კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების მძევალი

2 თებერვალი, 2010

გელა მთივლიშვილი

გასული წლის დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ ვოლფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წერილი გამოუგზავნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. კონგრესმენს მოჰყავს ციტატა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად საუბარია პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, ასევე ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ. მანამდე საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა.

საქმე #1/105

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა კოტე კაპანაძე 2009 წლის 23 ივნისს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო და მისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში კაპანაძის დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ დევს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუამ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ასე დაიწყო

სამართალდამცავები ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში მცხოვრები კოტე კაპანაძით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ის "ახალი მემარჯვენეების" აქტიური მხარდამჭერი გახდა. კოტე კაპანაძის ძმა ვაჟა კაპანაძე "ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის ოფისში მუშაობს. ალიანსის რაიონული ორგანიზაცია ლაგოდეხში სწორედ კოტე კაპანაძის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. რაიონული შტაბის ხელმძღვანელად ნუცა პაპავაც მისი რეკომენდაციით დაინიშნა. კაპანაძე, 2009 წლის გაზაფხულზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, თბილისში ორგანიზებულ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. ლაგოდეხიდან თბილისში, აქციებში მონაწილეობის მისაღებად, ოპოზიციის მხარდამჭერთა გადაყვანის პროცესსაც კაპანაძე ხელმძღვანელობდა. კაპანაძის მეუღლის შორენა ნეფარიძის თქმით, ტრანსპორტირების ხარჯებს მთლიანად კოტე იხდიდა.

ნუცა პაპავა, "ალიანსი საქართველოსთვის" ლაგოდეხის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი: "2009 წლის 26 მაისს თბილისში გრანდიოზული შეკრება იყო დაგეგმილი. ლაგოდეხიდან ოპოზიციის მხარდამჭერთა თბილისში ჩაყვანა კოტე კაპანაძეს დაევალა. შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე კოტე არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობა შეეწყვიტა, რაც კოტემ არ გაითვალისწინა".

კაპანაძის აქტიურობამ ადგილობრივი ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გოზალიშვილმა, ნუცა პაპავა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კაპანაძის საცხოვრებელ სახლს და მისი ოჯახის წევრებს ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. 

კოტე კაპანაძე: "ჩემი ძმის გამო ხშირად მსაყვედურობდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ჩემი სახელმწიფო სამსახურში მუშაობა არ შეიძლებოდა. ამიტომაც მაისის პირველ რიცხვებში განცხადება დავწერე და სამსახურიდან წასვლა ვითხოვე. სამთაწყაროს საბაჟო – გამშვებ პუნქტზე მებაჟედ ვმსახურობდი. განცხადება არ დამიკმაყოფილეს".

ოპერაცია "განეიტრალება"

23 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში წინასწარი გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ი/მ „აიდინ მაილოვის“ მიერ, 2007-08 წლებში დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე აღიძრა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად ამავე სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლის ზაზა ჩიკვაიძის პატაკი დაედო.

"მივიღე ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ინდ. მეწარმის, ვინმე მაილოვის საბუთებით მისი ოჯახის წევრები სევდინ მაილოვი და ნაზიმ მუხტაროვი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და თავს არიდებენ ბიუჯეტისათვის კუთვნილი დიდ რაოდენობით თანხების გადახდას", - აღნიშნულია ჩიკვაიძის პატაკში.

იმავე დღეს, წინასწარი გამოძიების ჩატარება გამომძიებელ ჯონი ჯიჭონაიას დაევალა. საქმის მასალებით, გამოძიების დაწყების მომენტისთვის ჯიჭონაიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩიკვაიძის პატაკის გარდა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, 23 მაისს, გამომძიებელი ჯიჭონაია შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართავს, სადაც აღნიშნავს: "აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ინსპექტორ – გამომძიებლის ზაზა ჩიკვაიძის პატაკი, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ინდ. მეწარმე "აიდან მაილოვის" მხრიდან 2004 – 2008 წლების პერიოდში დიდი რაოდენობით გადასახადების განზრახ თავის არიდების ფაქტზე. გთხოვთ, დაგვრთოთ ნება ამოვიღოთ "აიდან მაილოვის" საფინანსო, საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაცია 2004 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 23 მაისამდე".

თელავის რაიონულმა სასამართლომ გამომძიებლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს ბრძანებით, გამომძიებელს დაევალა "აიდან მაილოვის" ფინანსური დოკუმენტაციის ამოღება 2004 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 23 მაისამდე. თუმცა, გამომძიებელმა სასამართლოს ბრძანება სრულად არ შეასრულა და საგადასახადო ინსპექციიდან მხოლოდ 2007 წლის 7 აგვისტომდე არსებული დოკუმენტაცია ამოიღო, ანუ იმ პერიოდის, რომლის შემოწმებაც, ჯერ კიდევ საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დროს, საგადასახადო ინსპექტორებმა კოტე კაპანაძემ და თეიმურაზ იარაჯულმა მოახდინეს.

მიზანშია ამოღებული

2009 წლის 29 მაისს გამომძიებელმა "აიდან მაილოვის" დოკუმენტური რევიზია დანიშნა. გამომძიებელმა რევიზორს მიმართა კითხვით, საგადასახადო ინსპექტორების კოტე კაპანაძისა და თეიმურაზ იარაჯულის მიერ რამდენად სწორად იქნა შემოწმებული ინდ.მეწარმე "აიდან მაილოვი". ამავე დროს, გამომძიებელმა საბუღალტრო ექსპერტიზაც დანიშნა. ჯიჭონაიამ ექსპერტიზის წინაშე შემდეგი შეკითხვა დასვა: "გადასახადების თავიდან არიდების რა მოცულობის ფაქტები ვერ იქნა გამოვლენილი თელავის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო აუდიტის ინსპექტორების თეიმურაზ იარაჯულისა და კოტე კაპანაძის მიერ 2007 წლის 7 აგვისტოს ჩატარებული ინდმეწარმე "აიდან მაილოვის" გეგმიური გასვლითი საგადასახადო შემოწმებით?". კითხვაზე პასუხის გასაცემად ექსპერტიზას 2009 წლის 9 ივნისს სამი ტომი და სამი შემოწმების აქტი წარედგინა.

ექსპერტიზა შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზების დეპარტამენტის ექსპერტმა ჯემალ ფილაურმა ერთ დღეში ჩაატარა და დაასკვნა: "თელავის საგადასახადო ინსპექციის მთავარმა ინსპექტორებმა თეიმურაზ იარაჯულმა და კონსტანტინე კაპანაძემ, ინდ. მეწარმე „აიდან მაილოვი“-ს გეგმიური გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას უგულვებელყვეს შემოწმების პროგრამით გათვალისწინებული გადამხდელის მიერ განხორციელებული იმპორტის ოპერაციების შემოსავალ-გასავალში გატარების სისწორე და ამ ოპერაციებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერება. "აიდან მაილოვი" საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული საქონლის დაბეგვრას ახდენდა არა საინვოისო, არამედ კორექტირებული საბაჟო ღირებულებიდან, რითაც მალავდა დასაბეგრ ობიექტს და ამ გზით თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდას. საგადასახადო ინსპექტორებმა არ გამოავლინეს ინდ. მეწარმე „აიდან მაილოვი“-ს მიერ ჩადენილი დასაბეგრი ობიექტის დამალვის გზით გადასახადისაგან თავის არიდების ფაქტი. კერძოდ, 2007 წლის 7 აგვისტოს, შემოწმების აქტით, დამატებით არ დაარიცხეს მას საშემოსავლო გადასახადში 39,685 ლარი, სოციალურში 86,360 ლარი, აგრეთვე ჯარიმა 82,363 ლარი, ე. ი. სულ 208,408 ლარი". ექსპერტის დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რა მეთოდი გამოიყენა და რით იხელმძღვანელა ექსპერტმა ექსპერტიზის ჩატარებისას და დასკვნის დაწერის დროს, რაც სავალდებულოა.

2009 წლის 15 ივნისს, გამომძიებელ ჯიჭონაიას გამოაქვს დადგენილება, რომლითაც მხოლოდ კოტე კაპანაძე სცნო ეჭვმიტანილად, არადა საგადასახადო შემოწმების აქტს კაპანაძესთან ერთად, ხელს თეიმურაზ იარაჯულიც აწერს.

16 ივნისს გამომძიებელმა კიდევ ერთი დადგენილება გამოიტანა, კოტე კაპანაძის იძულებით მოყვანის შესახებ. "11, 12, 13 ივნისს ვეძებდი კოტე კაპანაძეს, მაგრამ ვერ ვიპოვე. შემდეგ კი ოპერატიულ სამსახურს გავატანე უწყება მისთვის ჩასაბარებლად. პატაკი წარმომიდგინეს, რომ ვერ შეძლეს უწყების კაპანაძისთვის ჩაბარება. 15 ივნისს ტელეფონით დავუკავშირდი და 16-ში დავიბარე. 16 ივნისს 11:00 საათზე არ გამოცხადდა და მისი იძულებით მოყვანის შესახებ დადგენილება ამიტომ გამოვიტანე", - აცხადებს გამომძიებელი ჯიჭონაია.

კოტე კაპანაძე: "გამომძიებელმა ტელეფონზე ნამდვილად დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდა. კონკრეტული დრო და ადგილი არ უთქვამს. მას შემდეგ აღარ დაურეკავს".

კაპანაძის იძულებით მოყვანის შესახებ გამომძიებელს მეორე დადგენილება 22 ივნისს აქვს მიღებული, ოღონდ დოკუმენტი 2009 წლის ნაცვლად 2006 წლით არის დათარიღებული. სისხლის სამართლის საქმეში არ დევს არცერთი უწყება, რაც საგამოძიებო ორგანოში კოტე კაპანაძის დაბარებას დაადასტურებდა.

გამომძიებელმა იარაჯული დაკითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ დაიბარა, რაც 2009 წლის 23 ივნისს, კაპანაძე თბილისში დააკავეს.

„მეგობრის სახლში იმყოფებოდა, როცა მის დასაკავებლად 15-ზე მეტი სპეცრაზმელი შევარდა. ისე დააკავეს, თითქოს იგი განსაკუთრებით საშიში დამნაშავე და ბოროტმოქმედი იყოს“, - აღნიშნავს კოტე კაპანაძის ადვოკატი გიორგი რაზმაძე.

წინასწარი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში თეიმურაზ იარაჯულმა დანაშაული აღიარა. კახეთის საოლქო პროკურატურამ კაპანაძისთვის და იარაჯულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა მოსამართლე გიორგი გოგიჩაიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ იარაჯულს გირაო შეუფარდა 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო კაპანაძეს საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით. გირაოს უზრუნველყოფა კაპანაძის მხარემ ვერ მოახერხა, რადგან კანონით დადგენილ ვადაში გამომძიებელი მათ არ შეხვდა და გირაოს უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები არ მიიღო. გამომძიებლის განმარტებით, იგი ერთ – ერთ საქმესთან დაკავშირებით საზღვრისპირა რაიონში იმყოფებოდა. არადა, მას ამავე პერიოდში ჰყავს განთავისუფლებული პატიმრობიდან თეიმურაზ იარაჯული. აღსანიშნავია ისიც, რომ იარაჯულის გირაოს უზრუნველყოფის დოკუმენტაცია მომზადებულია ერთი დღით ადრე, ვიდრე თელავის რაიონული სასამართლო კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე იმსჯელებდა. იარაჯულის გირაოს უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონება ზუსტად იმ თანხადაა შეფასებული, რამდენითაც მოსამართლემ გირაო განსაზღვრა.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, კაპანაძის დაპატიმრების შემდეგ წინასწარ გამოძიებას პრაქტიკულად აღარაფერი გაუკეთებია. 2009 წლის 29 ივლისს კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა საბრალდებო დასკვნა შეადგინა და კაპანაძეს და იარაჯულს ბრალი სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დასდო (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება). თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუამ კაპანაძის და იარაჯულის საქმის განხილვა 2009 წლის 23 სექტემბერს დაიწყო და 11 ნოემბერს დაამთავრა. სასამართლომ კაპანაძეს და იარაჯულს მსჯავრი სამსახურებრივ გულგრილობაში დასდო (სსკ-ის 342-ე მუხლი). მოსამართლემ კაპანაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო იარაჯულს პირობითი სასჯელი 2 წლით.

პოლიტპატიმრობის მტკიცებულებები

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლით, "საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს თუ გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის".

კაპანაძის საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლის ზაზა ჩიკვაიძის პატაკი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინდ.მეწარმე "აიდან მაილოვი" გარდაცვლილია.

ჯონი ჯიჭონაია, გამომძიებელი: "ინდ.მეწარმე "აიდან მაილოვის" ლიკვიდაციაზე საგადასახადო ინსპექციას არ წარმოუდგენია არავითარი დოკუმენტაცია და მისი ლიკვიდაციის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ იყო".

- ბატონო ჯონი, როდის გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ ინდ.მეწარმე "აიდან მაილოვი" გარდაცვლილი იყო?

- მოსამართლის ბრძანება მქონდა, რომ ამომეღო ინდ.მეწარმის დოკუმენტები და ამოღების პერიოდში გახდა ჩემთვის ცნობილი მისი გარდაცვალების შესახებ.

- როცა თქვენთვის ცნობილი გახდა "აიდან მაილოვის" გარდაცვალების ფაქტი, რატომ არ შეწყვიტეთ სისხლის სამართლის საქმის წარმოება?

- მისი გარდაცვალების მოწმობა არ გამაჩნდა. ამიტომ გადამოწმება მოხდა საგამოძიებო მოქმედებებით.

- რატომ არ ჩადეთ საქმეში აიდან მაილოვის გარდაცვალების მოწმობა?

- არ მახსოვს.

- რატომ არ იხელმძღვანელეთ სსსკ-ის 28-ე მუხლით, რომელიც გარდაცვლილი პირის მიმართ გამოძიების დაწყებას ან საქმის წარმოებას კრძალავს?

- გამოძიებას ვაწარმოებდით გარდაცვლილი ინდ.მეწარმის საიდენტიფიკაციო კოდის უკანონოდ გამოყენებაზე, დიდი ოდენობით გადასახადების გადახდის განზრახ თავის არიდების ფაქტზე და არა გარდაცვლილი პირის მიმართ ან სხვა ინტერესით.

- მაშინ, რატომ არ შეასრულეთ თელავის რაიონული სასამართლოს ბრძანება და არ ამოიღეთ "აიდან მაილოვის" ფინანსური დოკუმენტაცია 2004 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 23 მაისის ჩათვლით? მხოლოდ კაპანაძის მიერ შემოწმებული პერიოდის დოკუმენტებით რატომ დაინტერესდით?

- რაც საგადასახადო ინსპექციამ წარმომიდგინა, ის დოკუმენტაცია იქნა ამოღებული. მე იმ პერიოდის მოვითხოვე, რაც სასამართლომ ბრძანა, მაგრამ საგადასახადოში განმარტეს, რომ ინდ.მეწარმე "აიდან მაილოვზე" სხვა დოკუმენტაცია არ არსებობდა. ამიტომ, მეტი აღარც მე მომითხოვია.

- ექსპერტიზას თქვენ დაუსვით კითხვა, თუ გადასახადების თავის არიდების რა მოცულობის ფაქტები ვერ იქნა გამოვლენილი თეიმურაზ იარაჯულისა და კოტე კაპანაძის მიერ 2007 წლის 7 აგვისტოს ჩატარებული ინდმეწარმე "აიდან მაილოვის" საგადასახადო შემოწმებით. ექსპერტიზის დანიშვნის მომენტისთვის, პატაკის და მაილოვის ფინანსური დოკუმენტაციის გარდა თქვენ სხვა არაფერი გქონდათ. რატომ დასვით ეს შეკითხვა?

- რა პერიოდსაც მინდა იმას გამოვიკვლევ. რა, არ მაქვს უფლება?

-ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ "აიდან მაილოვი" საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული საქონლის დაბეგვრას ახდენდა არა საინვოისო, არამედ კორექტირებული საბაჟო ღირებულებიდან, რითაც მალავდა დასაბეგრ ობიექტს და ამ გზით თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდას. ვალდებული იყავით თუ არა საქმის ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევისათვის დაგედგინათ, საბაჟოს თანამშრომლებისმხრიდან, ამ მიმართულებით ჰქონდა თუ არა ადგილი გადაცდომას?

- გადაცდომას რომ ადგილი ჰქონოდა, რევიზორი აქტში დააფიქსირებდა. აქტში ასეთი რამ არ არის.

- სს საქმეში, საგამოძიებო ორგანოში კაპანაძის დაბარების არცერთი უწყება არ დევს. რატომ გამოიტანეთ 2 დადგენილება მისი იძულებით მოყვანის შესახებ? რით ადასტურებთ, რომ დაიბარეთ და ნებაყოფლობით არ გამოცხადდა?

- ოქმით, რომ ვეძებდი და ვერ ვიპოვე და ჩემი ჩვენებით.

- რატომ არ შეხვდით კოტე კაპანაძის ძმას, ვაჟა კაპანაძეს, რომელსაც თქვენთვის კაპანაძის გირაოს უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინა?

- შაბათ – კვირა დაემთხვა და მე დედოფლისწყაროში ვიყავი სხვა საქმესთან დაკავშირებით. ვაჟა კაპანაძემ დამირეკა, მაგრამ ვერც ვისაუბრეთ, რადგან იმ ადგილზე, სადაც ვიყავი, ტელეფონი მიღებას კარგავდა.

-მაშინ იარაჯულის გირაოს უზრუნველყოფის დოკუმენტების ჩაბარება როგორ მოახერხეთ?

-არ მახსოვს, როგორც ჩანს, მოვახერხე.

ამ საქმის ჟურნალისტური გამოძიებისას ჩვენ შევხვდით თეიმურაზ იარაჯულს და თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს თამაზ ჭუნიაშვილს.

თეიმურაზ იარაჯული, მსჯავრდებული: "სპეციალობით მუშაობის 27 წლის სტაჟი მაქვს. საგადასახადო ინსპექციაში 1996 წლიდან 2009 წლის აგვისტომდე ვმუშაობდი. ვიყავი აუდიტის სამმართველოს ინსპექტორი. 2007 წელს, როდესაც მე და კოტე კაპანაძე ინდ.მეწარმე "აიდან მაილოვს" ვამოწმებდით, მახსოვს, რომ მეწარმის მიერ წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციებს ინვოისები არ ერთვოდა. ჩვენ შევედით სამმართველოს უფროსთან თამაზ გუმბერიძესთან და ვუთხარით, რომ მეწარმეს საბაჟოზე პლასტმასი შემოჰქონდა კილოგრამებით, ხოლო, შესაძლოა, საქონლის რეალიზაცია მოეხდინა ცალობით, რითაც ექნებოდა დიდი მოგება. გუმბერიძემ გვითხრა, ახალ ველოსიპედს ნუ იგონებთო. ბოლოს, როგორც მოწმდებოდა და პრაქტიკაში როგორც იყო დანერგილი, ისე შევამოწმეთ. შეცდომა რომ მქონდა დაშვებული, მას შემდეგ მივხდვი, რაც გამოძიებამ შემოწმების მასალები დაგვიდო".

თამაზ ჭუნიაშვილი, თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე: "საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი 2005 წლის სექტემბრიდან 2007 წლის ოქტომბრამდე. ვიყავი მომსახურების და გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის სამსახურის კურატორი. გადასახადის გადამხდელის შემოწმებისას დგებოდა აქტი, რომელიც გადაეცემოდა კონტროლის სამმართველოს უფროსს, შემდეგ კი იურიდიულ სამმართველოს. მხოლოდ ამის შემდეგ მზადდებოდა ბრძანების პროექტი დარიცხვასთან დაკავშირებით. ინდ.მეწარმე "აიდან მაილოვისთვის" გადასახადების დარიცხვის ბრძანებას ხელი მე მოვაწერე. მის სისწორეში ეჭვი არ შემიტანია. თუ ეჭვს შევიტანდი, შემეძლო გადამემოწმებინა და სხვა რევიზორებისთვის დამევალებინა, მაგრამ კაპანაძის და იარაჯულის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დაწერილი აქტის კანონიერებაში ეჭვი არ შეგვიტანია".

შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზების დეპარტამენტის ექსპერტის ჯემალ ფილაურის დასკვნა გავაცანით შპს "აუდიტკონტალტინგგრუპის" აუდიტორებს ი. მაღრაძესა და მ. პაპიძეს. სპეციალისტების განცხადებით, ექსპერტიზის დროს ექსპერტმა არ იხელმძღვანელა იმ მეთოდით, რომლითაც უნდა ესარგებლა დასკვნის მიღებისას. მათივე თქმით, ექსპერტის მიერ გამოყენებული ე.წ. პროპორციული მეთოდი, გამოიყენება მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისას.

კაპანაძე და იარაჯული "აიდან მაილოვის" შემოწმებისას რომ ინვოისებით ვერ იხელმძღვანელებდნენ, ამას გამოძიების მიერ საბაჟოდან ამოღებული "აიდან მაილოვის" ინვოისებიც ადასტურებს. ინვოისი რომ საგადასახადო დოკუმენტი გახდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის მოთხოვნებს. "აიდან მაილოვის" საქმეში არსებული ინვოისები კი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, არ არის აღნიშნული რეკვიზიტები, საქონლის დასახელება, რაოდენობა და საერთო წონა. ამასთან, საქმეში ისეთი ინვოისებიც აღმოვაჩინეთ, რომელიც "აიდან მაილოვს" საერთოდ არ ეკუთვნის, თუმცა მათი დეკლარირება "აიდან მაილოვზეა" მომხდარი. მაგალითად, ერთ-ერთი ინვოისი გამოწერილია ვინმე "აიროლ ლიდინ"-ის მიმართ.

საყურადღებოა, რომ 2008 წლის მაისამდე არ არსებობდა არანაირი ვალდებულება ან რეკომენდაცია, რომ საგადასახადო ინსპექციებს მეწარმეების დაბეგვრა საინვოისო ღირებულებით უნდა განეხორციელებინათ.

2008 წლის მაისში, თბილისის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციამ წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს და მეწარმის დაბეგვრასთან დაკავშირებით, როდესაც იგი ახორციელებს იმპორტს საქართველოში, მუშაობაში არსებულ წინააღმდეგობათა გამო, რეკომენდაცია სთხოვა. სათათბირო საბჭოს 2008 წლის 23 მაისის რეკომენდაციით, საგადასახადო ინსპექციებს განემარტათ, რომ მეწარმეების დაბეგვრა მოეხდინათ საინვოისო ღირებულებით, ნაცვლად კორექტირებული ღირებულებისა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას გააჩნია პრეიუდიციის ძალა და სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისთვის.

ინდ.მეწარმე "ორუჯ მახმუდ ოღლის" საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოს 2009 წლის 4 სექტემბერს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად სცნო საგადასახადო ინსპექციის აქტი. მოცემულ საქმეზე შემოსავლების სამსახური "ორუჯ მახმუდ ოღლის" ედავებოდა საგადასახადო დასაბეგრი ბაზის ხელოვნურ შემცირებაში, რაც ხარჯვითი ნაწილის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული თანხების და არა ინვოისების მიხედვით განხორციელდა. გადაწყვეტილებაში სასამართლო ადგენს, რომ ვერ დგინდება, თუ საიდან უნდა მომხდარიყო ინდ.მეწარმის ხარჯვითი ნაწილის გამოქვითვა, ინვოისით თუ საბაჟო დეკლარაციით.

საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუამ, კაპანაძის საქმეზე, ამავე სასამართლოს მიერ სხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა.

გიგა ბოკერია: "საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს და ეს საკითხი სერიოზული განხილვის თემა არ არის. "საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მთავრობის კრიტიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს და ეს სერიოზული თემა არაა", - განაცხადა ბოკერიამ.

პოლიტპატიმრების საკითხი არ მოხვდა საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშში. სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, მისი წარმომადგენლები არაერთხელ ცდილობდნენ დაკავებულების დაცვასთან დაკავშირებას და შესაბამისი მასალების მიღებას, თუმცა უშედეგოდ. მისივე თქმით, თუ ადვოკატები სახალხო დამცველს პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დაკავებაზე მასალებს გააცნობენ, ეს საკითხი მომავალი წლის ანგარიშში აუცილებლად შევა.

ახალი ამბები