კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახანიას საქმემ მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი, სერგეი კოვალიოვი გააოგნა

30 დეკემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ერთი წელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისათვის და სამი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის - ასეთია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის II ნაწილითა და 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი, რომელიც აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე დავით კეკენაძე) მიმდინარე წლის 10 სექტემბერს მიუსაჯა. ვახანია სამართალდამცავებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 2009 წლის 17 მარტს დააკავეს. იგი ამჟამად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, უმძიმეს პირობებში იმყოფება.

„სასამართლო პროცესზე რომ მოიყვანეს, გამწვანებული და აშკარად გაბრუებული იყო. ეჭვი ვაქვს, რომ მას წამლავენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უკიდურესად მძიმეა. ჩვენ უნდობლობა გამოვუცხადეთ საპყრობილის ექიმებს და ციხეზე ჩვენს მიერ მიყვანილი ექიმის შეყვანა ვითხოვეთ, რაც სტრასბურგის სასამართლოს ჩარევამდე პრაქტიკულად ვერ შევძელით. სტრასბურგის შემდეგ, როგორც იქნა, ეს მოვახერხეთ. თუმცა, პატიმრის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, მას მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, შესაძლოა გულთან დაკავშირებით სერიოზული სირთულეები განუვითარდეს. ეს გარკვევითაა აღნიშნული სამედიცინო დასკვნაში. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სასამართლო პროცესზე წყალი მოითხოვა და არ მიაწოდეს. კაცი ლამის წაიქცა და მოკვდა“, - ამბობს ვლადიმერ ვახანიას ადვოკატი ლალი აფციაური.

პოლიტპატიმარი აკადემიკოსის ინტერესებს, ლალი აფციაურის გარდა, 5 ადვოკატი იცავს (გია ებრალიძე, ნუგზარ კვარაცხელია, ჯემალ შელია, ლილი გელაშვილი, კახა ლომაია). ამის მიუხედავად, ქართული სასამართლოს პირობებში, მისი უდანაშაულოდ ცნობა დღემდე ვერ მოხერხდა.

25 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი, მურთაზ კაპანაძე) დაცვის მხარის მიერ დაყენებული თითქმის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა განმარტეს, რომ მათთვის ეს მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან სამართლიანი სასამართლოს პრინციპი პირველი ინსტანციის სასამართლოშივე დაირღვა და ვერ დადგინდა თუ რა მოხდა სინამდვილეში მიმდინარე წლის მარტში ზუგდიდში.

რა მოხდა სინამდვილეში?

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სახლში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი ავტომატი და სხვა საბრძოლო იარაღი (ხელყუმბარები) აღმოაჩინეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ადგილობრივი (ზუგდიდი) გაზეთისთვის 2009 წლის 19 თებერვალს მიცემული ინტერვიუ, რომელშიც იგი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აღწერდა და აფასებდა და რომელიც შემდგომში  მისი მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის  ბრალდების მოტივი გახდა. მანამდე კი, იყო პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების მცდელობა, რასაც ხელისუფლების მხრიდან იმთავითვე სერიოზული წინააღმდეგობები მოჰყვა.

დღეს ვლადიმერ ვახანიას ახლობლები იხსენებენ, როგორ აჩერებდნენ მის მანქანას (რომელსაც ნათესავი მართავდა) ზუგდიდში და კითხულობდნენ თუ სად იმყოფებოდა იგი. გარდა ამისა, მოსკოვში გამგზავრების წინ ვახანიას თბილისის აეროპორტში, სხვა დოკუმენტებთან ერთად,  პირადობის დამადასტურებელი საბუთები ჩამოართვეს, რის შემდეგაც იგი ვერ გაფრინდა.

ვახანიას ახლობლები, ისევე როგორც მისი ადვოკატები, აცხადებენ, რომ დღეს იგი პოლიტპატიმარია და სასამართლო გამოძიებაც მხოლოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება. ხელისუფლების სურვილი მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოცილება იყო, რასაც სასამართლოს დახმარებით თავი ჩინებულად გაართვა და ამით საზოგადოების თვალში ვახანია სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა. საზოგადოებამ ტელევიზიით ნახა იარაღი, რომელსაც ვახანია ზუგდიდში, საკუთარ სახლში ინახავდა. ასევე, ბევრი ითქვა და დაიწერა მისი მხრიდან ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ  მუქარაზე, რასაც საქმეში გამოძიების ჩართვა და მალევე „სათანადო დასკვნა“ მოჰყვა - ვახანია დააკავეს.

მომხდარის შემდეგ საქართველოს ყველა ცენტრალურმა ტელეარხმა (ასევე, რეგიონალურმა მედიასაშუალებებმა) ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმის „ჯაშუშის სინდრომი“ გაშვებაზე უარი თქვეს. ფილმში, გამოძიებიდან განსხვავებით, ყურადღება ყველა დეტალზეა გამახვილებული. ვლადიმერ ვახანიას სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიდან ნათლად ჩანს, როგორ შედის მის სახლში ათობით და არა ორი პოლიციელი (როგორც ამას პროკურატურა აცხადებს) და იწყება თავდაყირა. რა თქმა უნდა, არის სხვა მომენტებიც, რომელიც ფილმისგან განსხვავებით, გამოძიებისთვის ზედმეტი აღმოჩნდა. მაგალითად, მოწმეების ჩვენებები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ შედიოდნენ ვახანიას სახლში, ქაღალდში გახვეული საგნებით (რომელიც მათი აზრით, იარაღი იყო) ხელდამშვენებული პოლიციელები და ჩხრეკას ყოველგვარი კანონის დარღვევით ახორციელებდნენ, რომ მათი დიდი ნაწილი ჭიშკართან  დამდგარ პოლიციელთა რიგს არ ელოდებოდა და ღობიდან ძვრებოდა. ვახანიას სახლს პოლიციელების ცოცხალი რკალი თითქმის მთელი დღე ჰქონდა შემოვლებული, ქუჩაში გამვლელებს კი, სამართალდამცველები გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. „ცრუ ჩვენების“ მიცემისთვის დღემდე პატიმრობაშია ვახანიას ოჯახის ახლობელი ჯამბულ ჩიქოვანი. 

მოგვიანებით ვლადიმერ ვახანიას ადვოკატებმა, სხვა შუამდგომლობებთან ერთად,  აღნიშნული ფილმის საქმის მასალებში დართვა მოითხოვეს, რაზეც სასამართლომ, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის არქონის მოტივით, უარი განაცხადა.

სასამართლოს უარი ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე

„ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური სასამართლოს პირობებში ამ მასალების საქმეში ჩართვა, პირიქით, სასამართლოსთვის უკეთესი იქნებოდა. ამით მას საქმე და, საბოლოო ჯამში, სიმართლის დადგენა გაუადვილდებოდა. სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრების მტკიცებულებად მიღებაზე უარის თქმა გამაოგნებელია. ეს კადრები პირდაპირ ამტკიცებდა, რომ პოლიციელები აბსოლუტურად ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ თუ გამოძიებას კანონიერად აწარმოებ და ამ დროს, ამ ვიდეოჩანაწერის სახით, გაქვს მტკიცებულება, მისი გამოყენება შენს ინტერესში უნდა შედიოდეს. ასევე, უნდა ითქვას იმ აუდიოჩანაწერზე, რომელზეც ვახანიას ინტერვიუა დაფიქსირებული და რომელიც მოგვიანებით წაშალეს. არსებობს ექსპერტიზის მასალები, რომ ეს არის მექანიკური დაზიანება და ჩანაწერის წაშლის მცდელობა. საოცრება მოხდა, რომ ფირი სპეციალური პროგრამით იქნა დამუშავებული და ჩანაწერი შენარჩუნებული. ანუ, აქ ჩანს საკმაოდ სერიოზული ზეგავლენის კვალი, საერთოდ წაეშალათ ეს ჩანაწერი. ეს არის უტყუარი მასალა, რომელზეც ნათლადაა ასახული თუ რამდენად არსებობდა რეალურად ვახანიას მხრიდან ჟურნალისტის მიმართ ზეწოლა და რამდენად აძლევდა ჟურნალისტი გამოძიებას სწორ ჩვენებას. ეს ყველაფერი ძალიან გარკვევით ჩანს ფილმში. ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ არ დაურთეს საქმის მასალებს ჩვენი ფილმი“, - ამბობს ჟურნალისტი, ფილმის „ჯაშუშის სინდრომი“ ავტორი ვახტანგ კომახიძე.

ლოგიკურად, სასამართლოს ასეთი დოკუმენტის მიმართ ინტერესი უნდა გამოეჩინა. მით უფრო, ერთერთი მუხლი (154-ე, მეორე ნაწილი) სწორედ ამ ჩვენებას ეფუძნება.  გარდა ამისა, აღნიშნული მტკიცებულების საქმეში დართვა გარკვეულწილად ჟურნალისტის (ლელა ხუბულავა) სიმართლის ხარისხსაც განსაზღვრავდა. თუმცა, მართლმსაჯულებამ იგი რატომღაც არ გაითვალისწინა.

„მთავარი, რასაც ამ პროცესიდან ველოდით, ის იყო, რომ  ვიდეოჩანაწერის  დართვის შესახებ გადაწყვეტილება მაინც იქნებოდა დაკმაყოფილებული. იარაღის უკანონო შენახვის საქმეებზე ჩვენ საკმაოდ დიდი პრაქტიკა გვაქვს, მაგრამ ეს საქმე გამონაკლისია იმდენად, რამდენადაც არსებობს ვიდეოალიბი, რაც სამართალწარმოების პრაქტიკაში საერთოდ ძალიან იშვიათი შემთხვევაა. არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ შერბის სპეცნაზი (რამდენიმე ათეული ადამიანი) ვახანიას სახლში. ანუ, ის ვერსია, რაც ბრალდების მხარეს აქვს, აბსოლუტურად ირიცხება. ბრალდების მხარე ამბობს, რომ სახლში მივიდა ორი გამომძიებელი და ჩაატარა ჩხრეკა. ის, რაც აპელაციაზე მოხდა (ამ მტკიცებულების დაკმაყოფილებაზე ითქვა უარი), ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სიმართლის დადგენით არა არის დაინტერესებული. ვიდეოჩანაწერი იმიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მასზე რაც ჩანს, ვერ იტყვი, ეს ასე არ არისო“, - ამბობს კონსერვატიული პარტიის ლიდერი კახა კუკავა.

„თეთრი ძაფით შეკერილი საქმე“
 
სწორედ ასე უწოდა ვახანიას საქმეს რუსეთის ყოფილმა ომბუდსმენმა, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სერგეი კოვალიოვმა. იგი 25 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პროცესს ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად ესწრებოდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კოვალიოვის კომენტარი პროცესის დამთავრებისთანავე ჩაიწერა: „აქ აშკარად იკვეთება პოლიტიკური ინტერესი. მე ვნახე ყველა დოკუმენტი, რაც საქმეს ერთვის და გავოგნდი. მივყვეთ ფაქტებს ლოგიკურად: კაცს ართმევენ პასპორტს და ამით ეუბნებიან ვერსადაც ვერ წახვალ, იჯექი სახლშიო. ამის შემდეგ ეს კაცი მიდის, სახლში, ბალიშის ქვეშ დებს იარაღს (ხელყუმბარებს, ცეცხლსასროლ ავტომატს და ა. შ.) და ელოდება როდის მივლენ პოლიციელები და დააკავებენ? ეს ხომ აბსურდია. აშკარად თეთრი ძაფით შეკერილი საქმეა. ისევე როგორც, ის ამბავი, რომ თუ ვახანია ჟურნალისტს დაემუქრა, იგი მარტო როგორღა მივიდა რესპონდენტთან სახლში? ანუ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. აქ არის ძალიან ბევრი ფარსი... რაც შეეხება ადვოკატების შუამდგომლობებს, მასალების საქმეში დართვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა დაკმაყოფილებულიყო. ისინი საკმარისზე მეტად დამაჯერებელია და სასამართლო გამოძიებას ძალიან დაეხმარებოდა. ანუ, ეს ყოველივე მაფიქრებინებს, რომ საქმე სხვა ვითარებასთან გვაქვს. ეს არის პოლიტიკური ინტერესი“.

იმ ფაქტს, რომ კოვალიოვი საქართველოში პეციალურად ვახანიას საქმესთან დაკავშირებით ჩამოვიდა, უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. კახა კუკავას განმარტებით: „ის, რომ ამ პროცესს ესწრება კოვალიოვი - მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტი პოლიტპატიმრების უფლებების დაცვის  საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მასთან გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდა. იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ ინფორმაციის სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებამდე მიტანას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კავალიოვს ხელი მიუწვდება რუსეთის ლიბერალურ მედიაზე, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს დანარჩენ მსოფლიოზე. ჩვენ მოვილაპარაკეთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში ის, რაც დღეს ნახეს რუსმა უფლებადამცველებმა, უკვე გავა რუსულ მედიაში.  ჩვენთან საუბარში კოვალიოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში შევარდრნაძის დროს მას არ ჰქონდა არცერთ პატიმართან შეხვედრის პრობლემა. ის ჩამოვიდა გუშინწინ ღამე. გუშინ კი, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების ვერცერთ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ლაპარაკიც არ არის იმაზე, რომ მას პატიმრების ნახვის უფლება მიეცეს. კოვალიოვმა აღნიშნა, რომ ამ კუთიხთ საქართველოში ვითარება გაუარესებულია“.
 
* * *

დაცვის მხარე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვს. ადვოკატთა განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტები ვახანიას დადანაშაულებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი არაა. ლალი აფციაური აცხადებს, რომ „გამოძიება, პირველივე დღიდან, უკანონოდ დაიწყო და წარიმართა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა კონვენციის იგნორირება. ეს არის ხელისუფლების აშკარა მცდელობა ვლადიმერ ვახანია პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოაცილოს. იგი პოლიტპატიმარია“. 

პოლიტპატიმარი ვახანიას ინტერესების დაცვას მისი ადვოკატები 2010 წლის 15 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გააგრძელებენ.

ახალი ამბები