კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამლაგებელი აცხადებს, რომ შრომის მასწავლებელი ნაჯახით თავს უჩეხავდა

9 თებერვალი, 2010

თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ზაალ ჭიჭინაძე რამდენიმე თვეა, სკოლაში თანამდებობაზე აღდგენას ცდილობს. იგი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა უსაფუძვლოდ გაათავისუფლა. თუმცა, პედაგოგიური კოლექტივი ჭიჭინაძის სკოლაში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია. მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს სკოლის დამლაგებელიც: „ზაალ ჭიჭინაძე საშინელი ლანძღვა-გინებით შემომივარდა ოთახში ნაჯახშემართული, ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, გამჩეხდა, რომ არ გავცლოდი. ამის შემდეგ ჯავრი ფორტეპიანოზე იყარა და იგი იატაკის ლურსმნებით ჩაჭედა“.

ქვედა საქარის საჯარო სკოლის ტექნიკური მენეჯერი და შრომის მასწავლებელი ზაალ ჭიჭინაძე თანამდებობიდან 2009 წლის 27 ივლისს  გაათავისუფლეს. 2009 წლის 10 დეკემბერს კი ზაალ ჭიჭინაძემ სარჩელი ერთდროულად შეიტანა ზესტაფონის პოლიციის რაიონულ სამმართველოში და საქალაქო სასამართლოში. რაიონულ სამმართველოს გამოძიება ჯერ არ დაუწყია. სასამართლო პროცესი კი რამდენჯერმე გადაიდო.

„ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიმდინარეობს მასალების მოკვლევა. რაც შეეხება გამოძიებას, მას ვერ დავიწყებთ, თუ კონკრეტული სამხილები არ გამოიკვეთა“, - გვითხრა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა კახა ლელაძემ.

ზაალ ჭიჭინაძის ადვოკატის, ნინო ვაჩეიშვილის მტკიცებით, ჭიჭინაძე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ არაბიძემ უკანონოდ გაათავისუფლა: „ზაალ ჭიჭინაძე სკოლის ტექნიკური მენეჯერი იყო და მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ დამლაგებლები, რომლებიც არ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ზაალ ჭიჭინაძემ შენიშვნა მისცა სკოლის დირექტორს, რაც ავთანდილ არაბიძემ შეურაცხყოფად მიიღო და საფუძვლად დაუდო ჭიჭინაძის გათავისუფლების ბრძანებას. ავთანდილ არაბიძემ დამალა მასსა და ჭიჭინაძეს შორის დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება (2007-2012). ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე კი გადმოგვცა გაყალბებული ხელშეკრულება, რომელზეც არ არის ზაალ ჭიჭინაძის ხელმოწერა, ასევე გადასწორებულია ხელშეკრულების დადების თარიღი“.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ არაბიძე ზაალ ჭიჭინაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს: „ზაალ ჭიჭინაძე ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე პირადი განცხადების საფუძველზე დავნიშნეთ 2005 წლის 1 ოქტომბერს და დავუდეთ მოკლევადიანი ხელშეკრულება 2006 წლის 1 ოქტომბრამდე. ასე გრძელდებოდა 3 წლის განმავლობაში. მასთან არასოდეს გვქონია გრძელვადიანი ხელშეკრულება. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ეს მოხდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო. იგი ხშირად ნასვამ მდგომარეობაში მოდიოდა სკოლაში და როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დამლაგებელ ნარგიზი გურულს. შემდეგ კატეგორიულად მომთხოვა ნარგიზი გურულის სკოლიდან გათავისუფლება, ხშირად მიმეორებდა - რატომ გაუხადე სკოლას სარჩენად მისი მახინჯი შვილიო. საუბარია ნარგიზი გურულის შვილზე, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. მე დავიცავი უმწეო ადამიანები. არ მინდა, ის კაცი სკოლაში დაბრუნდეს, რომელმაც ასეთი რამეები ჩაიდინა. ეს იქნება დიდი ლაქა სკოლისთვის“.

საქმეში დევს ნარგიზი გურულის ორი მოხსენებითი ბარათი, სადაც დაწვრილებით აღწერს მასსა და ზაალ ჭიჭინაძეს შორის მომხდარ ინცინდენტებს. იგი მოითხოვს სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილოს ეს საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები.

ამონარიდი ნარგიზი გურულის მოხსენებითი ბარათიდან: „ზაალ ჭიჭინაძემ ორჯერ მომაყენა შეურაცხყოფა, როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად. საშინელი ლანძღვა-გინებით შემომივარდა ოთახში ნაჯახშემართული, ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, გამჩეხდა, რომ არ გავცლოდი. ამის შემდეგ ჯავრი ფორტეპიანოზე იყარა და იგი იატაკის ლურსმნებით ჩაჭედა“.

„ფორტეპიანო იმდენად იყო დაზიანებული, რომ რაიონიდან მოვიყვანეთ ამწყობი. კლავიატურა და მექანიზმები საჭიროებდა შეკეთებას, რომლის ღირებულება - 70 ლარი ხელფასიდან დაექვითა ზაალ ჭიჭინაძეს“, - ამბობს ავთანდილ არაბიძე.

ზაალ ჭიჭინაძე თავისი უფლებების აღდგენას და გაცდენილი საათების სახელფასო ანაზღაურებას ითხოვს. მასწავლებლების განცხადებით კი, თუ ზესტაფონის საქალაქო სასამართლო ჭიჭინაძის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ისინი საპასუხოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

ახალი ამბები