კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამბავი მარეკ დუდაევისა - როგორ იქცა 13 წლის ბიჭი საშიშ ურჩხულად

13 იანვარი, 2010

მარი ოთარაშვილი

 „სამხრეთ ოსეთის საველე მეთაური“, „მეთაურთა მეფე“, „მგელი“ – ზოგჯერ ასეთი რომანტიკული ეპითეტებით მოიხსენიებენ სამხრეთ ოსეთში ცნობილ კრიმინალს მარეკ დუდაევს. პასპორტის მიხედვით, მარეკს ქართული სახელი აქვს - ნოდარი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთ დროს, სანამ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის ცეცხლი დაინთებოდა, დუდაევების ოჯახი ქართველებთან ინტეგრირებული იყო.

ნოდარ (მარეკ) დუდაევი ამჟამად სასჯელს ქართულ ციხეში იხდის. მეორე მხრივ, დუდაევის ცხოვრება ტრაგიკული ისტორიებით არის დამძიმებული. ჯერ კიდევ 13 წლის მოზარდმა საკუთარი თვალით იხილა მამის მკვლელობა, დის გაუპატიურება და დედის დაწვა. ეს დანაშაული დღემდე არ არის გამოძიებული, მაგრამ შეიძლება ითქვას, იგი ქართულ-ოსური ეთნიკური კონფლიქტის შემადგენელი ნაწილია. ოჯახზე თავდამსხმელები ქართველები იყვნენ და ძალადობას ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე მიმართავდნენ. ქართველი კონფლიქტოლოგები თანხმდებიან ერთ აზრზე, რომ დუდაევი სწორედ ამ საზარელმა ცხოვრებისეულმა ეპიზოდებმა აქცია შურისმაძიებელ კრიმინალად. ექსპერტთა ნაწილის აზრით, კოკოითის მარიონეტულ მთავრობას ავტორიტეტული კრიმინალის გათავისუფლება ხელს დიდად არ უნდა აძლევდეს. ამის მიუხედავად, მის გადაცემას სხვადასხვა დონის მოლაპარაკებებზე ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება დღესაც დაჟინებით მოითხოვს. კოკოითის მთავრობა დუდაევს ხან „პოლიტპატიმარს“, ხანაც „სამხედრო ტყვეს“ უწოდებს.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაცის თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ მარეკ დუდაევი სისხლით ოსი არ არის. ის წარმოშობით ჩეჩენია. მისი წინაპრები ჩრდილო კავკასიიდან სისხლიან შურისძიებას დიდი ხნის წინ გამოერიდნენ და ვლადიკავკაზსა და ცხინვალში გადაბარგდნენ.

2005 წლის 25 ნოემბერს მარეკ დუდაევს, მცხოვრებს ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მკვლელობისთვის, გამომძალვებლობისა და ბანდიტიზმისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისმა ადვოკატმა ნათია სირაძემ ამ სასამართლო პროცესს „სპექტაკლი“ უწოდა. მისი თქმით, სასამართლო სხდომებზე გამომძიებლებიც და მოწმეებიც პოლიციის მიერ იყვნენ დაშინებულები.
    
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2005 წლის 26 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მარეკ დუდაევის ძმა – ერიკ დუდაევი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია, ასევე არის კანონიერი ქურდი, რომელიც ადამიანებს იტაცებს, გამომძალველია და არაერთხელ გამოიჩინა თავი სხვადასხვა სახის ბანდიტიზმით. 

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობა მარეკ დუდაევის გათავისუფლებას, ნებისმიერ ფასად, მისი დაკავების დღიდან მოითხოვს, მაგრამ ამ შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწია. როგორც ჩანს, დუდაევის თავი ქართველი სამართალდამცველებისთვისაც ძვირად ფასობს, რადგან იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში დაპატიმრებულ ქართველ სამხედრო ტყვეებზეც კი არ გაცვალეს.
 
ამ მხრივ საინტერესოა ერთი ფაქტიც: 2005 წლის 8 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ცხინვალი-ვლადიკავკაზის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და  მოითხოვეს, სეპარატისტულ ხელისუფლებას გაეთავისუფლებინა მათი თანასოფლელები, რომლებიც იმხანად ტყვეობაში იმყოფებოდნენ. რუსეთის ე. წ. სამშვიდობო ძალების სარდლის, გენერალ მარატ კულახმეტოვის მცდელობის მიუხედავად, აქცია  არ ცხრებოდა. ცხინვალმა ქართველი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ მყისვე მარეკ დუდაევის გათავისუფლება მოითხოვა. საქართველოს შსს-მ მაშინაც პირდაპირ განაცხადა, რომ დუდაევის გაცვლას არ დათანხმდებოდა.

2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ მხარეს მარეკ დუდაევი ძმებ ხაჭაპურიძეებში უნდა გაეცვლა. თუმცა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, მიხეილ მინძაევის ცნობით, გაცვლა არ შედგა.

ტელეკომპანია „202“-ზე გასულმა ვახო კომახიძის ჟურნალისტურმა გამოძიებამ მარეკ დუდაევის მიმართ ოსური მხარის ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა. ქართული მხარის მიერ წაყენებული ოფიციალური მონაცემები და ბრალდებები ეჭვქვეშ დადგა. უფრო მეტიც, მთელი რიგი ბრალდებები დახვავდა არა ბრალდებული მარეკ დუდაევის, არამედ მისი მამხილებელი ქართული სამართალდამცავი სისტემის მიმართ.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ მარეკ დუდაევზე ქართველ კონფლიქტოლოგებს აზრი არ შეუცვლიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ არცეველი ნოდარ დუდაევის კრიმინალად ჩამოყალიბებაში ლომის წილი ქართულ მხარეს მიუძღვის.

ზაალ კასრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე: „მარეკ დუდაევს ქართველებმა მამა მოუკლეს, და თვალწინ გაუუპატიურეს, დედა კი მდუღერეთი დაუთუთქეს. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს დუდაევი 13 წლის ბიჭი იყო. ფაქტობრივად, ეს ადამიანი, რომელიც ახლა ქართულ ციხეში იხდის სასჯელს, ძალით აქციეს კრიმინალად. ამ ძალადობის მერე მას აღარც ოსი უნდოდა და აღარც ქართველი. მთაში გაზრდილ ბიჭს, რომელიც მთის დაუწერელი წესებით იზრდება, თბილისელ „დედიკოს ბიჭს“ ვერ შეადარებ. ასე თუ შევხედავთ, შეიძლება, დუდაევი გამოუსწორებელ ბოროტმოქმედად მოგვეჩვენოს. თუმცა, როცა მთიელ ბიჭს თვალწინ ასეთ საშინელებებს უკეთებ, უბრალოდ, გამორიცხულია, მისგან ბოროტმოქმედი არ გამოვიდეს“.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: „მარეკ დუდაევი პატარა ბიჭი იყო - 13 წლის, როცა საშინელი ამბები გადახდა თავს. სწორედ ამან განაპირობა მისი გაკრიმინალება. კი ბატონო, მანამდე შეიძლება, რაღაცას ბაცაცობდა, ხულიგანი იყო, მაგრამ ასეთი დაუნდობელი არ ყოფილა. როგორც ვიცი, მარეკ დუდაევს ვაჟკაცობაც ჩაუდენია, „არსენაც“ ყოფილა და, ამავე დროს, რაღაცა ანგარიშსწორების გამო მოხუცი კაციც მოუკლავს“.

ზაალ კასრელიშვილის თქმით, დუდაევის გაკრიმინალებას იმ დროს არსებულმა სიტუაციამ და მიმდინარე მოვლენებმაც კარგად შუეწყო ხელი, რაშიც გადამწყვეტ როლს რუსეთის სპეცსამსახურები ასრულებდნენ. 

„მაშინ, როცა ეს ბიჭი გაკრიმინალდა, საშინელი დრო იყო (90-იან წლებს ვგულისხმობ). ერთამანეთს არავინ ინდობდა. ყაჩაღად მის გავარდნაში დიდი წლილი მიუძღვის როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს, ისე რუსეთის სპეცსამსახურებს. სწორედ ეს უკანასკნელი აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ქართველები და ოსები ერთმანეთზე გადაეკიდა“, - ამბობს კასრელიშვლი.

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ტრაგედიის მიუხედავად, მარეკ დუდაევი ნაციონალური ნიშნით კრიმინალი არ ყოფილა. იგი დიდად არ ანსხვავებდა ერთმანეთისგან ქართველს, ოსს და რუსს.

ზაალ კასრელიშვილი: „ეს ბიჭი კრიმინალად რომ გავარდა, მერე აღარც ოსს ინდობდა და აღარც ქართველს. გაიხსენეთ აფხაზი კრიმინალის - ბუთბას ისტორია. ეს ადამიანიც ამ დღეში აღმოჩნდა – სულ პატარა იყო, კარის მეზობლებმა დედ-მამა რომ ჩაუხოცეს. მერე აიღო თოფი. 20 წლისა უკვე ცნობილი მეომარი იყო. მერე და მერე მოზღვავებული აგრესია მშვიდობიან მოქალაქეებზე გადაიტანა. შედეგად აფხაზებსაც ამწარებდა და ქართველებსაც. ბოლოს ასაფეთქებლად ორივე მხარემ გაიმეტა და ააფეთქეს კიდეც. ჩემი აზრით, მარეკ დუდაევი ქართველების კი არა, უსამართლობის მტერია, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც სახე. მას რომ მარტო ქართველები ჰყავდეს გამწარებული და დახოცილი, სხვანაირად ვილაპარაკებდი, მაგრამ ჩემთვის ცნობილია ვლადიკავკაზელების აზრიც მარეკ დუდაევზე. ვლადიკავკაზელი ოსები მას ეძახდნენ „მგელს“. საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ მარეკ დუდაევი არ არის „ოსი ბაევიკი“, ანუ მის კრიმინალურ ქმედებებში ნაციონალური ნიშნები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ქართველმა კრიმინალებმა გაამწარეს. დუდაევი მასშტაბური კრიმინალია, რომლისთვისაც სულ ერთია, მისი მსხვერპლი ქართველი იქნება, ოსი, თუ ჩეჩენი“.

იგივეს ამბობს მამუკა არეშიძეც: „მართალია, ოსური მხარე ახლა ითხოვს მის დაბრუნებას, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ამას ითხოვს მისი ნათესაობა, მეგობრები და ახლობლები. ოსური მმართველობის წარმომადგენლებს კი, ჩემი აზრით, მარეკ დუდაევის გათავისუფლება დიდად არ გაეხარდებათ. მისი ედუარდ კოკოითსაც კი ეშინია“.     

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარის თქმით, ოსური მხარე მარეკ დუდაევის დაბრუნებას, იმიტომ მოითხოვს, რომ იგი სამხრეთ ოსეთში მაინც სერიოზული ავტორიტეტია და სერიოზული გავლენების მოხდენა შეუძლია იქაურ პროცესებზე. ამდენად, მათ მარეკ დუდაევი სჭირდებათ. ესეც რომ არა, მას ნათესავები, მეგობრები, თავისი წრე ჰყავს, რომელთაც მისი პატიმრობა აღელვებთ და უნდათ, გაათავისუფლონ.

ამგვარად, მარეკ დუდაევის სახით, საქმე გვაქვს წინააღმდეგობრივ პიროვნებასთან, რომელსაც თან ავტორიტეტიც აქვს, თან მისი ეშინიათ და არ უყვართ, თანაც, ყველამ იცის, რომ გაბოროტებული კრიმინალია. ამავე დროს, მისი პიროვნების შეფასებისას, მაინც ვერავინ აუვლის გვერდს დუდაევების ოჯახურ ტრაგედიას. ამ ისტორიას კი უკვე ეთნიკური კონფლიქტის მწარე ფესვებისკენ მივყავართ.                   

ახალი ამბები