კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე შვეიცარიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

10 თებერვალი, 2010

ალექსი ბეჟანიშვილი

სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. სპეციალურად, „პრესა.გე“-ს მან ინტერნეტის საშუალებით წერილი გამოუგზავნა, რომელშიც თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომახიძის მეუღლემ, ქეთი ფოფხაძემ განუცხადა, ვახტანგ კომახიძესთან განხორციელდა მუქარის ზარი, სადაც მას ოჯახის წევრების სიცოცხლით დაემუქრნენ. „იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა“, - აღნიშნა კომახიძის მეუღლემ. ამჟამად კომახიძე ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება.

გთავაზობთ ვახტანგ კომახიძის წერილის სრულ ვერსიას:

„მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ.

მუქარა მოჰყვა ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან და ქალბატონ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვაში ვიზიტს. სადაც მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ზეწოლა დაიწყო სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ წარმოებული ღია კამპანიით, რასაც მოჰყვა ქუჩაში დახვედრა და ხელისუფლების სახელით მკაცრი მუქარა. დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამომგზავრებისას თბილისის აეროპორტში გამთენიის 4 საათზე „გაცილება“ მომიწყო კუდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მისი ყველაზე ცნობილი სახეების მონაწილეობით. იმის გამო, რომ დევნის საქმე დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული, უფრო დეტალური ინფორმაციის და მტკიცებულებების საჯარო გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ.

დოკუმენტური ფილმი, რომლის გამოც განხორციელდა მუქარა, ასახავს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და ვფიქრობ, ეს ინფორმაცია უაღრესად საინტერესოა საქართველოს საზოგადოებისთვის. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხივნალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების აგრესია ჩემი მისამართით. თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს.

დაბოლოს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლებლობებზე ჩემი ცოდნა და წარმოდგენა მაიძულებდა თავშესაფრის მოთხოვნით და ამ განცხადებით შემექმნა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. ამასთან ერთად, დღევანდელი საკომუნიკაციო შესაძლებლობების გამოყენებით ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს დადგეს ის დრო, როცა საქართველო აღარ იქნება განდევნილი ადამიანების სამშობლო“.

ვახტანგ კომახიძე არის გამომძიებელი ჟურნალისტი, სტუდია „რეპორტიორის“ დამფუძნებელი. 2009 წლის დეკემბერში კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან და „ომის ინვალიდთა და დაღუპული მებრძოლების მეუღლეთა კავშირის" თავმჯდომარე მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში იმყოფებოდა. ცხინვალში ისინი შეხვდნენ, როგორც სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ვახტანგ კომახიძე ახალი საგამოძიებო ფილმის გადაღების მიზნით ცხინვალში დარჩა და თბილისში მეორე დღეს დაბრუნდა.

„კომახიძე ცხინვალში იმ მიზნით დარჩა, რომ ქალაქი დღის შუქზე ენახა, იქ არსებული მდგომარეობა და მიმდინარე მშენებლობები გადაეღო. კომახიძე თბილისში დღესვე დაბრუნდება, ცხინვალში გადაღებულ მასალებს კი სავარაუდოდ, დოკუმენტურ ფილმში გამოიყენებს“, - განაცხადა ცხინვალიდან თბილისში დაბრუნებულმა მანანა მებუკემ სააგენტო „პირველთან“ საუბრისას. 

ამ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ხელისუფლების კონტროლირებადმა ტელეარხებმა რამდენიმე აგრესიული სიუჟეტი მოამზადეს, მათ შორის გამორჩეულად აგრესიული იყო მიზანმიმართული კამპანია ზაქარეიშვილის, კომახიძისა და მებუკეს ცხინვალში ვიზიტის თაობაზე. ამ კამპანიის წინააღმდეგ 15 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4560&lang=ge , რომელშიც ნათქვამია:

„უფლებამდაცველების დისკრედიტაციისაკენ მიმართული მსგავსი საინფორმაციო კამპანია საფრთხეს უქმნის ზოგადად მათ საქმიანობას ქვეყანაში, განსაკუთრებით კი - საქმიანობას ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში, როგორებიც არიან დევნილები, უმცირესობები და ა.შ.

უფრო მეტიც, ზემოხსენებული მედიასიუჟეტები  ხელს უწყობენ შეუწყნარებლობას, მტრულ დამოკიდებულებას და საფრთხეს უქმნიან სამართლისა და მშვიდობის ძიების შესაძლებლობებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რომელმაც ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე და ფართომასშტაბიან ფაქტებამდე მიგვიყვანა.

მსგავს კამპანიას განსაკუთრებით დესტრუქციული ზეგავლენა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების იმიჯზე, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი ეროვნული ტელევიზია, რაც საშუალებას  არ აძლევს უფლებამდაცველებს, ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას და პასუხი გასცენ ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ წარმოთქმულ ბრალდებებს“.

ახალი ამბები