კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უნივერსიტეტიდან ლექტორი განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლეს

20 იანვარი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ელდინო ჯანგულაშვილი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს განსხვავებული აზრის გამო დევნაში ადანაშაულებს. სამსახურიდან გათავისუფლებამდე ელდინო ჯანგულაშვილი უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებს კორუფციაში ამხელდა. უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად, ის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა. ჯანგულაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში კლანური მმართველობა და კორუფციაა.

ელდინო ჯანგულაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27 წლის განმავლობაში მუშაობდა - უფროს მასწავლებლად, დოცენტად, კათედრის გამგედ, დეკანად, პედაგოგიური ფაკულტეტის სრულ პროფესორად. უნივერსიტეტს გარეთ ის 2009 წლის 10 სექტემბრიდან, კონკურსის შედეგად დარჩა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 10 ივლისის ბრძანებით დაინიშნა.

პედაგოგიურ ფაკულტეტზე პედაგოგიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 2 ვაკანსია გამოცხადდა. ელდინო ჯანგულაშვილი კონკურსში სწორედ ამ ვაკანსიების დასაკავებლად მონაწილეობდა. მისი კონკურენტები უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე დავით მახაშვილი და მისი მეუღლე ნინო მოდებაძე იყვნენ.

კონკურსი 2009 წლის 10 სექტემბერს ჩატარდა. უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური თანამდებობების დაკავების მსურველებს უნივერსიტეტის რექტორის მიერ მოწვეული დარგობრივი კომისიის წევრები სცდიდნენ. პედაგოგიურ ფაკულტეტზე, პედაგოგიკის მიმართულებით, დარგობრივი საკონკურსო კომისიის წევრებად მოწვეულები იყვნენ ივერი ბასილაძე (კომისიის თავმჯდომარე) და მაია ახვლედიანი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები პედაგოგიკის მიმართულებით.

დებულების თანახმად, კონკურსი ორ ეტაპად ტარდება: პირველ ეტაპზე დარგობრივი კომისიის მიერ დგინდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო მეორე ეტაპზე ხდება კონკურსანტებთან გასაუბრება, რათა დადგინდეს კანდიდატის პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან.

ამავე დებულების თანახმად, კონკურსანტს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამივე საფეხურზე დარგის სწავლების ერთი კონცეფცია უნდა წარედგინა. ჯანგულაშვილმა ერთის ნაცვლად, სამი კონცეფცია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ წარდგენილი კონცეფციებიდან ერთ-ერთით, ოთხი წლის წინ, ელდინო ჯანგულაშვილმა უნივერსიტეტში სრული პროფესორის ადგილი დაიკავა.

დარგობრივმა კომისიამ აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნად ელდინო ჯანგულაშვილს რეკომენდაცია არ გაუწია. ასოცირებული პროფესორის საკონკურსო ბარათში მითითებულია, რომ „დარგის სწავლების კონცეფცია სწავლების სამივე საფეხურზე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს“. ამავე ბარათში, პირველივე გვერდზე ხაზგასმით არის მოცემული, რომ ამ მუხლების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კონკურსანტს არ ეძლევა რეკომენდაცია აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. აქედან გამომდინარე, თუ „დარგის სწავლების კონცეფცია სწავლების სამივე საფეხურზე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს“, დარგობრივი კომისიის წევრებს გამოსაცდელი დანარჩენ კომპონენტებში აღარ უნდა შეეფასებინათ. ბასილაძემ და ახვლედიანმა ელდინო ჯანგულაშვილი დანარჩენ კომპონენტებშიც გამოსცადეს და დაბალი ქულები დაუწერეს.

დარგობრივი საკონკურსო კომისიის წევრების თქმით, ელდინო ჯანგულაშვილს რეკომენდაციია კიდევ იმიტომ არ გაუწიეს, რომ კონკურსანტის მიერ ჟურნალ „საზრისში“ გამოქვეყნებული შრომები საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციები არ არის. არადა, ჟურნალ „საზრისში“ გამოქვეყნებული შრომები საერთაშორისო პუბლიკაციებად ითვლება და ჯანგულაშვილს ეს განათლების სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა.

დარგობრივი კომისიის წევრებმა ბასილაძემ და ახვლედიანმა ჯანგულაშვილს ავტობიოგრაფიის წერის სტილიც დაუწუნეს. კომისიის წევრები დასკვნაში მიუთითებენ, რომ ელდინო ჯანგულაშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი საკონკურსო დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. კერძოდ: „ქალბატონი ელდინოს მიერ წარმოდგენილი პირადი მონაცემები, ჩვენი აზრით, არ შეესაბამება CV-სადმი წაყენებულ მოთხოვნებს. არ არის დაცული თანმიმდევრობები, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ა.შ“.

დებულებით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატის განცხადების შესაბამისობის დადგენა უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ევალება. ჯანგულაშვილის საბუთებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მისთვის სამსახურს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა უნდა მიეცა, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი, კონკურსში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირებისათვის ავტობიოგრაფიის მის მიერ დადგენილი წესით და სტანდარტით წარდგენა არ მოუთხოვია.

„დარგობრივი კომისია იყო ტენდენციური. ზოგიერთი მონაწილის გამოცდას კომისია 10 წუთში ამთავრებდა. პირადად მე კი, კომისიის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ერთსა და იმავეს სხვადასხვაგვარად მეკითხებოდნენ. კონკურსის დროს, როდესაც ჩემი გამოცდა მიმდინარეობდა, კომისიის თავმჯდომარემ დაახლოებით 10 წუთით აუდიტორია დატოვა. თელავის უნივერსიტეტში კონკურსის მსვლელობისას კი დაირღვა კონკურსის თანასწორობის, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების პრინციპი“, - აცხადებს ელდინო ჯანგულაშვილი.

2009 წლის 14 სექტემბერს ელდინო ჯანგულაშვილმა დარგობრივი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართა.

განცხადების პასუხად, 2009 წლის 15 სექტემბრის წერილით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა გიორგი გოცირიძემ ელდინო ჯანგულაშვილს აცნობა: „უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განიხილა თქვენი განცხადება და დაეთანხმა დარგობრივი კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, თქვენ ვერ დაიკავეთ პედაგოგიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა“. რექტორი წერილში აღნიშნავს, რომ დარგობრივი კომისიის წევრთა მიერ ელდინო ჯანგულაშვილისთვის რეკომენდაციის არგაწევის ძირითადი მიზეზი კონცეფციები გახდა, რომლებიც მოთხოვნებს სწავლების სამივე საფეხურზე ვერ აკმაყოფილებს.

ამ არგუმენტს უსაფუძვლოს უწოდებს ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის მიმართულების სრული პროფესორი, აკადემიკოსი შოთა მალაზონია. მისი თქმით, „საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო კონცეფცია – დიდაქტიკა ანუ სწავლების თეორია“ დადებით და მაღალ შეფასებას იმსახურებს. ელდინო ჯანგულაშვილის მიერ წარდგენილი დარგის სწავლების კონცეფცია სამივე საფეხურზე რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ კარანაძეც ადასტურებს.

ჯანგულაშვილის საქმე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმაც შეისწავლეს. „უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით არის ჩატარებული. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და დარგობრივი საკონკურსო კომისიის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით არის გამოცემული ყველა ის აქტი, რითაც ელდინო ჯანგულაშვილს უარი ეთქვა ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავებაზე. საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად მივედით ერთადერთ დასკვნამდე, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ელდინო ჯანგულაშვილს განსხვავებული აზრისთვის დევნის“, - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე.

ელდინო ჯანგულაშვილის სარჩელს დარგობრივი საკონკურსო კომისიისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით, თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს.

უნდა აღინიშნოს, რომ თელავის უნივერსიტეტიდან ელდინო ჯანგულაშვილის გაძევება, განსხვავებული აზრისათვის ლექტორების გათავისუფლების პირველი ფაქტი არ არის. 2008 წლის 22 მაისს, ანუ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე, თელავის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კოორდინატორი არჩილ ჯორჯაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რექტორის აპარატის უფროსი ნელი ცქიტიშვილი. ჯორჯაძე „ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერი იყო, ხოლო ცქიტიშვილი პარტია „თავისუფლების“ წევრი.

ახალი ამბები