06:32, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზაზა ხატიაშვილი: „ადვოკატთა ასოციაცია ქმედითუნარიანი ორგანო იქნება“

13.01.2010
ანა შეშაბერიძე

ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 27 დეკემბერს ადვოკატებმა ამ თანამდებობაზე ზაზა ხატიაშვილი აირჩიეს. არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში 6 ადვოკატი მონაწილეობდა. ყველაზე ბევრი ხმა ქეთევან ქვარცხავამ და ზაზა ხატიაშვილმა მიიღეს, მეორე ტურში კი ზაზა ხატიაშვილმა 720 ხმით  გაიმარჯვა.

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა პროფკავშირების კანდიდატი იყო, ქეთევან ქვარცხავას კანდიდატურა კი ადვოკატთა ასოციაციის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, გოჩა სვანიძემ დააყენა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ზაზა ხატიაშვილს იმ ცვლილებებზე ესაუბრება, რაც ადვოკატთა ასოციაციაში იგეგმება.

- ბატონო ზაზა, თქვენი გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან სახელისუფლებო კანდიდატად არ ითვლებოდით. რას უნდა მივაწეროთ ეს?

-  ჩემი გამარჯვებით ადვოკატთა კორპუსმა გამოავლინა ის, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ვერც ერთმა სხვა სტრუქტურამ ვერ შეძლო, ანუ აირჩიეს კანდიდატი, რომელიც აშკარად მიუღებელი იყო ხელისუფლებისათვის იმ საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე, რასაც ხელისუფლება ახორციელებდა ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში. კერძოდ, ავტობუსებით ადვოკატების ჩამოყვანა, კუდის მანქანებში ადვოკატების ჩაყრა და თბილისში ჩამოყვანა, რომ კონკრეტული კანდიდატი შემოეხაზათ, ასევე დაშინების სხვადასხვა მეთოდები. ამ პირობებში ადვოკატთა კორპუსმა შეძლო ის, რომ აირჩია თავმჯდომარე, რომელიც ადვოკატთა უფლებების დამცველი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ადვოკატთა კორპუსის გადაწყვეტილება.

თქვენს განცხადებებში ხშირად შეინიშნება პოლიტიკური ინტონაციები. მოახდენს თუ არა პოლიტიკა გავლენას თქვენს საქმიანობაზე?

- მინდა, პოლიტიკური პროცესებისგან შორს ვიყო. ამ მთავრობას თუ ჰგონია, რომ მე ქუჩაში დავდგები და დროშის ქნევას დავიწყებ, ახლავე შემიძლია ვუთხრა, რომ იმედები გაუცრუვდება. მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და ჩემი მოვალეობაა ასოციაციის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა.

ამისათვის რა მეთოდებით აპირებთ ბრძოლას?

- რა მეთოდებით ვიბრძოლებ კონკრეტულ შემთხვევებში, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ეს უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საკითხის დაყენება, რომ ახალ საპროცესო კოდექსში საჭიროა ცვლილებები, რათა  მხარეთა თანასწორუფლებიანობა იყოს დაცული. ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო კარგად ინფორმირებაა საჭირო.

- უახლოეს ხანებში თუ გეგმავთ რაიმე ცვლილებების შესახებ ინიციატივის წარდგენას?

- კონსულტაციების შედეგად ადვოკატთა კორპუსთან შევქმენით ჯგუფი, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადვოკატი, შალვა შავგულიძე ჩაუდგება სათავეში. ჩვენ  „ადვოკატთა შესახებ“ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უნდა შევცვალოთ ის ნორმები, რაც საერთაშორისო სტანდარტებისთვის მიუღებელია. საინტერესოა, რომ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ინგლისური ვარიანტი ქართულისგან განსხვავდება. ამაზე გვექნება მკაცრი რეაქცია. არ შეიძლება, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იჯდეს კაბინეტში, იღებდეს ადვოკატთა გადასახადებიდან ხელფასს და ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს.

ჯერ უნდა შემუშავდეს ცვლილებების პაკეტი ადვოკატების მხრიდან, შემდეგ უნდა მოინახოს ლობისტთა ჯგუფი, რომელიც დააყენებს ამ საკითხს. პარლამენტიდან არ წყდება ზარები ლობირების მსურველებისა. ბევრი გვიკავშირდება, როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე ოპოზიციური მოძრაობიდანაც და გვთავაზობენ, რომ თუ იქნება რეალური წინადადებები, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, ისინი სიამოვნებით იქნებიან ლობისტები. ეს არის ძალიან კარგი ფაქტი და თუ  საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს ცვლილებებს, უკეთესად გვეცოდინება, ვის უნდა და ვის არ უნდა რეალური ცვლილებები საქართველოში.   

ცვლილებების პაკეტი საზოგადოების სამსჯავროზე გამოვა და ამ ცვლილებების შედარება მოხდება საერთაშორისო კანონებთან, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი და რომელსაც საქართველო პრიორიტეტულად აღიარებს. თუ საერთაშორისო სტანდარტს აღიარებ, ეს  სტანდარტი ეროვნულ კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.

- თქვენს მხარდაჭერებზე არჩევნებამდე ზეწოლა ხორციელდებოდა. თქვენი არჩევის შემდეგაც თუ ხდებოდა მსგავსი რამ?

- ჩემი არჩევის შემდეგაც იყო კახეთში ფაქტი. კერძოდ, ის ადვოკატები, ვინც სოდის მანქანაში არ ჩასხდნენ და არჩევნებზე კახეთიდან საკუთარი მანქანებით წამოვიდნენ, ჩემს მომხრეებად გამოაცხადეს. შემდგომში მათ კლიენტებს ეუბნებოდნენ, რომ ამ ადვოკატებთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ.

- ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად პოლიციის სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი აირჩიეს. რამდენად მართებული იყო ეს გადაწყვეტილება?

- კანონში შევიდა ცვლილება, რომ სამოქალაქო საზოგადოების სამი წარმომადგენელი უნდა იყოს ადვოკატთა ეთიკის კომისიაში, რათა მისი მუშაობა იყოს გამჭვირვალე. კომისიის წევრობის კანდიდატებად ათობით ადამიანი იყო დასახელებული. ასოციაციას თავადვე უნდა აერჩია ის, ვინც იქნებოდა დამოუკიდებელი პიროვნება და გარანტი იმისა, რომ ადვოკატები უკანონოდ არ დაისჯებიან. ასეთი პიროვნება აღმოჩნდა იური ვაზაგაშვილი და ასევე კიდევ ორი პროფესორი. ადვოკატებს შორის იური ვაზაგაშვილმა დააგროვა ყველაზე მეტი ხმა და პირველ ადგილზე გავიდა.

ეს არის აპრობირებული მეთოდი დასავლეთში და ამაზე წავიდა ადვოკატთა ასოციაცია - გამჭვირვალე გახადა თავისი მუშაობა. ამაზე ბევრი სხვა სტრუქტურაც უნდა წავიდეს - უზენაესი სასამართლო, იუსტიციის საბჭო და ა. შ.

- თქვენ აცხადებდით, რომ თქვენი კანდიდატურა ხელისუფლებისთვის იქნებოდა საშიში. რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ზაზა ხატიაშვილმა მას?

- ამიერიდან ადვოკატთა ასოციაციაში არ მოხდება ის, რაც აქამდე ხდებოდა. ადვოკატთა ასოციაცია იმიტომ იყო შექმნილი, რომ არ ჰქონოდა დარღვევებზე რეაქცია. მე დარღვევებზე მექნება რეაქცია, რომელიც იქნება ქმედითუნარიანი და ასოციაციის თითოეულ წევრს დაიცავს. ასოციაცია ადრე იყო ორგანო, სადაც შეიძლებოდა რეაქცია არ ჰქონოდათ, როცა მის წევრებს აპატიმრებდნენ და თავში ურტყამდნენ. 4 წლის განმავლობაში, რაც ასოციაცია არსებობს, 100-ზე მეტი ადვოკატია დაპატიმრებული (ზოგი ვერსიით - 200-მდე) და არც ერთი პრესკონფერენცია ადვოკატის დაცვის კუთხით არ გამართულა. როცა ადვოკატს იჭერენ თავისი საქმიანობის და არა დანაშაულის გამო, ამაზე უნდა ამოვიღოთ ხმა.

ხელისუფლებამ იცის, რომ ამაზე ზაზა ხატიაშვილს ექნება რეაქცია. ზაზა ხატიაშვილი იბრძოლებს იმისათვის, რომ ადვოკატის ინსტიტუციონალური დაცვა მოხდეს. ადვოკატის კანონში და საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილებები. მე მინდა ადვოკატების ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და მეტი არაფერი. ამაში ვინც დამეხმარება, ჩემი მტერიც რომ იყოს, ყველა ადამიანი გახდება ჩემი მეგობარი.

თუ ვინმეს უნდა სახელმწიფოს განვითარება და სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა, როგორ შეიძლება, არ უხაროდეს ადვოკატთა ასოციაციაში ადამიანის უფლებების დამცველი ადვოკატის მოსვლა? ადვოკატისა, რომელიც მთელი ცხოვრება იცავდა ადამიანის უფლებებს. ხელისუფლებაში შეშფოთებული არიან იმით, რომ საქართველოში შეიძლება მოხდეს რაიმე წარმატებული რეფორმა და არა ის ფასადური სასამართლო რეფორმა, რომელსაც საზოგადოებაში „დეფორმას“ უწოდებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
1 2 3
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC