კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად კობალაძე - უკანასკნელი ქართველი სამხედრო ტყვე ცხინვალში

25 იანვარი, 2010

ანა შეშაბერიძე

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცხინვალის ციხეებში ამჟამად 11 ქართველი პატიმარია. თითქმის ყველა მათგანი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაიტაცეს სხვადასხვა ვითარებაში. არსებობს მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაატყვევეს. ეს არის გენერალ კობა კობალაძის ბიძაშვილი, ზვიად კობალაძე, რომელიც ტყვედ ომის დაწყებიდან მე-3 დღეს ჩავარდა.

გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, ზვიად კობალაძე ამჟამად ცხინვალის ციხეში იმყოფება. პატიმრის ბიძა, თენგიზ კობალაძე აცხადებს, რომ ზვიად კობალაძე თავდაპირველად გორის სამხედრო ნაწილში მსახურობდა, ბოლოს კი სამშვიდობო ჯარების შემადგენლობაში იყო.

„ზვიად კობალაძე სამხედრო პირი იყო. ავნევში დააკავეს და საშინლად აწამეს. ფრჩხილები დააძვრეს. ახლა როგორც გვაქვს ინფორმაცია, არ აწამებენ. ოსურმა მხარემ გაასამართლა ბრალდებით, რომ ოსების წინააღმდეგ იბრძოდა. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს“, - ამბობს თენგიზ კობალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი სამხედრო ტყვეების არსებობას უარყოფს. შსს-ში ზოგადად აცხადებენ, რომ მათ აქვთ ცხინვალის რეგიონში მყოფი ქართველი პატიმრების სია. თუმცა, პატიმრების ზუსტი რაოდენობისა და მათ შორის ზვიად კობალაძის არსებობაზე ინფორმაციის მიღება  სამინისტროსგან ვერ შევძელით.

„რეზონანსთან“ საუბრისას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებს შორის სამხედრო პირები არ არიან. „იქ სამხედრო პირები არ არიან. რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, მათი გათავისუფლების საკითხში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ამ საკითხზე“.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ოს სეპარატისტებს პატიმრობაში 11 ქართველი ჰყავთ. ის ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ ქართველ ტყვეთა სიაში ზვიად კობალაძეც არის: ,,კობალაძე ფრონეს ხეობიდანაა და იგი ოსებმა მაშინ აიყვანეს, როცა ხეობაში ბრუნდებოდა“.

იბადება კითხვა - რატომ ასაიდუმლოებს შსს პატიმართა შორის ზვიად კობალაძის არსებობას? მამუკა არეშიძე ამას იმით ხსნის, რომ ასეთი ინფორმაციის გახმაურებას შეიძლებოდა, ხელი შეეშალა სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების საკითხში და გართულება მოყოლოდა. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ სამინისტრო ფარულად ცდილობდა მის გამოხსნას.

„ოსების მოთხოვნით ქართველებს ზვიად კობალაძე პატიმარ ლალიევში უნდა გაეცვალათ. ქართველებმა ლალიევი გაცვლის ადგილას ორჯერ მიიყვანეს, მაგრამ ოსებს სანაცვლოდ კობალაძე არ მიუყვანიათ, მიზეზად კი სხვადასხვა რამ დაასახელეს - ერთხელ კობალაძის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მეორედ კი საქმეში ახალი გარემობების გაჩენა“, - გვითხრა არეშიძემ, რომელიც ადასტურებს, რომ კობალაძე თავდაპირველად აწამეს.

შეიძლება თუ არა ზვიად კობალაძის გათავისუფლების საკითხზე გავლენა მოახდინოს გენერალ კობალაძის ფაქტორმა? კობა კობალაძე ე. წ. მუხროვანის ამბოხებაში იყო ბრალდებული და აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ შსს მისი ბიძაშვილის ბედისამი განსაკუთრებულ ყურადღებას არ გამოიჩენდა. შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ზურაბ გვენეტაძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ამ საკითხის დასაზუსტებლად დახმარება აღუთქვა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. მამუკა არეშიძეს კი მიაჩნია, რომ გენერალ კობალაძისა და ხელისუფლების გართულებული ურთიერთობა ზვიად კობალაძის გათავისუფლების საქმეზე გავლენას არანაირად არ ახდენს.

ახალი ამბები