კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა

11 იანვარი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა. ეთერში აღარც თოქშოუ „დიალოგი“ და სხვა გადაცემები გავა. თუმცა, ტელეკომპანია მაუწყებლობას არ წყვეტს. „თანამგზავრში“ სულ 14 თანამშრომელი მუშაობდა, აქედან - 3 ჟურნალისტი. ათამდე თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. უცნობია, ტელეკომპანია სრული დატვირთვით მუშაობას როდის აღადგენს.

ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორის, ენრი კობახიძის განცხადებით, საინფორმაციო სამსახურის მუშაობა ორი მიზეზით შეწყდა - „ტელეკომპანია ოფისის გარეშე დარჩა და შემოსავლებიც შეგვიმცირდა“. მისივე თქმით, ტელეკომპანია დღემდე თელავში, ერთ-ერთ კერძო სახლში იყო განთავსებული. სახლის მეპატრონესთან დადებულ ხელშეკრულებას ვადა რამდენიმე თვის წინ გაუვიდა და მესაკუთრემ კონტრაქტი აღარ გააგრძელა, რადგან სახლს ყიდის.

„ტელევიზიის ყოველთვიური შემოსავალი რეკლამებიდან და განცხადებებიდან 2500 ლარს არ აღემატება. ამ თანხით ხელფასებს ძლივს გავცემდით. ახალი ამბების მომზადებაც ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ჟურნალისტების ტრანსპორტირებისთვის ხარჯები აღარ გვაქვს. ეთერში მხოლოდ ფილმები გავა. საეთერო განყოფილება სხვაგან, ერთ ოთახში გვაქვს განთავსებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

საინფორმაციო გამოშვება „მაცნე“ ეთერში დღეში სამჯერ გადიოდა, შაბათ-კვირის გარდა. ტელევიზიას ყოველკვირეული თოქშოუ „დიალოგი“ ჰქონდა. თელავის ტელევიზია ერთადერთი ადგილობრივი ტელეკომპანიაა კახეთში, რომელიც მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანია „თანამგზავრს“ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პრობლემა არაერთხელ შეექმნა. „თელავის გამგეობიდან ჩვენი კორესპონდენტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიღება. 2005 წლის ნოემბერში თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, გოჩა მამაცაშვილის დავალებით, ტელეკომპანიაში ფინანსური პოლიცია შემოიჭრა, რამაც „თანამგზავრის“ მუშაობა შეაფერხა. ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვერაფერი რომ ვერ მოგვიხერხეს, ბოლოს ფინანსური პოლიცია ყველა იმ საწარმოში შევიდა, ვისაც სარეკლამო მომსახურებას ვუწევდით. ზეწოლისა და ზედმეტი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ამ ორგანიზაციებმა ჩვენთან თანამშრომლობაზე საერთოდ უარი თქვეს“, - აცხადებს „თანამგზავრის“ ჟურნალისტი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნატო მეგუთნიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ენრი კობახიძე „თანამგზავრს“ უკავშირებს გოგი თოფაძის ბიზნესპარტნიორის და პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლუკა რამაზაშვილის დაპატიმრებას. კობახიძე თელავის ტელევიზიის დირექტორად სწორედ ლუკა რამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. რამაზაშვილს კი ტელეკომპანიის მართვაში დახმარება ტელევიზიის ერთ-ერთმა მესაკუთრემ მარიეტა გრიშიკაშვილმა სთხოვა.

ენრი კობახიძე: „თელავის ტელეკომპანიის დირექტორად 2006 წელს დავინიშნე. დაახლოებით ერთ თვეში თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა მამაცაშვილმა დამიბარა და მითხრა, რომ ახალი ამბები მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნდა გაგვეშუქებინა. ამაზე ჩემგან უარი მიიღო. პირდაპირ ვუთხარი, რომ სარედაქციო საქმიანობაში არავის ჩავრევდით, თუმცა ყველა ამბავს გავაშუქებდით. საუბარი არ დამამთავრებინა და მითხრა - რადგან ვერ შევთანხმდით, გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთო“.

მარიეტა გრიშიკაშვილი: „ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მე დამიკავშირდნენ და ტელევიზიაში ჩემი კუთვნილი წილის დათმობა მომთხოვეს. რა ფორმით, არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, თუ გავასხვისებდი, იყიდდნენ. მე უარი ვთქვი“.

ენრი კობახიძე ამბობს, რომ ტელევიზიის დამფუძნებლისგან წილის დათმობაზე უარის მიღების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავად ლუკა რამაზაშვილს დაუკავშირდნენ. „ლუკამ რამდენჯერმე მითხრა - გამაფრთხილეს, ტელევიზიის გამო დიდ პრობლემებს შეგიქმნითო“, - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, ტელეკომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, ეთერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი კადრები გაუშვეს. სპეცოპერაციის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ორი ადამიანი მოკლეს.

„მასალის გავრცელებამდე კახეთის გუბერნატორის მოადგილე, შალვა ერისთავი მირეკავდა და მოითხოვდა, სიუჟეტი ეთერში არ გაგვეშვა. იგივეს მოითხოვდა პოლიციის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობაც, მაგრამ მასალა ეთერში მაინც გავუშვით. ისე მოხდა, რომ მომდევნო დღეებში ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ იჩეხებოდა უკანონოდ და როგორ გაჰქონდათ ხე-ტყე თურქეთში. სიუჟეტის თანახმად, ამ ყველაფრის უკან თელავის გამგებელი გოჩა მამაცაშვილი იდგა“, - იხსენებს ენრი კობახიძე.

ამის შემდეგ თელავის ტელეკომპანია, ყოფილი დირექტორის და ერთ-ერთი მფლობელის, ზურაბ ქუმსიაშვილის მოთხოვნით, შენობიდან გააძევეს. ტელევიზიის მოქმედმა ხელმძღვანელობამ ქალაქ თელავში კერძო ბინა იქირავა, მაგრამ მისი დატოვებაც რამდენიმე დღეში მოუხდათ. იმავე დღეებში ლუკა რამაზაშვილიც დააკავეს.

2006 წლის 1 თებერვალს სამართალდამცავებმა ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძეც დააკავეს. თელავის პოლიციის თანამშრომელი უჩა იაგორაშვილი კობახიძეს წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებდა. საქმის მასალების მიხედვით, კობახიძემ სასამართლო დარბაზში იმ დროს შეიგინა, როცა მოსამართლემ ლუკა რამაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ერთი თანამშრომლის გარდა კობახიძის მხრიდან გინებას არავინ ადასტურებდა, სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მაინც სცნო და მას ჯარიმის სახით 7,5 ლარის გადახდა დააკისრა.

ენრი კობახიძის განცხადებით, მარიეტა გრიშიკაშვილს ტელევიზიაში 40 პროცენტიანი წილი რომ დაეთმო, ამაზე ლუკა რამაზაშვილთან მოლაპარაკებები მისი დაპატიმრების შემდეგაც მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ელდარ გრიშიკაშვილი (მარიეტა გრიშიკაშვილის შვილი) მამასთან ერთად თავის სახლში 1998 წელს მოკლეს. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია.

ახალი ამბები