კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგებლები სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საკრებულოს დაუკითავად ხარჯავენ

18 იანვარი, 2010

შორენა ღლონტი, გურია

არასამთავრობო სექტორის მტკიცებით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა კანონი დაარღვიეს და სარეზერვო ფონდიდან 70 000 ლარი არაკანონიერად გახარჯეს. კერძოდ, ოზურგეთის მუნიცალიტეტის გამგეობამ - 50 000 ლარი, ხოლო ჩოხატაურის გამგეობამ - 20 000 ლარი.

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელს სარეზერვო ფონდის განკარგვა საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით შეუძლია.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მაისის #54 დადგენილებით, გამგებელი უფლებამოსილია, განახორციელოს სარეზერვო ფონდში ცვლილება საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საკრებულოს გადაწყვეტილება ემყარება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიების დასკვნებს -  ღონისძიებების დაფინანსების მიზანშეწონილობის თაობაზე. ამასთან, იმ შემთხვევებში, როცა დაყოვნებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს მძიმე შედეგები, გამგებელი ოპერატიულად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდში ცვლილების შეტანის თაობაზე და, არაუგვიანეს ორი კვირისა, წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასაბუთებულ ინფორმაციას ხარჯების ოპერატიულად გაწევის აუცილებლობის თაობაზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარის, გელა გობრონიძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს 2009 წელში სარეზერვო ფონდიდან ხარჯების ოპერატიულად გაწევის აუცილებლობის თაობაზე საკრებულოსთვის არ წარმოუდგენია კანონმდებლობით გათვალისწინებული დასაბუთებული მოთხოვნა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხები შემდეგი ღონისძიებების დაფინანსებისთვის გაიხარჯა: „საწევრო შენატანი (ევროგაერთიანების)“ „ფირნიშები“; „საგზაო ნიშნები“; ჟურნალი „ფაქტები და საქართველოს რეგიონები“; „პრივატიზაციის ოთახის რემონტი“; „ვებ-გვერდის შექმნა“ და ა.შ. სწორედ ამ და სხვა მსგავს ღონისძიებებს მოხმარდა წლის განმავლობაში 50 000 ლარი.

„შეუძლებელია, ჩამოთვლილი ხარჯები სარეზერვო ფონდს ეკუთვნოდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის მიზნებს. ის, რომ ვებ-გვერდი არის შესაქმნელი ან პრივატიზაციის ოთახია გასარემონტებელი, არ გვგონია, რომელიმე სტიქიურ მოვლენას უკავშირდებოდეს და ოპერატიულად გასაწევ ხარჯს წარმოადგენდეს“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ ეკონომისტი ლევან ჩხაიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ავთანდილ მექვაბიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი წესრიგშია და საბიუჯეტო სახსრები აბსოლუტურად მიზნობრივად გაიხარჯა: „ჩაიხედონ წესიერად კანონში და ნახავენ, არის თუ არა არამიზნობრივად გახარჯული. ყველაფერი მიზნობრივად გაიხარჯა, რაზეც აუდიტის დასკვნებიც გვაქვს. ეს დასკვნები კონტროლის პალატაშიც არის წარდგენილი და დადგენილი ფაქტია, რომ გამგეობამ სარეზერვო ფონდი და  საბიუჯეტო სახსრები აბსოლუტურად მიზნობრივად გახარჯა“.

როგორც იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს გურიის განყოფილების უფროსი ლაშა თავაძე აცხადებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი შემუშავებული არა აქვს. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით კი, საკრებულოს დადგენილი აქვს სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი. „ჩვენ გვაქვს სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხა არაკანონიერად არ გახარჯულა“, - გვითხრა ხუნდაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, გია გიორგაძეს მიაჩნია, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხა მიზნობრივად გაიხარჯა. 

რესპუბლიკური პარტიის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე ამბობს, რომ  საქმე გვაქვს გამოკვეთილ კანონდარღვევასთან და შესაბამისი პირების უპასუხისმგებლობასთან. საკრებულოებმა არ გამოიყენეს  უფლებამოსილება დამტკიცებასა და კონტროლზე, ხოლო გამგებლებმა გადაამეტეს თავის უფლებამოსილებას.

ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევებში დარღვეულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი. რაც ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების შესაბამისი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია.

ახალი ამბები