კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ შეურაცხყოფენ ჟურნალისტებს?

3 თებერვალი, 2010
ეკა ქევანიშვილი

ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ორი ფაქტი გახმაურდა. შიდა ქართლში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, კიბიდან დააგორეს გაზეთ ”ქართლის ხმის” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი, კახეთში შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო ”ჰერეთის” კორესპონდენტს მადონა ბატიაშვილი. მსგავსი ზეწოლის ობიექტი რეგიონალური მედიის არაერთი წარმომადგენელი გამხდარა. ამ საკითხს არაერთი გადაცემა მიეძღვნა. უფლედამცველები ხშირად მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისათვის, მაგრამ რეგიონებში ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ მუქარა თუ სხვა სახის ზეწოლა მაინც ხშირია.

შიდა ქართლში მოღვაწე ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კონფლიქტური დამოკიდებულება ქართულ მედიაში ყველასათვის ცნობილი ფაქტია. როგორც თავად საბა ამბობს, ამის მიზეზი მისი კრიტიკული სტატიები და ჟურნალისტური გამოძიებებია. ბოლო შეხლა-შემოხლა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 22 იანვარს საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად სამხარეო ადმინისტრაციაში მისული წიწიკაშვილი შენობის დაცვამ კიბიდან დააგორა და სცემა: ”ხელი დამარტყა დაცვის ბიჭმა, რომელთანაც მანამდეც მქონდა კონფქლიტი. შემაგინა, კიბეზე დამაგორა და ჯერ ბოძს, შემდეგ კარს მიმაჯახა, შემდეგ ზურგში ხელების რტყმა დამიწყო..”.

წიწიკაშვილი მოგვითხრობს, რომ ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე მან გუბერნატორის მიერ მოწყობილ მიღებაზე, სადაც წლის ანგარიში წარედგინა საზოგადოებას, საბამ ”ქართლის ხმის” სწორედ ის ნომერი დაარიგა, სადაც გუბერნატორის პრემიებსა და ზოგადად საბიუჯეტო თანხების არასწორ ხარჯვასთან დაკავშირებით მისი ჟურნალისტური მოკვლევა იყო დაბეჭდილი. თუ მანამდე მთელი ერთი თვის განმავლობაში წიწიკაშვილს სამხარეო ადმინისტრაციაში შესვლის პრობლემა არ ჰქონდა, ამ ფაქტის შემდეგ ვითარება შეიცვალა: ”როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ კაბინეტიდან კაბინეტში ჩემი თავისუფლად სიარული აღარ შეიძლებოდა და კვლავ დამიწესეს შეზღუდვები.“

საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ ზემოაღნიშნული მოკვლევა, რამაც პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში, ლადო ვარძელაშვილი, გააღიზიანა, ფაქტობრივად, მის მიერ წარმოდგენილი წლის ანგარიშის ალტერნატიული ანგარიში იყო.

”ქართლის ხმის” გარდა, იგივე სტატია ინტერნეტგამოცემა www.humanrights.ge -ზეც გამოქვეყნდა. ამ გაზეთის რედაქტორი ალეკო ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ წიწიკაშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას ერთი გამოკვეთილი მიზანი აქვს - ჩამოაშორონ არასასურველი ჟურნალისტი ადგილობრივ მედიას. ასეთი დამოკიდებულების მიზეზი კი, ცქიტიშვილის აზრით, ჩინოვნიკების ჟურნალისტებთან ურთიერთობის დაბალი კულტურაა.

წიწიკაშვილის ცემის ამბავს ერთდროულად გამოეხმაურა ”ადამიანის უფლებათა ცენტრი" და მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ საგანგებო განცხადებაც მოამზადა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა კი ეს ფაქტი ასე შეაფასა: ”ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომი ჟურნალისტების საქმიანობაზე მოქმედებს. არც ერთხელ რეაგირება არ მომხდარა კონკრეტულად საბა წიწიკაშვილის შემთხვევაში და დამნაშავე არასოდეს დასჯილა.”

მასმედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი მარიკა ბოჭორიძე კი ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ შეეგუონ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს და ყველა შესაძლო ბერკეტით გააპროტესტებენ მსგავს შემთხვევებს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილეს, გიორგი ავალიანს, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად გამართლებულია ჟურნალისტის ცემა მისი საქმიანობის გამო. პასუხად ავალიანმა გვითხრა, რომ წიწიკაშვილის ცემის ფაქტი მტკნარი სიცრუეა და რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა მედიასაშუალებასთან იდეალური ურთიერთობა აქვს. წიწიკაშვილს პროვოკატორი ჟურნალისტის იმიჯი აქვს: ”არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად რეაგირება მოახდინოს მაგ ადამიანის საქმიანობაზე. ჩვენ კარგი და პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს მასმედიასთან, ერთადერთი გამონაკლისი არის წიწიკაშვილი და მთავარი მიზეზი ის არის, რომ ის მსგავსი გამოხტომებით ცდილობს თავის გამოჩენას და თვითლუსტრაციას და ყურადღების მიქცევას.”

ჩვენ ავალიანს ასევე ვკითხეთ, სხვა ჟურნალისტების მიმართ ასეთი კეთილგანწყობა ხომ არ არის გამოწვეული იმით, რომ ისინი, უბრალოდ, ერიდებიან კრიტიკულ მასალებზე მუშაობას, რაზეც ავალიანმა გვიპასუხა: ”ჩვენი მისამართით საკმაოდ კრიტიკული, თუმცა, ამავე დროს, კონსტრუქციული სტატიები იწერება, მაგრამ საბას სტატიებს არანაირი კავშირი არა აქვს რეალურად არსებულ ვითარებასთან და, რაც მთავარია, ის კი არ აკრიტიკებს ხელისუფლებას და, ვთქვათ, ურჩევს რა არის გამოსასწორებელი, არამედ ლანძღავს მას.”

გიორგი ავალიანისა და ყველა სხვა სახელმწიფო მოხელის მიმართ, ვინც ფიქრობს, რომ ესა თუ ის ჟურნალისტი დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს ასეთი რჩევა აქვს: ” არსებობს მედიასაბჭო, ეთიკის ქარტიის საბჭო, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ და იქ გაურჩიონ საქმე ასეთ ჟურნალისტებს, ან მიმართონ სასამართლოს.”

თუმცა ქორიძე იქვე სინანულით შენიშნავს, რომ, სამწუხაროდ, რაც უფრო დაბლა ჩავდივართ სახელისუფლო წრეებში, თვითშეგნება უფრო დაბლდება და სასამართლოში საქმის გარჩევაც სირცხვილად ითვლება: ”ამას ისიც ემატება, რომ ისინი თავს მმართველებად კი არ განიხილავენ, არამედ ფეოდალებად, რომელთაც არ ეკადრებათ სასამართლოში საქმის გარჩევა. მათ ავიწყდებათ მოთმენის ვალდებულებაც, რომელიც გაცილებით მეტი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს.”

ზვიად ქორიძე ასევე ფიქრობს, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის, მუქარის, მათი ცემის ყველა შემთხვევა ცნობილია სახელისუფლო პირამიდის თავში მჯდომი ადამიანისათვის. ის დარწმუნებულია, რომ დაცვის თანამშრომელი ჟურნალისტის ცემას თვითნებურად, უბრალოდ, ვერ გაბედავს: ”ეს არის ნებადართული ზემოდან - ”თქვენ დაამყარეთ წესრიგიო”, ხოლო წესრიგის დამყარება ხელისუფლების ენაზე ნიშნავს სიჩუმეს, განსაკუთრებით კი - არჩევნების წინ.”

შესაბამისად, ქორიძისათვის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების, მათ შორის, საბა წიწიკაშვილის ან, თუნდაც, რადიო ”ჰერეთის” კორესპონდენტის, მადონა ბატიაშვილის, გამბედაობა მისაბაძია. სხვათა შორის, ორიოდე დღის წინ ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლი ჟურნალისტი მადონა ბატიაშვილიც გახდა. ორიოდე დღის წინ ბატიაშვილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა ახლობლებმა კინაღამ რადიო „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში ჩართვა ჩაუშალეს, რადგან ჩართვის ადგილას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ჟურნალისტი ჯერ ეთერს გარეთ, შემდეგ კი ეთერშიც გალანძღეს და ინტრიგანი უწოდეს.

როგორც მადონა ბატიაშვილი ვარაუდობს, ადგილობრივი ხელისუფლების და მათი ახლობლების ჩართვის ადგილზე მისვლის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ რადიო ”ჰერეთის” ეთერში მჯდარი გამგებლისთვის მოსახლეობას კრიტიკული კითხვები არ დაესვა.

წიწიკაშვილსა და ბატიაშვილზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლის ეს ორი შემთხვევა რეგიონების ჟურნალისტთა დევნის მხოლოდ მცირე ნაწილია.

ანალოგიური პრობლემები აქვთ ჟურნალისტებს გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, სხვა რეგიონებშიც - ყველგან, სადაც ადგილობრივი მედია პრობლემებზე წერას არ ერიდება.

რადიო „თავისუფლება“

ახალი ამბები