კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნათია კორკოტაძე: „თუ სასამართლო სამართლიანი იქნება, ვახტანგ მაისაია დარბაზიდან უნდა გაათავისუფლონ“

27 იანვარი, 2010

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში გამოუტანს. პროცესი უკვე ხუთი თვეა, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მის დეტალებზე და სავარაუდო შედეგებზე „პირველი“ ბრალდებულის ადვოკატს, ნათია კორკოტაძეს ესაუბრა. 

- ვახტანგ მაისაია მუხროვანის სამხედრო ამბოხის დღეს დააკავეს. საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ამბოხი დადგმული სპექტაკლი იყო, მაისაიას დაკავება კი მხოლოდ მისი სცენარის გამყარებას ემსახურებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა მაისაიას დაკავებას რაიმე კავშირი ამბოხთან და რატომ შეირჩა ამ კონტექსტში მაინცდამაინც მაისაია?

- ვფიქრობ, ეს ხელისუფლების წმინდა პოლიტიკური ნება იყო. ამბოხება თუ ე.წ. ამბოხება როცა მოხდა, ვახტანგს ბრატისლავიდან დაურეკეს და ჰკითხეს, რა ხდებოდა რეალურად. ვახტანგმა უპასუხა, რომ არანაირ ამბოხებას ადგილი არ ჰქონია და ეს ყველაფერი ბლეფი იყო, შემდეგ კი დაკავებულობის მიზეზით სთხოვა თანამოსაუბრეს, 2 საათში დაერეკა და დაჰპირდა, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიდა. ზუსტად ორ საათში ის აიყვანეს. როგორც მაისაიას ადვოკატი, ვაცხადებ, რომ ეს იყო ჩვენი პოლიტიკოსების წმინდა პოლიტიკური ნება. დაკავებისთანავე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე მორალური ზეწოლა დაიწყო. მას აიძულებდნენ, მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დედის და მეუღლის დაკავებით ემუქრებოდნენ. მდგომარეობა მისთვის დანიშნულმა ადვოკატმა მანანა ჩიქოვანმაც დაამძიმა, რომელიც რეალურად არა დაცვის, არამედ ბრალდების მხარეს წარმოადგენდა. ის აიძულებდა მაისაიას, პროკურატურასთან შეთანხმებაზე წასულიყო და მიეცა სასურველი ჩვენება, რის საფუძველზეც გათავისუფლებას ჰპირდებოდა. იგი პარალელს ავლებდა სიმონ კილაძესთან, რომელიც მაისაიასთან ერთად იყო დაკავებული და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო, რადგან ხვდებოდა, რომ მაისაიას თავს რაღაც გაურკვეველი ხდებოდა. 

- რა შეგიძლიათ, თქვათ სასამართლო პროცესზე, რომელიც უკვე მეხუთე თვეა, დახურულ რეჟიმში გრძელდება?

- საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ამიტომ მიმდინარეობს პროცესი დახურულ რეჟიმში. ბრალდების მხარის მტკიცებით, იგი ფლობს დამადასტურებელ მტკიცებულებას, თითქოს მაისაიამ ვიღაცას საიდუმლო რუკა გადასცა. არადა, ეს რუკა მის მიერ 2002 წელს გამოშვებულ შავ-თეთრ და 2007 წელს გამოშვებულ ფერად წიგნშია განთავსებული. აქედან გამომდინარე, ეს ბრალდება სრულიად აბსურდულია. წარმოდგენილი იყო, ასევე, მტკიცებულებები, თითქოს მაისაია საიდუმლო მასალებს გადასცემდა უპილოტო თვითმფრინავებზე, რეზერვისტებზე, დაჭრილებზე, დაზარალებულებზე, შეიარაღებულ ერთეულებზე. თუმცა, ყველაზე საინტერესო პროცესზე ნივთმტკიცებულებების გამოქვეყნების ეტაპი იყო.  მტკიცებულებების გამოქვეყნება როცა დამთავრდა, სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს მაისაიას კუთვნილი ლეპტოპი, რომელიც დაულუქავი აღმოჩნდა. არადა, კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ სახლიდან ამოღების დროს ეს კომპიუტერი ადგილზე დალუქეს, რაც ხელმოწერით დაამოწმა მაისაიას მეუღლემ, ენემ აბაშიძემ და მეზობელმა ლამარა სიდამონიძემ. მოსამართლე ზვიად ესებუამ დაულუქავი კომპიუტერის ადგილზე დალუქვა მოითხოვა. დაცვის მხარემ პროტესტი გამოვთქვით, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და დალუქვის ოქმის ხელმოწერაზე უარი განვაცხადეთ, რის შემდეგაც პროცესი გადაიდო. თუმცა სასამართლო სხდომის დასრულებიდან 15 წუთში სასამართლოდან დაგვიკავშირდნენ და გაურკვეველი მიზეზით დაბრუნება გვთხოვეს. უკან როცა დავბრუნდით, აღმოჩნდა, რომ მოსამართლემ კომპიუტერები ბრალდების მხარისა და მაისაიასთან ერთად დაკავებული ირაკლი ბატკუაშვილის სახაზინო ადვოკატის ხელმოწერის საფუძველზე ადგილზე დალუქა. ეს იყო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი ნივთმტკიცება და სწორედ მისი დაუშვებლად ცნობის თაობაზე დავაყენეთ 25 იანვარს შუამდგომლობა. თუ ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდება, მაისაია შიმშილობას დაიწყებს.

- დაიკითხა თუ არა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის ყოფილი ადვოკატი, მანანა ჩიქოვანი, რომელიც ზემოთ ახსენეთ?

- დიახ, დაიკითხა და სასამართლო პროცესზე ისეთი დეტალური ანალიზი გააკეთა,  ეტყობოდა, კარგად იყო დარიგებული პროკურატურის მიერ. არც მიფიქრია, რომ ის სხვაგვარად მოიქცეოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. უბრალოდ, მაინტერესებდა, რას უკარნახებდა სინდისი. მის ნათქვამს არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონია, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება, როგორ მიმართავდა მაისაია პერიოდულად სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ჩიქოვანმა კი განაცხადა, რომ ამაზე არაფერი სმენია.

- მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაისაიას გარკვეული პირების გვარების დასახელებას აიძულებდნენ. რით იყო ეს განპირობებული?

- როცა ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რატომ ითხოვდა პროკურატურა ამ პირების დასახელებას და თუ ითხოვდა, რატომ არ დააკავეს ისინი, გვიპასუხეს, რომ ეს საკითხი ცალკე საქმედ იყო გამოყოფილი და გამოძიება მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ამ პირების დასახელება ხელისუფლებას აწყობდა. თუმცა, მაისაიამ ეს არ გააკეთა, რადგან ადვოკატი შეეცვალა და ზეწოლას აღარ განიცდიდა. ეს ყველაფერი შავად დაწერილი მის საკანში ინახებოდა. მისმა თანამესაკნემ ზაზა მჭედლიშვილმა, რომელმაც სახალხო დამცველსაც მისცა ახსნა-განმარტება, დაადასტურა, რომ მაისაიას საკნიდან გაყვანა და დაკითხვა კვირაში ორ-სამჯერ ხდებოდა.

- საუბარი იყო პარლამენტარზეც, რომელიც მაისაიას უნდა დაესახელებინა. ვინ იყო ის და რატომ მოხდა მისი ვინაობის დამალვა?

- ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი იყო, მისი ვინაობა არ გამხელილიყო, ამიტომ ვალდებული ვარ, არც მე დავასახელო. რატომ არ ასახელებს ამ პირს მაისაია, მხოლოდ მისი საქმეა და მისი გადასაწყვეტია.

- დასასახელებელ პირთა სიაში უცხოელი ექსპერტებიც ფიგურირებდნენ. ამ შემთხვევაში, რა მიზანი ჰქონდათ, თქვენი აზრით, დამკვეთებს?

- არ ვიცი, ეს ალბათ, პროკურატურას უნდა ვკითხოთ. სხვათა შორის, როცა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, ელექტრონული ვერსიის სახით მასალები ყველა საელჩოში და ევროკავშირში გადაიგზავნა, საიდანაც ბატონმა გია აბაშიძემ დამიბარა და საფრანგეთის დესპანს შემახვედრა. ის აღშფოთებული იყო და აღნიშნა, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა, რადგან ის 2004-2008 წლებში საქართველოდან ნატოში მრჩევლად იყო გაგზავნილი და თუკი ის ამ წლებში ჯაშუში იყო, ამ ადგილას რა უნდოდა?!

- რა შეგიძლიათ, თქვათ მაისაიას დაკითხვაში რუსული „ფეესბეს“ აგენტის მონაწილეობაზე და ადასტურებს თუ არა აღნიშნულს ბრალდებული?

- დიახ, ამ ფაქტს თავად მაისაიაც ადასტურებს. დაკითხვის დროს მას ჰკითხეს, იცოდა თუ არა, ვინ იყო პიროვნება, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა. როცა ვახტანგმა უარით უპასუხა, უთხრეს, რომ ის „ფეესბეს“ აგენტი იყო.

- და ბოლოს, რა განაჩენს მოელით სასამართლოსგან?

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის წაყენებული ბრალი თავისუფლების 12-დან 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი. თუ სასამართლო სამართლიანი იქნება, მაისაია დარბაზიდან უნდა გაათავისუფლონ.

ირინა არდაშელია, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები