კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქამრების შემოჭერა“ ოზურგეთის ჩინოვნიკებმა უკუღმა გაიგეს

28 იანვარი, 2010

შორენა ღლონტი, გურია

„ქამრების მოჭერის“ პოლიტიკა სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირებასა და ოპტიმიზაციას გულისხმობს. ხარჯების ასეთი ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული სახსრები, ფინანსური კრიზისის პირობებში, როგორც წესი, ეკონომიკის სტიმულირების სხვადასხვა ღონისძიებაზე უნდა მიიმართოს. ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა 2009 წლის იანვრის ბოლოს „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს: „ჩვენ, სახელმწიფო აპარატმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მთავრობამ, მერიებმა, გამგეობებმა უნდა მოვიჭიროთ ქამრები და შევამციროთ ადმინისტრაციული ხარჯები და ეს ფული სამუშაო ადგილების გადასარჩენად უნდა წავიდეს“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ქამრების შემოჭერა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ასე გაიგო: 2010 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 1103,7 ათას ლარამდე შეამცირეს, ნაცვლად 1238,5 ათასი ლარისა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულომ დადგენილი წესით, შრომის ანაზღაურებისთვის 667 120 ლარი მიაკუთვნა. თუმცა, გამგეობის თანამშრომლების შენახვაზე რატომღაც წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში 58 180 ლარით მეტი არის გათვალისწინებული.

„შრომის ანაზღაურებაში უნდა გავითვალისწინოთ, ასევე, შტატგარეშე მუშაკთა შრომის ანაზღაურებაც, რომელიც 2009 წელს 138,4 ათას ლარს შეადგენდა. გამოდის, მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად, კი არ შეუმცირებიათ ხარჯები შრომის ანაზღაურებაზე, არამედ, პირიქით -  გაზარდეს. 2010 წლის ბიუჯეტით ხარჯები 1242.1 ათას ლარს შეადგენს“, _ აცხადებენ „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირში“.

შტატგარეშე თანამშრომლები მუნიციპალიტეტისთვის „ახალი ხილია“ - გასულ წლებში ამ კატეგორიის მუშაკთა შრომას საერთოდ არ გამოიყენებდა. ექსპერტებს აინტერესებთ, რატომ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტი ამხელა მოცულობის თანხის დახარჯვას შტატგარეშე თანამშრომელთა კატეგორიაზე.

„რა კრიტერიუმებით არჩევენ შტატგარეშე თანამშრომლებს ან რა ფუნქციის შესასრულებლად იყენებენ მათ? რასთან გვაქვს საქმე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში - საკრებულოს და გამგეობას არ ჰყოფნის კომპეტენტურობა და ამიტომაც ქირაობს ადამიანებს სამუშაოთა შესასრულებლად? თუ ეს ყველაფერი კარს მომდგარ არჩევნებს უკავშირდება?“ - აინტერესებს ექსპერტს ლევან ჩხაიძეს.

რეალურად რა ჯდება მუნიციპალიტეტის შენახვა? ეს მართლაც საინტერესო კითხვაა და მასზე პასუხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ სხვადასხვა დადგენილებაშია მიმოფანტული. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის სტრუქტურა და თანამდებობრივი სარგო.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აშკარად ეწინააღმდეგება ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს - 2010-13 წლების სტრატეგიას, რადგანაც მასში პრიორიტეტად პირდაპირაა დასახელებული, რომ „საჯარო სამსახური გახდება მცირე, მოქნილი, გამჭვირვალე და ეფექტიანი“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, განსაზღვრული წლიური სარგო 144 840 ლარია, ხოლო 2010 წლის ბიუჯეტით 219 000 ლარს შეადგენს. ამ ციფრებს შორის სხვაობა 74 160 ლარია, ფაქტობრივად - თანხის ნახევარი. მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს დადგენილი წესით, 667 120 ლარი ეკუთვნის, თუმცა მათ შენახვაზე ბიუჯეტით 725 300 ლარია გათვალისწინებული _ მატება 58 180 ლარი.

სახელმწიფო ორგანოებში ხელფასის გაცემის წესი განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სადაც აღნიშნულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამასთანავე, მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან, გაზარდონ მათთვის წლიური საბიუჯეტო კანონის ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.

მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით შემცირდა, 2010 წელს ადგილობრივ თვითმმრთველ ერთეულებში მომუშავეთა რიცხოვნობა და მათი დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო  რწმუნებულ-გუბერნატორების აპარატში - ფაქტობრივად გაორმაგდა.

ახალი ამბები