კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო ნახევრად ღია ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება

28 იანვარი, 2010

გელა მთივლიშვილი

ორგანიზაციამ „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა“ (International Budget Partnership) სახელმწიფო ბიუჯეტების ღიაობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 85 ქვეყანას შორის საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჩამორჩება კორეას, პერუს, რუსეთს, უკრაინას, მაკედონიას და ა.შ.

„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა“ ბიუჯეტების გამჭვირვალობის კვლევას და შეფასებას 2006 წლიდან, 85 ქვეყანაში, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს. კითხვარი ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემაზე ასზე მეტი შეკითხვისგან შედგება. კითხვარს ქვეყნიდან ერთი ექსპერტი ავსებს და ორი ესქპერტი ამოწმებს. საქართველოში კითხვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი თამარ ქაროსანიძე ავსებს. 

„2006 – 2008 წლებში საქართველოს ქულა აჩვენებს, რომ მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფო ბიუჯეტზე არასრულ ინფორმაციას აწვდის. სახელმწიფო ბიუჯეტი არის მხოლოდ ნაწილობრივ გამჭვირვალე და მთავრობა ნაკლებად ანგარიშვალდებულია“, - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.

კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნების 80%-ში მოქალაქეები არ იღებენ მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში (ბიუჯეტის დაგეგმვა, აღსრულება, მონიტორინგი). გამოკითხული 85 ქვეყნიდან 41 ქვეყანაში ბიუჯეტზე მხოლოდ მინიმალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. 85 ქვეყნიდან 23 ქვეყანაში მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაეცნონ ბიუჯეტს მანამ, სანამ მას პარლამენტი არ დაამტკიცებს.
„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა“ ასკვნის, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა უშუალო კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან.

„საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობის“ მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე გამოთქმულ შენიშვნებს ეთანხმება „ეკონომიკური პრობლემების ცენტრის“ ექსპერტი დავით ნარმანია.

ექსპერტის განმარტებით, ბიუჯეტს გამჭვირვალობის კუთხით პრობლემები მართლაც აქვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრომ ცენტრის მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები თავის დროზე არ გაითვალისწინა.

„როდესაც „საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა“ ასეთი ტიპის კვლევას ატარებს,  ის არის საკმაოდ საფუძვლიანი და სიღრმისეული. კვლევა მოიცავს ძალიან ბევრ პარამეტრს, რითაც ამა თუ იმ ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობა ფასდება. ამიტომ, ამ კვლევის შედეგებში ეჭვის შეტანა უბრალოდ უსაფუძვლოა. ვეთანხმები იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტს გამჭვირვალობასთან მიმართებაში პრობლემები მართლაც აქვს. ბიუჯეტის პროექტის მზადებისას, როდესაც ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოკვეთა ხდება, ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. როდესაც საბიუჯეტო კოდექსი მზადდებოდა, ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები გქვონდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და მათ მიერ წამოყენებული არგუმენტები იყო ძალიან სუსტი“, - აღნიშნავს დავით ნარმანია.
ექსპერტის აზრით, დღეისათვის გაურკვეველია თუ რაში იხარჯევა მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტი, რადგანაც მათ ხარჯებზე ინფორმაცია საჯარო არ ხდება.

„ბიუჯეტის არსებული ფორმატით ძნელია გაარკვიო თუ რაში ხარჯავენ ფულს მხარჯავი დაწესებულებები. როცა ცდილობ ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოიპოვო, შესაბამისი უწყებები ძალიან მწირ ინფორმაციას გაწვდიან. პრობლემა ხდება ასევე ბიუჯეტის პროგრამული დამუშავებაც, რადგანაც გამოქვეყნებული ბიუჯეტი არის ყოველთვის „პედეეფის“ ფორმატში და მისი დამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის ფორმატში, რათა დაინტერესებულ ორგანიზაციებს თუ პირებს მასზე ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება შეეძლოთ“, - აცხადებს ნარმანია.

ახალი ამბები