კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაჭრობა ნანგრევებზე

29 დეკემბერი, 2009

შორენა ღლონტი, ოზურგეთი

ოზურგეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის აგრარული ბაზრის დემონტაჟით მოვაჭრეებს და მომხმარებლებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყო.

დარსა თუ ავდარში ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსული გლეხები, დანგრეული ბაზრის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მყიდველს მაინც ელოდებიან.  

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვარბია, მუშაობას მაინც განვაგრძობთ. ეს ბაზარი გლეხებისაა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აქ უნდა ვივაჭროთ. საახალწლოდ პური მაინც ხომ უნდა გვქონდეს?“, - ამბობს მოვაჭრე ნონა კვერღელიძე.

„არ დაგვაყენეს, მაგრამ გაჭირვებით მაინც ვმუშაობთ. ცალ ხელში ქოლგა გვიჭირავს და ცალი ხელით მომხმარებელს ვემსახურებით. ამ  მდგომარეობაში გამგეობამ ჩაგვაგდო. ახალ წელს ასეთ პირობებში გვითენებენ“, - გვითხრა ნელი ალავიძემ.
 
„გვაიძულებენ გადადით ახალ სავაჭრო ცენტრშიო, მაგრამ ის ბაზარია?!“ - კითხულობს აღშფოთებული ნინა ქათამაძე.

„ცის ქვეშ დაგვყარა ჩვენმა ხელისუფლებამ. იმის ნაცვლად, რომ დაგვასაქმონ, ასე დაგვანგრიეს. რა ვქნა, ასე რომ არ ვივაჭრო, სხვა გზა არ მაქვს. როგორ ვარჩინო შვიდსულიანი ოჯახი? გაუნათლებელი არც ერთი არ ვართ, მაგრამ სადაა სამუშაო ადგილები? პენსიონერი ქალი აქ შვილიშვილების გამოსაკვებად ვდგავარ. საახალწლოდ შოკოლადი აღარ მივუტანო შვილიშვილებს?!“ - აცხადებს 60 წლის ნინო ჩიტაიშვილი.

ათდღიანი პატიმრობის შემდეგ ფარცხანაყანებელი ბორის კილაძე ნანგრევებზე განაგრძობს ვაჭრობას.

როგორც თავად ამბობს, ცოტა ხნის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ მისი დაკავების მიზეზი ხმამაღალი საუბარი და შეურაცხმყოფელი ფრაზების თქმა ყოფილა. „არავისთვის მითქვამს ცუდი, არც ხმამაღლა მისაუბრია, რატომ დამაკავეს, ჩემთვის დღემდე გაუგებარია?! დავდექი ახლა ამ ნანგრევებზე, ღია ცის ქვეშ ვვაჭრობ. მგონი ახალ წლამდე დაგვაყენებენ აქ, შემდეგ რა მოხდება აღარ ვიცით“, - ამბობს კილაძე.

შოთა შაქარიშვილის თქმით, მას ბოსტნეული კუთვნილ მიწაზე მოჰყავს, მაგრამ რეალიზაციის საშუალებას ადგილობრივი ხელისუფლება არ აძლევს.

„1974 წლიდან ამ ბაზარში ვდგავარ. ადრეც უნდოდათ ამის დაშლა, თუმცა, როგორც გაირკვა, ოზურგეთში მაღალი ნესტიანობის გამო დახურულ ბაზარში სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა გაუმართლებელია.  იმის მაგივრად, რომ  გაჭირვებულ ხალხს ვაჭრობის საშუალება მოგვცენ, ყველანაირად გვზღუდავენ“, - წუხს შაქარიშვილი.

მანანა ბუზიაშვილი მიიჩნევს, რომ ოდესმე მაინც დადგება ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დრო.

ადგილობრივი ხელისუფლება ყველა ღონით ცდილობს მოვაჭრეების ახალ „სავაჭრო ცენტრში“ გადაყვანას, თუმცა ბაზარი ჯერჯერობით ისევ ძველ ადგილას რჩება -  ნანგრევებში.

ახალი ამბები