კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციამ აშშ-სგან დაპირებები მიიღო

8 თებერვალი, 2010

ალექსი ბეჟანიშვილი

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოსა და მისი გუნდის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეწვივნენ. 5 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგმა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა რამდენიმესაათიანი ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს ოპოზიციასთან შეხვედრას. ოპოზიცია შეხვედრით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ასეთი ყურადღება შემთხვევითი არ არის.

„ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობისა და ზეწოლის შედეგებს, რომელსაც ნამდვილად აქვს ადგილი აშშ-ს მხრიდან, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების რაიმე ნიშნები“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჯეიმს სტეინბერგთან და ფილიპ გორდონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

„დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი იყო განცხადება, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვის მთავარია, არა მხოლოდ ამერიკის მეგობრის იმიჯის შექმნა, არამედ  დემოკრატიული ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას“, - დასძინა ბურჯანაძემ.

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე წუხს, რომ ამერიკულ მხარესთან ხშირი შეხვედრებისა და დიდი მეგობრობის მიუხედავად, მუშაობის შედეგი ჯერ არც ქვეყნის უშიშროების, არც შიდა დემოკრატიისა და არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ დამდგარა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგთან და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით გამყრელიძე, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი  თარგამაძე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის თქმით, ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას: „როგორც დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობა თავად ამ ქვეყნის შიგნით ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს, ის გაზრდის დახმარებას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. იმედი გვაქვს, რომ მომავალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საქართველოში, გახდება ახალი ბაზისი საზოგადოების კონსოლიდაციისთვის“.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის  ლიდერმა აშშ-ს მაღალჩინოსნებს სთხოვა, „უფრო მჭიდრო იყოს მათი სამსახურების კორდინაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ჩვენი ქვეყნის მთავრობა იყოს უფრო მეტად თავშეკავებული და ყურადღებიანი ჩრდილოელი მეზობლის პროვოკაციებზე: „ამ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს ვთხოვე, საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი სამსახურების კოორდინაცია უფრო მჭიდრო და სისტემატიური გახდეს და არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის, არამედ ვითარების რეალური მართვის სახე მიიღოს. ამ გზით რუსეთის მხრიდან ახალ პროვოკაციებზე საქართველოს ხელისუფლება უფრო თავშეკავებული და ყურადღებიანი იქნება“.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით გამყრელიძის ინფორმაციით, აშშ-ის ადმისტრაციისგან ოპოზიციამ სერიოზული დაპირებები მიიღო, რომ აშშ პრინციპულად მიუდგება საქართველოსთან ურთიერთობაში დემოკრატიის ინსტიტუციონალური განვითარების პრიორიტეტს.

„ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მაღალი რანგის ამერიკულმა დელეგაციამ საქართველოში ძალზე ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასთან შესახვედრად დრო გამონახა და მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე სწორედ ოპოზიციას შეხვდა. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ მათთვის პრიორიტეტი ქვეყანა, ხალხი, ქართველები და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე კი ჯეიმს სტეინბერგმა საქართველოში ვიზიტს წარმატებული უწოდა. მისი თქმით, თბილისში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან და მის გუნდთან, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან: „დღეს გამართულ შეხვედრებზე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ასევე განვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. საქართველოს, როგორც პარტნიორს, ძალიან ვაფასებთ. ამასთან, შევასრულეთ ჩვენი დაპირება, რომელიც ბაიდენმა გააჟღერა საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. უკანასკნელი ტრანში - ერთი მილიონი დოლარი საქართველოსთვის უკვე გამოყოფილია“.

შეკითხვაზე,  მიიღებს თუ არა აშშ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას, ავღანეთში ტვირთების ტრანზიტისთვის საქართველოს  გამოყენების შესახებ, სტეინბერგმა უპასუხა, რომ ეს წინადადება აშშ-ის ადმინისტრაციის წევრებმა პენტაგონთან ერთად უნდა განიხილონ და საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრების დროს საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებს. „ვისაუბრეთ საერთო უსაფრთხოების საკითხებზე. უსაფრთხოება კავკასიაში მნიშვნელოვანია. შევეხეთ უსაფრთხო გარემოს შექმნის საკითხს რეგიონში. საჭიროა, იყოს მეტი გამჭვირვალობა და შემცირდეს დაძაბულობა“, -აღნიშნა სტეინბერგმა.
 
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციის შეფასებებს საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს განსაკუთრებით არ მოეწონათ ნინო ბურჯანაძის გამონათქვამი - „კულუარული ზეწოლა“. როგორც საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, „კულუარული ზეწოლა“ რუსეთისთვის დამახიასიათებელი სტილია და  არა  აშშ-სთვის ან სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის.

მისივე თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები დემოკრატიის განმტკიცების მიზნით ახალ დემოკრატიებთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში არიან და შენიშვნებსაც ყოველთვის ღიად გამოხატავენ.
ასევე ღიად საუბრობენ პროგრესზეც.

ახალი ამბები