კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცილისწამება და ზიზღი თბილისში - ამომავალ პოლიტიკურ ვარსკვლავს ტალახს ესვრიან

15 თებერვალი, 2010

ბრაიან ვაითმორი, რადიო „თავისუფლება“

თბილისის ცენტრალურ გამზირზე დიდი კუსტარული სარეკლამო ბანერი დგას, რომელზეც ირაკლი ალასანიას და მისი მეუღლის, ნათიას ფოტოებია გამოსახული. უკან კი ფონად არა თბილისის, არამედ მანჰეტენის ბრჭყვიალა ჰორიზონტი მოსჩანს.

გაკვირვებულ გამვლელებთან, რომლებიც ამ ბანერს  აკვირდებიან, ტელე-ჟურნალისტი მიდის და ერთადერთ კითხვას უსვამს – „უნდა ცხოვრობდეს თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ნიუ ორკში?“

ერთმა ქალმა მას უპასუხა, რომ არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან „მისი ყურადღება გაიფანტება“, არადა, მისი „გული და გონება აქ უნდა იყოს კონცენტრირებული“. ამ დროს მამაკაცი ერთვება – „უკეთესი იქნება თუკი მას ცოლი მხარში ამოუდგება და მასთან ერთად იაქტიურებს“.

ფრაგმენტი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან დაახლოებული კერძო არხის „რეალ ტივის“ ეთერში გავიდა, იმ სატელევიზიო გადაცემის ნაწილია, რომელიც შობამდე ცოტა ხნით ადრე გადაიცა და სადაც  ალასანიას - თბილისის მერის არჩევნების მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს შეუტიეს. გადაცემამ ირაკლი ალასანია - გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, კოსმოპოლიტად და ელიტის წარმომადგენლად წარმოაჩინა - ადამიანად, რომელიც ამჯობინებს, ოჯახი ნიუ იორკში, კარგ პირობებში აცხოვროს, რაც ჩვეულებრივი ქართველი ამომრჩევლებისთვის მიუწვდომელია.

„გლობალური მეგაპოლისი ნიუ იორკი ახლა შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება და როგორც ჩანს, ალასანიას ოჯახი გამონაკლისი არ არის“, – ისმის ხმა კადრს მიღმა, რომელზეც ნიუ იორკის საცხოვრებელ სახლში ბინის კარია გამოსახული და მას ალასანიას სახელი აწერია.

„ალასანიას ცოლი და მისი შვილები ამერიკულ ოცნებაში უკვე 11 თვეა, ცხოვრობენ და როგორც ჩანს, აშშ მათთვის საცხოვრებლად ყველაზე სასურველ ადგილად რჩება“.
 
გადაცემამ, რომელიც ერთ-ერთია იმ გადაცემებს შორის, რომლებსაც ალასანიას მხარდამჭერები მისი რეპუტაციის შელახვის ღია კამპანიად აღწერენ, კონტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა. ალასანია გაეროს ელჩის თანამდებობიდან როცა გადადგა (სადაც ის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და თბილისში 2008 წლის დასასრულს, პოლიტიკაში ჩართვის მიზნით დაბრუნდა), არ მოისურვა მის მცირეწლოვან შვილებს ის საჯარო სკოლა მიეტოვებინათ, რომელშიც მანამდე სწავლობდნენ. ამიტომ, ალასანიას მეუღლე და შვილები აშშ-ში რჩებიან.

თბილისის მერის არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი და ბრძოლა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის გაორმაგებული ძალით გაჩაღდა. თუმცა, სათამაშო მოედანზე არასასურველი პირობებია. დღევანდელი მერი გიგი უგულავა - სააკაშვილის ახლო მოკავშირე და მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საქართველოს პროსახელისუფლო მედიაში ფართოდ და პოზიტიურად შუქდება. ეს მედიასაშუალებები უგულავას რეგულარულად ქალაქის კომპეტენტურ, პრაქტიკულ მმართველად წარმოაჩენენ.

ამის საპირისპიროდ, იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ალასანია ტელევიზიით ჩნდება, მას როგორც წესი, აბუჩად იგდებენ. ინტერვიუში, რომელიც ალასანიამ „კავკასიის ექოს“, „რადიო თავისუფლების“, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსულენოვან სამსახურს მისცა, იგი ამბობს, რომ ეს არის ნიშანი, რომ დღევანდელი მთავრობა მერის პოსტზე მის კანდიდატურას პრობლემად აღიქვამს.

„ვფიქრობ, მთავრობა და „საქართველოს ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ ძალიან სერიოზულ კონკურენტად აღგვიქვამს და ის, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლის გაგრძელების და ამ არჩევნების მოგების მოტივაციას გვიჩენს“ , - ამბობს ალასანია.
 
გვაჩვენეთ თქვენი საათი!

თბილისის მერობის ირგვლივ კამპანიის ინტენსივობის მიზეზი ის არის, რომ ეს არჩევნები დიდწილად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გენერალურ რეპეტიციად განიხილება, რომელიც განსაზღვრავს სააკაშვილის მემკვიდრის ვინაობას. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სააკაშვილის გუნდი ყველა რესურსს და ძალას უკეთებს მობილიზებას, რათა  დარწმუნებული იყოს რომ შემდეგი პრეზიდენტი კარგად შერჩეული მემკვიდრე იქნება – შესაძლოა თბილისის მერი, უგულავაც. ეს კი იმას ნიშნავს,  მათ სჭირდებათ ალასანიას კანდიდატურის გზიდან ჩამოშორება.

„უდავოა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს ალასანიას მერობა, რადგან ეს მას ავტომატურად პრეზიდენტობის წამყვან კანდიდატად აქცევს“, – ამბობს ლოურენს შიტსი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი – „დღევანდელ მთავრობას ხელისუფლების შენარჩუნება სურს, ალასანია კი მათთვის ძლიერი ოპონენტი იქნება თუკი იგი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გახდება. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს“.
 
„რეალ ტი ვი“ კერძო სატელევიზიო სადგურია, მაგრამ საქართველოს კერძო მედიასაშუალებების უმრავლესობის მსგავსად, ის სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული. ამ ტელევიზიის მფლობელების ვინაობა გაუმჭვირვალეა, მაგრამ უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არხს საქართველოს ძლევამოსილი შინაგან საქმეთა მინისტრი, სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე, ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს.

„რეალ ტივის“ გადაცემა ალასანიას ოჯახზე პირველი არ გახლავთ. ის არხმა ბოლო კვირების განმავლობაში აჩვენა. მათგან ზოგიერთებს შემდეგ „იმედი“, მეორე ნომინალურად კერძო, მაგრამ დანამდვილებით პროსახელისუფლო სატელევიზიო არხი იმეორებს. „იმედის“ პროდიუსერის ნათია კობერიძის თქმით, „რეალ ტივის“ გადაცემების გამეორების უკან პოლიტიკური მოტივი არ დგას.

თავად „რეალ ტივის“ წარმომადგენლებთან კომენტარისთვის დაკავშირება შეუძლებელია.

ზოგიერთ გადაცემას აშკარად მავნებლობის ელფერი დაჰკრავს. როდესაც ალასანია თბილისის ქუჩებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, „რეალ ტივის“ ჟურნალისტებმა ის მიიტყუეს და სთხოვეს კამერის წინ http://rtv.ge/video.php?video_id=52&width=500&height=350 საკუთარი საათი და მობილური ტელეფონი ეჩვენებინა. გაკვირვებული ალასანია მათ დაემორჩილა და აჩვენა მათ პროფესიონალური, მაგრამ საკმაოდ ჩვეულებრივი აქსესუარები.

ეს „გამოჭერის“ მომენტი არხმა მოგვიანებით აღარ შეიმჩნია და ამბავი სიუჟეტში მისთვის ჩვეულ სტილში მოჰყვა.

„ალასანია მნიშვნელოვან შეხვედრებზე უფრო ძვირფას საათს და ტელეფონს ატარებს“, – ისმის ხმა კადრს მიღმა – „ჩვენი წყაროების ცნობით, უცხოელმა პიარ-კონსულტანტებმა ურჩიეს ალასანიას, რიგით მოქალაქეებთან გაცილებით იაფფასიანი ტელეფონი და მამამისის ნაჩუქარი საათი ეტარებინა“.
 
„რეპუტაციის შელახვა“

სხვა გადაცემებში უფრო გამორჩეულად ნაძირლური ტონია. ამასწინანადელ გადაცემაში „რეალ ტივიმ“ ცრუ ინტერვიუ ჩაწერა ნატურალური ზომის მანეკენთან, რომელიც ალასანიას ასახიერებდა http://rtv.ge/video.php?video_id=211&width=500&height=350 . ინტერვიუერმა მას მთელი რიგი მამხილებელი კითხვები დაუსვა, იმ ქვეტექსტით, რომ ალასანია რუსეთის აგენტი, ნარკოტიკებით მოვაჭრე, მოძალადე და მკვლელი ახალგაზრდული დაჯგუფების ყოფილი წევრია. ალასანიას თოჯინა მთელი ამ დაკითხვის განმავლობაში დუმს.

ალასანიამ უარყო „რეალ ტივის“ ბრალდებები „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში და მათ „რეპუტაციის შელახვის“ და მერობის კამპანიიდან მისი ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.

„ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. იმ დროს, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას, მე ამ საკითხზე სასამართლოს მივმართავ“, – ამბობს ალასანია.

„რა თქმა უნდა, ჩემს წარსულში მსგავსი არაფერია“, – დასძენს იგი – „მე მთავრობაში 15 წელი ვიმუშავე. ჩემი წარსული გადამოწმებული და ათასჯერ შესწავლილია, რა თქმა უნდა, მე  ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ“.
 
გაურკვეველია, რა ეფექტს მოახდენს ეს ალასანიას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე, რადგან სამწუხაროდ გამოკითხვები ამ ქვეყანაში პოლიტიზებული და ხშირად არასანდოა. არც ისაა ცხადი, რამდენად წარმატებულია ალასანიას მხარდაჭერა საქართველოს პრეტენზიული ოპოზიციის მხრიდან.

ალასანიამ გააერთიანა ორი ოპოზიციური პარტიები – „რესპუბლიკელები“ და „ახალი მემარჯვენეები“ – მოძრაობაში „ალიანსი საქართველოსთვის“, მაგრამ ისეთი ოპოზიციური ფიგურები, როგორებიც არიან ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც ალასანიას საკუთარი ამბიციებისთვის საფრთხედ აღიქვამენ, მას უფრთხიან.

თავის მხრივ, ალასანია ამბობს, რომ უახლოეს თვეებში ის საკუთარი კამპანიის გააქტიურებისთვის ემზადება.

უფრო მეტი, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები

იმავდროულად, ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ეს ცილისწამების კამპანია სინამდვილეში ალასანიას დაეხმარება.

გიგა ზედანია, თბილისის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი ამბობს, რომ ის სკეპტიკურად არის განწყობილი ალასანიას, როგორც ძლიერი პოლიტიკოსის მიმართ, მაგრამ დასძენს, რომ ეს მომაკვდინებელი თავდასხმები, რომელსაც ის „დაბალი ზნეობრივი სტანდარტებისა და აშკარა სისულელის უნიჭო ნარევს“ უწოდებს, გაეროს ყოფილი ელჩის მიმართ ხალხის სიმპათიას აჩენს.

„ვფიქრობ, „რეალ ტივის“ მფლობელები ვერ აფასებენ ქართული მოსახლეობის გონიერებას. საბოლოო ეფექტი კი მათი სურვილის საპირისპირო იქნება“, – ამბობს ზედანია – „ეს აბსოლუტურად მიკერძოებული „გაშუქება“, თუ არ ვიცი, მას როგორ უწოდებენ, ალასანიას მეტად პოპულარულს ხდის, რადგან ის მსხვერპლის შთაბეჭდილებას ტოვებს“.
 
ანალოგიურად, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველო, არის ქვეყანა, სადაც ხალხი ხელისუფლებას უპირობოდ არ ენდობა“ და სადაც ამომრჩევლები გაცილებით გამოცდილები არიან, ვიდრე მათ პოლიტიკოსები აფასებენ.

„ამ ქვეყანაში ხალხი გარკვეულია სხვადასხვა ტელევიზიების  პოლიტიკურ სიმპათიებში. ისინი ძალიან კარგად ერკვევიან ამაში. ასეთი ტიპის ქმედებებს უკურეაქცია მოჰყვება. ეს ძალიან უგუნური პოლიტიკური ქმედებაა“, - ამბობს შიტსი.

ალასანიას წინააღმდეგ კამპანია პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ სადაო შესწორებებს მოჰყვა. ამ ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო ბარიერმა თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის 30%-მდე დაიწია.

ოპონენტებმა ეს ქმედება უგულავას დახმარების მცდელობად შეაფასეს, რათა ის გადაურჩეს მეორე ტურში ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლას. დამკვირვებლების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ უგულავა მაისის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებში პირველ ტურში ყველა კანდიდატზე მეტ ხმას დააგროვებს. თუმცა, ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ თბილისში ოპოზიციური ხმების სიძლიერის გამო, ალასანია მას მეორე ტურში აჯობებდა.

ალასანია ამბობს, რომ მერის არჩევნებს, ის პოსტსააკაშვილისეულ პერიოდზე გადასვლის პირველ ეტაპად და  საქართველოს დემოკრატიული განვითარების უდიდეს გამოცდად განიხილავს.

„ეს თამაში არ არის. ახლა საქართველოს ბედი წყდება“, – ამბობს ალასანია – „ეს უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები. ეს საქართველოს დემოკრატიის რეფერენდუმია“.

www.foreignpress.ge 

ორიგინალი: http://www.rferl.org/content/Smear_Offensive_Targets_Rising_Georgian_Political_Star/1941519.html

ახალი ამბები