კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბეჭდურ მედიაში გვხვდება ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამონათქვამები

1 თებერვალი, 2010

გელა მთივლიშვილი

მედიის განვითარების ფონდმა მედიის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის საფუძველზე ფონდი ასკვნის, რომ სამაუწყებლო მედიასთან შედარებით, ბეჭდურ მედიაში უფრო ხშირად გვხვდება ქსენოფობიური თუ დისკრიმინაციული გამონათქვამები, სადაც გამოხატულია პირადი ნეგატიური მოსაზრებები, შეფასებები და დამოკიდებულება.

კვლევა 2009 წლის 29 დეკემბრიდან 2010 წლის 15 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თამარ ხორბალაძის განცხადებით, მონიტორინგი ტარდება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კუთხით.

„რაოდენობრივი მონიტორინგის მიზანია, გაირკვეს, რამდენად აქტიურად აშუქებს საქართველოში მედია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების თემატიკას. თვისობრივი კვლევის მიზანია, გამოავლინოს მედიასაშუალებების მიერ უმცირესობების საკითხების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის ფაქტები. კერძოდ, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპიზაციის შემთხვევები“, - აღნიშნავს ხორბალაძე.

მედია-მონიტორინგის ინტერესის სფეროშია „პირველი არხის“, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „მაესტროს“ და „კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვებები. ასევე გაზეთები: „24 საათი“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „ალია“, „ასავალ დასავალი“, „კვირის პალიტრა“, „ჯორჯიან თაიმსი“. რეგიონული პრესიდან „პს“, „ახალი გაზეთი“, (ქუთაისი) „სამხრეთის კარიბჭე“ (ახალციხე), „კახეთის ხმა“ (კახეთი), „თავისუფალი სიტყვა“ (ქართლი), ბათუმელები (აჭარა), „ღია ბოქლომი“ (სამეგრელო), „გურია ნიუსი“ (გურია).

ფონდის ინფორმაციით, საანალიზო პერიოდში უმცირესობების თემატიკა გაშუქდა მხოლოდ 5 გაზეთში. აქედან, მხოლოდ ერთი იყო პოზიტიური, დანარჩენი 4 კი ნეგატიური. „მაგალითად, თუ მონიტორინგის პერიოდში სამაუწყებლო მედიაში სულ ერთი დარღვევა იქნა აღმოჩენილი, ბეჭდვით მედიაში ნეგატიური გაშუქების ოთხი ფაქტი გვხვდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

თამარ ხორბალაძის განმარტებით, მონიტორინგი რომ ეფეტური და შედეგიანი იყოს, ფონდმა გადაწყვიტა, კვლევის შედეგები და ტიპური შეცდომების მაგალითები ჟურნალისტებს მონიტორინგის განხორციელების ეტაპზევე  მიაწოდონ.

ფონდის ანგარიშში რამდენიმე ასეთი შემთხვევაა განხილული.

2010 წლის 5 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 21:00 საათიან „კურიერში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მოთხრობილი იყო ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის შესახებ. ჰამლეტ გაჯიევმა საკუთარ სახლში დანით მოკლა მძახალი კახა მახარობლიშვილი. სიუჟეტში მოცემული იყო მეზობლის კომენტარი, სადაც ის ამბობს: „ისე უყვარდათ ერთმანეთი, ძალიან ტკბილი და კარგი ხალხი. სხვათა შორის მითუმეტეს აზერბაიჯანელები არიან და ესე კარგად ვიყავით ერთმანეთთან. კარგი ხალხი არიან ძალიან!“.

თამარ ხორბალაძე: „ერთი შეხედვით ზემოაღნიშნულ სიუჟეტში ამბავი ნეიტრალურად იყო გადმოცემული. თავად ჟურნალისტს მკვლელის ეთნიკური წარმომავლობა არ დაუკონკრეტებია. თუმცა, ჟურნალისტმა გამოიყენა მეზობლის კომენტარი, რომელიც დისკრიმინაციული ხასიათისაა და ეთნიკური ნიშნით განასხვავებს სიუჟეტის ობიექტს, აზერბაიჯანელების ზოგადად უარყოფით კონტექსტში მოხსენიების გზით. მეზობლის კომენტარის ეს ნაწილი არავითარ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს და მედიასაშუალებას შეეძლო, არ გაეშუქებინა შეურაცხმყოფელი განცხადება, ან გაშუქების შემთხვევაში, აღენიშნა, რომ მსგავს განცხადებას ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები შეურაცხმყოფელად აღიქვამენ“.

მედიის განვითარების ფონდს ბიულეტენში სომხების მიმართ ქსენოფობიური განწყობის მაგალითებიც მოჰყავს.

„2010 წლის 14 იანვარს გაზეთ „ახალი თაობის“ სტატიაში „სასულიერო პირების მიერ აღკვეთილი დანაშაული“ აღწერილი ინციდენტი: „დანაშაული ბოლნისის რაიონის სოფელ წუღრუღაშენის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ეკლესიის მოძღვარი და მორჩილები თივას აგროვებდნენ და ახარისხებდნენ. ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები ჟ. ხ. და რ. ხ. ავტომანქანით მიუახლოვდნენ მათ და მოსთხოვეს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, იმ მოტივით, რომ ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო სომეხი ერის საკუთრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საეკლესიო პირები არ შეასრულებდნენ მათ მოთხოვნას, ძმები მათ იქ ყოფნის საშუალებას არ მისცემდნენ. მეტიც, სასულიერო პირების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდებამ დამნაშავეები კიდევ უფრო გააღიზიანა და უკვე მუქარის რეალურად შესრულება სცადეს. ერთ-ერთმა მათგანმა რ.ხ-მ მანქანის საბარგულიდან რკინის ქანჩი ამოიღო და უცენზურო სიტყვებით ისევ დაუწყო ლანძღვა“. ..... 20 წუთის შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ წუღრუღაშენის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან. სოფელ ბოლნისიდან წამოღებული 16 კალიბრიანი სანადირო თოფიდან დაიწყო სროლა. მამა სერაფიმემ და მორჩილებმა თავდაცვის მიზნით იქვე მდგარ შენობას შეაფარეს თავი“.... 

ფონდში მიაჩნიათ, რომ ამ სტატიაში ქსენოფობიის ნიშნები იკვეთება. „სტატიის ავტორი არც სახელებს და არც ეთნიკურ წარმომავლობას ასახელებს, მაგრამ აშკარაა, რომ გულისხმობს სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დამნაშავეებად მოიხსენიებს. ამით საკუთარ დამოკიდებულებას ავლენს გასაშუქებელი მასალის მიმართ და არ გადმოსცემს კონფლიქტის არსს მეორე მხარის პოზიციიდან. მასალაში არ არის მითითებული ინფორმაციის წყარო და არ არის გადამოწმებული ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროსთან. ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეები არიან ამ სტატიის ობიექტები და არა სუბიექტები, ხოლო ჟურნალისტი მხარედ გვევლინება და თავად ახდენს შეფასებას, ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი“, - აღნიშნულია ფონდის ანგარიშში.

ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, ბიულეტენებში მოყვანილი კონკრეტული მაგალითები ემსახურება არა კონკრეტული მედიასაშუალებების კრიტიკას, არამედ კონკრეტული დარღვევებისა და სტერეოტიპული გაშუქების ფაქტების იდენტიფიცირებას და მსგავსი ფაქტების გამეორების პრევენციას.

ახალი ამბები