კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის ჩინოვნიკების პრემიები

30 დეკემბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

ერთთვიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიპოვეთ ინფორმაცია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენი თანხა იხარჯება პრემიების სახით შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. ჟურნალისტური გამოძიებით, გაირკვა, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები პრემიების სახით დიდძალ თანხებს იღებენ, მათ შორის - ისინიც, ვინც სამსახურში არ დადის, ან დადის, მაგრამ რას აკეთებს, არავინ იცის.

ყუფარაძემ დარეკა, მაგრამ ჩინჩილაკაშვილმა რეზოლუცია არ დაადო

სამხარეო ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს 2009 წლის 20 ოქტომბერს მივმართეთ წერილობით, ოფიციალურად მოეწოდებინა ინფორმაცია სახელმწიფო მოხელეების პრემიებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ. ხუთი დღის შემდეგ გავარკვიეთ, რომ სამხარეო ადმინისტრაცია არ აპირებდა გამოთხოვილი ინფორმაციის მოცემას მარტივი მიზეზის გამო: თურმე, ჩვენს განცხადებაში რედაქციის მისამართი არ მიგვიწერია და შესული დოკუმენტი ხარვეზის გამო არ განიხილეს. ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში ხარვეზის გამოსწორების უფლება გვქონდა.

ხარვეზი განცხადებაში შესწორდა და ამჯერად ათვლა 27 ოქტომბრიდან დაიწყო. შემდეგ დღეებში არაერთხელ მივმართეთ სამხარეო ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც მუდამ გვარწმუნებდა, რომ ინფორმაცია ფოსტით მოგვივიდოდა.

ერთ დილით სამხარეო ადმინისტრაციის უფროსს, ზურაბ ლომიძეს სამხარეო ადმინისტრაციის წინაც შევახსენეთ, რომ ჩვენს მიერ შეტანილი განცხადება პასუხგაუცემელი იყო. ლომიძემ გვიპასუხა,  წერილი დიდი ხანია, ფოსტით გამოგიგზავნეთო. ამის შემდეგ ინფორმაციის გადასამოწმებლად მესამე სართულზე ლომიძის თანამშრომელს ლელა ჯაყელს საშვი დავაშვებინეთ და კაბინეტში ავედით. ზურაბ ლომიძე ოთახში არ იყო. ლელა ჯაყელს ვთხოვეთ, ფოსტით გამოგზავნილი წერილის ასლი ეჩვენებინა. ლელა ჯაყელმა გვითხრა, რომ წერილზე პასუხი ჯერ მზად არ იყო, რადგან ზურაბ ჩინჩილაკაშვილის ხელის მოწერა და ვიდრე ის არ მოაწერდა, პასუხს ვერ მივიღებდით.

როგორც გავარკვიეთ, ზურაბ ლომიძე გვატყუებდა, როცა გვეუბნებოდა, რომ პასუხი ფოსტით მოდიოდა. ლელა ჯაყელმა გვითხრა, რომ პასუხს ჯერ არ დაეტოვებინა ადმინისტრაციის შენობის კედლები, კვლავ უწყების იურისტის, გიორგი ცაბაძის მაგიდაზე იდო და ჩინჩილაკაშვილის ხელმოწერას ელოდებოდა. სწორედ მაშინ შევიტყვეთ, რომ შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის, ლადო ვარძელაშვილის პირველი მოადგილე, ზურაბ ჩინჩილაკაშვილი გერმანიაში იყო წასული. პარალელურად, ჩინჩილაკაშვილის გერმანიაში ვიზიტის მიზეზების ძებნა დავიწყეთ... თუმცა, მოდით, ჯერ პრემიების საკითხი დავამთავროთ.

ყოველთვიური პრემია გუბერნატორისთვის, რომელიც მთელი ზაფხული სამსახურში არ დადიოდა

საბოლოოდ, 1 თვისა და 10 დღის შემდეგ ჩვენს წერილზე რწმუნებულ-გუბერნატორის მეორე მოადგილემ გიორგი ავალიანმა გვიპასუხა 2009 წლის 11 დეკემბერს. არ დაგავიწყდეთ, ყოველი წლის 10 დეკემბერს ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებულია, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობოს, რამდენად გამჭვირვალედ და ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მუხლების მიხედვით იმუშავა. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, შეატყობინა თუ არა გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორ დაგვიგვიანა პასუხის გაცემა პრემიებისა და მივლინებებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვეთ ამ ანგარიშის ასლები, რომლის გაცემას სამხარეო ადმინისტრაცია სხვა ინფორმაციებთან ერთად 10 იანვრამდე აპირებს.

ლადო ვარძელაშვილმა საკუთარი მუშაობის სრული ანგარიში 15 დეკემბერს გორის სასულიერო სემინარიის სააქტო დარბაზში საზოგადოებას წარუდგინა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვარძელაშვილმა აქ  ელჩებს საჩუქრები გადასცა. საჩუქრებისთვის თანხა მან გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აიღო. ელჩების საჩუქრები სულ 7 000 ლარი დაჯდა.

11 დეკემბერს ვიცე-გუბერნატორი გიორგი ავალიანი გვწერს ინფორმაციას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შიდა ქართლის გუბერნატორი ყოველთვე იღებს პრემიას, რომელიც მისი ხელფასის ოდენობისაა. ანუ ვარძელაშვილი თვეში ორმაგ ანაზღაურებას იღებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24  მარტის #151 ბრძანებულებით დადგენილია რწმუნებულ-გუბერნატორის და მის აპარატში მომუშავე მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის ოდენობა.

მაგალითად, ლადო ვარძელაშვილის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2 950 ლარს, ხოლო ყოველთვიური პრემია - იგივე 2 950 ლარს. მთლიანობაში 2009 წლის განმავლობაში ლადო ვარძელაშვილი ყოველთვე იღებს 5 900 ლარს. 2009 წელს მან ხელფასის სახით სულ აიღო 35 400 ლარი, ხოლო პრემიის სახით იმავე რაოდენობის 35 400 ლარი. ჯამში, მთელი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლადო ვარძელაშვილმა პრემიებისა და ხელფასის სახით 70 800 ლარი აიღო. სხვათა შორის, ამაში არ შედის ტელეფონის, ბენზინის და ე.წ. ოფისის სხვა ხარჯები. ამ ხარჯებს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი ცალკე ითვლის.

ადგილობრივი გაზეთი ,,ქართლის ხმა“ მთელი ზაფხულის განმავლობაში წერდა, რომ ვარძელაშვილი სამსახურში არ დადიოდა. გუბერნატორის ახლადშერთული მეუღლე, ყოფილი ,,მის საქართველო“ ირინა ონაშვილი ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მომავალ საქმროსთან ერთად თურქეთში ისვენებდა. ლადო ვარძელაშვილი ზაფხულის განმავლობაში სამსახურში რომ არ დადიოდა, იმითაც დასტურდება, რომ ადგილობრივ პრესაში დაიწერა სტატიების ციკლი: ,,დასვენება ჩინოვნიკებისთვის და გაჭირვება მოსახლეობისთვის“. შემოდგომით, გუბერნატორი კვლავ არ ჩანდა და დაიწერა სტატია: ,,პრეზიდენტის რწმუნებულის დაუსრულებელი არდადეგებები“. მოქალაქეები გუბერნატორთან შეუხვედრებლობას გამუდმებით უჩიოდნენ. ჩვენ ასევე მოვუყევით მკითხველს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვაპირებდით შევხვედროდით გუბერნატორს, როგორც მოქალაქე. ვარძელაშვილის მდივანმა სიაში არ ჩაგვწერა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუბერნატორი შენობაში არ იმყოფებოდა - როცა მოვა მაშინ ჩაგწერთო, მაგრამ ვერ დავაზუსტეთ, როდის მოვიდოდა, რომ სწორედ იმ დროს მივსულიყავით ჩასაწერად მიღებაზე.

„დაჩაგრული“ ვიცე-გუბერნატორები

ლადო ვარძელაშვილისგან განსხვავებით დანარჩენი თანამშრომლები საკმაოდ ,,დაჩაგრულები“ არიან. ისინი პრემიებს ყოველთვიურად ვერ იღებენ. თუმცა, რამდენიმე თვეში ერთხელ ეს წყალობა სახელმწიფოსგან მაინც ხვდებათ. სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პრემიები აიღეს მარტში, ივნისში, აგვისტოში, ოქტომბერში და სავარაუდოდ დეკემბერშიც აიღებენ. მართალია, დეკემბრის თვის პრემიის არსებობა ჯერ დაუზუსტებელი გვაქვს, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, რომ საახალწლოდ პრემიებს კვლავ მისცემენ.

გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა, ისევე როგორც დანარჩენმა თანამშრომლებმა, პრემიები ყოველ თვე ვერ აიღო. მან მხოლოდ 4-ჯერ აიღო პრემია. პრემიის ოდენობა შეესაბამებდა მის ხელფასს. მისი ხელფასის ოდენობაა 2 360 ლარი. ნოემბრის ბოლოს ჩინჩილაკაშვილი გორში აღარ გამოჩენილა, შესაბამისად მან ხელფასი 10 თვის განმავლობაში აიღო - სულ 23 600 ლარი. ამას დავუმატოთ 4-ჯერ აღებული პრემია (2 360 X 4) 9 440 ლარი. გამოდის, რომ მთელი 2009 წლის განმავლობაში ზურაბ ჩინჩილაკაშვილს ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერგო 33 040 ლარი.

შემდეგ რიგში მოდის პარლამენტიდან და ვიცე-გუბერნატორის თანამდებობიდან არაერთხელ დათხოვილი ბადრი ნანეტაშვილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციაში ლადო ვარძელაშვილმა დააბრუნა. იგი პარალელურად ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ მფლობელია. ნანეტაშვილის ხელფასი 110 ლარით ჩამოუვარდება ზურაბ ჩინჩილაკაშვილის ხელფასს და პრემიაც იმავე პროპორციული სისტემით აქვს აღებული. ბადრი ნანეტაშვილის ხელფასია 2 250 ლარი. პრემიას იგი 2009 წელს 5-ჯერ აიღებს დეკემბრის ჩათვლით. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით, ბადრი ნანეტაშვილმა 2009 წელს ხელფასის სახით სულ აიღო 27 000 ლარი, ხოლო 5-ჯერ აღებული პრემია უდრის - 11 250 ლარს. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადად ბადრი ნანეტაშვილის ანგარიშზე გადაირიცხა 38 250 ლარი.

ვიცე-გუბერნატორი ბადრი ნანეტაშვილი არათუ ზაფხულის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში არ მისულა სამსახურში. სამხარეო ადმინისტრაციიდან კონფიდენციალურმა წყარომ გვაცნობა, რომ რამდენჯერმე აქვს დაწერილი განცხადება წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ვარძელაშვილმა არ დაუკმაყოფილა. ანალოგიური ინფორმაცია ტელეკომპანია „თრიალეთის“ ამჟამინდელმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლადო ბიჭაშვილმა სააგენტო „პირველის“ მეშვეობით გაავრცელა. ამ გზითაც დადასტურდა, რომ ნანეტაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებებს წერდა, თუმცა ვარძელაშვილი არ აკმაყოფილებდა. თუ რატომ ხდებოდა ასეთი უცნაური მიწერ-მოწერა, ოფიციალურად უცნობია, თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრს  აქვს ინფორმაცია, რომ გადადგომის სურვილის გამჟღავნებით, ნანეტაშვილი ანიშნებდა გუბერნატორს, რომ წასვლის შემთხვევაში, ტელეკომპანია „თრიალეთი“ ხელისუფლების სამსახურში აღარ იქნებოდა.

ჩვენ არაერთხელ დავკავშირებივართ ბადრი ნანეტაშვილს ამ საკითხებზე სასაუბროდ, თუმცა მან კატეგორიულად აგვიკრძალა მის სამსახურებრივ ნომერზე დარეკვაც კი. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პრესისთვის და სატალევიზიო მომსახურებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა გათვალისწინებული - დაახლოებით 40 000 ლარი. ამ თანხის ერთი ნაწილი ხმარდება გაზეთ „ლომჭაბუკს“, ხოლო მეორე ნაწილი - ტელეკომპანია „თრიალეთს“.

დეკემბრის თვეში გორის ბიუჯეტმა აღმოაჩინა, რომ ნამატი თანხა ჰქონდა. ამ ნამატი თანხიდანაც 2 000 ლარი ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ გამოიყო. კულტურის სამსახურის უფროსი გურამ პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს 2 000 ლარი საახალწლოდ ხელისუფლების დაკვეთით გაშვებული სიუჟეტების ტოლფასი იქნება. ასე რომ, იგივე მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით, ლადო ვარძელაშვილის შემდეგ სახელმწიფო დ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ყველაზე მეტად ბადრი ნანეტაშვილი და მისი ტელეკომპანია სარგებლობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და რეგიონული პრესის ჟურნალისტები ბოლო დროს აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ არ მოხდეს რეგიონული ტელევიზიების საბიუჯეტო დავალიანებების ჩამოწერა. უახლოეს დღეებში მივმართავთ შიდა ქართლის პროკურატურას, რათა შეისწავლოს გუბერნატორის მოადგილის, ბადრი ნანეტაშვილზე გაცემული ხელფასისა და პრემიების გაცემის კანონიერება, რადგან ეს ჩინოვნიკი სამსახურში არ დადის.

კიდევ ერთი ვიცე-გუბერნატორი გიორგი ავალიანი ზუსტად იგივე რაოდენობის ხელფასს და პრემიას იღებს, როგორსაც ბადრი ნანეტაშვილი. თუმცა, შესაძლებელია ეს დეკემბრის თვიდან შეიცვალოს, თუკი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი აღარ დაბრუნდება სამსახურში. გიორგი ავალიანის საბიუჯეტო შემოსავალი ასე გამოიყურება: ხელფასი - 27 000 ლარი, პრემია - 11 250 ლარი. ჯამში - 38 250 ლარი.

დანარჩენები

საინტერესოდ გამოიყურება სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ზურაბ ლომიძის შემოსავალი. მას ხელფასი აქვს თვეში - 1 180 ლარი. თუმცა რაში იღებს ამ თანხას, გაუგებარია, რადგან რამდენჯერაც წერილობით მივმართეთ სამხარეო ადმინისტრაციას, იმდენჯერ თვეობით დაგვიგვიანეს პასუხი. ამ უწყებაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ ზურაბ ლომიძეა.

ზურაბ ლომიძის შემოსავალი ასე გამოიყურება: ხელფასი მთელი წლის განმავლობაში - 14 160 ლარი, პრემია - 5 000 ლარი. წესით, მას მთელი წლის ჯამური რაოდენობა უნდა გამოსვლოდა 19 160 ლარი, მაგრამ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ლომიძემ ივლისში 1 000 ლარის ნაცვლად პრემიის სახით 1460 ლარი აიღო, ანუ - 460 ლარით მეტი. აქედან გამომდინარე, ზურაბ ლომიძემ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთელი წლის განმავლობაში ოფიციალურად აიღო 19 620 ლარი.

დანარჩენი ჩინოვნიკების შემოსავლები ასე გამოიყურება: თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მალხაზ მირუაშვილი, ხელფასი თვეში 1 180 ლარი, წელიწადში – 14 160 ლარი. ამას დავუმატოთ პრემია წელიწადში სულ - 6 070 ლარი. ჯამში მალხაზ მირუაშვილს მთელი წლის განმავლობაში 20 230 ლარი აუღია.

კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა მამუკაშვილი - ხელფასი 14 160 ლარი, პრემია - 6 110 ლარი. სულ დეკემბრამდე - 20 230 ლარი.

რეგიონალური სამსახურის უფროსი - გაიოზ მახნიაშვილი. ხელფასი თვეში – 1 180 ლარი. წელიწადში – 14 160 ლარი, პრემია - წელიწადში 6 070 ლარი. სულ დეკემბრამდე – 20 230 ლარი.

სამსახურის უფროსებთან დაკავშირებით ასეთი ტენდენცია შევამჩნიეთ - პრემიები ხელფასის განაკვეთზე მეტი ეძლევათ.

დავით აბულაძე თავის დროზე მალხაზ მირუაშვილის ადგილზე იყო. როგორც ჩანს, აპრილამდე მუშაობდა და მოასწრო თვეში 1460 ლარის აღება, სულ მარტის ჩათვლით 4380 ლარის აღება. ამას დავუმატოთ ერთი თვის პრემია, ჯამში გამოვა - 5 840 ლარი.

დანარჩენების ჩამოთვლა მიზანშეწონილად აღარ ჩავთვალეთ. მთლიანად სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის 2009 წლის ათი თვის ჩათვლით პრემიების სახით დახარჯულია 108 450.

ჩვენ ასევე დავითვალეთ სამხარეო ადმინისტრაციაზე ხელფასის სახით დახარჯული თანხის სრული რაოდენობა. „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავში დეტალურად არის გაწერილი რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მუშა-მოსამსახურეთათვის გათვალისწინებული თანხის რაოდენობა. 2009 წლის მონაცემებით, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციას 570 000 ლარი გაუთვალისწინეს ასათვისებლად. გუბერნატორ მიშა ქარელის დროს ეს თანხა 378 200 ლარს შეადგენდა. მისი წასვლის შემდეგ 2008 წელს რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის ასიგნებები  496 000 ლარს შეადგენდა. 2009 წელს კი ლადო ვარძელაშვილის უწყებას ასიგნებები ხელფასებისთვის 570 000 ლარზე ავიდა. ამ თანხაში არ შედის პრემიების თანხა – სულ 108 450 ლარი, რომელიც ასევე სხვა თანხაა. ასევე არ შედის ის 10 000 ლარი, რომელიც ხარჯის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვა მიმართულებით ერიცხება. მთლიანობაში უკვე შეგვიძლია შევკრიბოთ ხელფასის, პრემიების და ოფისის ხარჯების თანხა და საბოლოო მივიღებთ (570 000 + 108 450 + 10 000) = 688 450 ლარს.

ახალი ამბები