კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი დანებებას არ აპირებს

26 იანვარი, 2010

ანა შეშაბერიძე

26 იანვარს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ოფისში ჟურნალისტები მოიწვია და ცენტრის რეგიონული კორესპონდენტის, საბა წიწიკაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტა.

საბა წიწიკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მიაყენეს. შემთხვევა 22 იანვარს მოხდა, როცა ჟურნალისტი ადმინისტრაციაში გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მისაღებად მივიდა http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4594&lang=ge  . პასუხის ნაცვლად კი დაცვამ კიბეზე დააგორა და შენობიდან ძალის გამოყენებით გააგდო.

ამ ფაქტს წინ უსწრებდა გაზეთ ,,ქართლის ხმაში“ გამოქვენებული საბა წიწიკაშვილის სტატია, რომელიც შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის (ე. წ. გუბერნატორის) ყოველთვიურ პრემიებს ეხებოდა http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4524&lang=ge .

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა, რატომ გახშირდა საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები: „ეს ხდება იმიტომ, რომ გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი, რაც პირდაპირ ხელისშემშლელად მოქმედებს ჟურნალისტების მუშაობაზე. ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმიანობისათვის განსაკუთრებით მძიმე გარემოა რეგიონებში, სადაც არასოდეს არავინ ისჯება კონკრეტული დანაშაულისათვის. საბა წიწიკაშვილი სხვადასხვა ჩინოვნიკებს აქამდეც არაერთხელ უცემიათ, მაგრამ ამის გამო არავინ მიუციათ პასუხისგებაში. სწორედ ეს დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს დამნაშავეებს, არათუ შეწყვიტონ, არამედ კიდევ გაიმეორონ დანაშაული“.

საბა წიწიკაშვილის თქმით, ბოლო დროს მასზე რამდენიმე სხვა ზეწოლის შემთხვევაც განხორციელდა. ამ შემთხვევების გამო ჟურნალისტს ოფიციალური უწყებებისთვის არ მიუმართავს, რადგან ცდილობდა, ზედმეტი პრობლემები აეცილებინა თავიდან. თუმცა,  საზოგადოებას პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას. მისი თქმით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ბოლო შემთხვევის გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავებს მიმართა. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს „სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა და შრომის უნარიანობის დაქვეითება“. ასეთი რამ წიწიკაშვილს რადგან არ აღენიშნება, დაზარალებული ვარაუდობს, რომ ამ მუხლით საქმის აღძვრა თავიდანვე ითვალისწინებს გარკვეული დროის შემდეგ მის დახურვას. წიწიკაშვილი მოითხოვს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით აღიძრას, რომელიც ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლისთვის დასჯას ითვალისწინებს.

გორის სამხარეო ადმინისტრაციაში მომხდარ ინციდენტში ის პირები მონაწილეობდნენ, რომელთაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მანამდეც მიაყენეს. საბა წიწიკაშვილის თქმით, ყველა შემთხვევას აქვს ერთი მიზანი - მან ხელი აიღოს მუშაობაზე და აღარ წეროს, რასაც იგი არ აპირებს.

უჩა ნანუაშვილმა 2008 წლის სექტემბერში მომხდარი ფაქტიც გაიხსენა, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ჩინჩილიკაშვილმა საბა წიწიკაშვილი ცემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოწმეები, საქმის გამოძიება ადგილიდან არ დაძრულა და ჩინოვნიკი კარგა ხანს კვლავ აგრძელებდა თანამდებობაზე მუშაობას, ვიდრე სხვა სამუშაოზე არ გადაიყვანეს.

,,მიგვაჩნია, რომ შემთხვევითი არ არის ზეწოლის მრავალი ფაქტი, რომელიც უკავშირდება საბა წიწიკაშვილს. ეს ასახავს საგანგაშო მდგომარეობას, რაც შიდა ქართლის რეგიონში გამოიხატება ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების უფლებების ფეხქვეშ გათელვით. ამაში დამნაშავეა როგორც ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე ცენტრალური ხელისუფლებაც, რომელიც არაფერს აკეთებს კონკრეტული დამნაშავეების დასასჯელად და ვითარების ოდნავ მაინც გამოსასწორებლად“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით მიმართვას ამზადებს. შსს-სგან კი მოითხოვს, ბოლომდე მივიდეს რამდენიმე დღის წინ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მკაცრად დაისაჯონ დამნაშავეები.

ახალი ამბები