცოცხალი გადარჩნენ. თუმცა, თავმოყვარე ქვეყანაში, ამ ზარალს სახელმწიფო აანაზღაურებდა. ხალხს ასევე ეჭვი აქვს, რომ აფეთქება სახლებზე „კვალს“ დატოვებდა, რაც ახლო მომავალში კიდევ უფრო გამოვლინდება ბზარების სახით.

„ფიზიკოსი არ ვარ და არც აფეთქების სპეციალისტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამხელა აფეთქება ამ სახლების ფუნდამენტს ბევრად თუ არა, ცოტათი მაინც შეარყევდა. ვინ არის დაზღვეული, რომ სახლებს ხვალ და ზეგ ბზარები არ გაუჩნდება? კი, ბატონო, დააკავეს და გაასამართლებენ გარკვეულ პირებს, მაგრამ ჩვენ ამით რა გაგვიკეთდება? ან იმ ოჯახს ვინ დაუბრუნებს ახალგაზრდა ქალს და მცირეწლოვან შვილს, რომლებიც სხვისი დაუდევრობით შეეწირნენ ამ აფეთქებას?!“ - ჩივის 81 წლის მოხუცი, სერგო ქაშიბაძე.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა შპს „საქფეთქმრეწვის“ ხელმძღვანელი და ორგანიზაციის კიდევ ორი წარმომადგენელი უკვე დააკავეს, ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლებულია იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული (ე. წ. გუბერნატორი), ხალხი მომხდარზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ტრაგედიის გამო პასუხი მხოლოდ აფეთქების შემსრულებლებმა კი არა, ამ აქტის პოლიტიკურმა დამკვეთებმა უნდა აგონ.

ახალი ამბები