კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები გამომცემლების თვითნებობისგან სრულიად დაუცველები არიან

16 თებერვალი, 2010

გელა მთივლიშვილი

ქართულ მედიაში შრომითი ხელშეკრულებების არარსებობის საკითხი კვლავ პრობლემატურია. იურისტების შეფასებით, აღნიშნული მექანიზმი მედიაში სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მათივე თქმით, ხელშეკრულება, პირველ რიგში, მედიამფლობელისგან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის თავიდან აცილების გარანტიას წარმოადგენს. მედიასაშუალებები ჟურნალისტებს შრომით ხელშეკრულებებს მაშინაც კი არ უფორმებდნენ, როცა შრომის კოდექსი დამქირავებელს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას ავალდებულებდა. მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაურესდა, რაც შრომის კოდექსში ცვლილება შევიდა და ხელშეკრულების დადების ვალდებულება გაუქმდა.

ჟურნალისტები, რომლებსაც მედიასაშუალებებთან ხელშეკრულებები არა აქვთ დადებული, ამბობენ, რომ შრომითი ურთიერთობების დაწყებისას ხელშეკრულების დადება მათთვის თავად დამქირავებელს არ შეუთავაზებია. კითხვაზე, თავად რატომ არ მოითხოვეს კონტრაქტების გაფორმება, მათ აღნიშნეს, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დამქირავებელს ისინი სამსახურში საერთოდ აღარ მიეღო. აღმოჩნდა, რომ შრომითი ხელშეკრულებები არა აქვთ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობენ. ზოგიერთი კორესპონდენტის თქმით, ის ხელფასს ნაღდი ანგარიშსწორებით ისე იღებს, რომ ხელს რაიმე დოკუმენტზე არ აწერს. ხელშეკრულებების არქონის გამო ჟურნალისტები ვერც შრომის კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ. 24 სამუშაო დღის ოდენობით ვერც ფასიან შვებულებას იღებენ  და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, კომპენსაციასაც არავინ უხდით.

ხელშეკრულებების არქონის გამო, ჟურნალისტები განსაკუთრებით დაუცველები არიან იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენთვის რამდენიმე ფაქტია ცნობილი, როცა ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალებში კრიტიკული ინფორმაციები გაიპარა და იმის გამო, რომ ჩინოვნიკები გაღიზიანდნენ, დირექტორებმა ისინი სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს.

სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებებში შრომითი ხელშეკრულებების არარსებობის მიზეზით ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის რამდენიმე საქმეა განხილული. ომბუდსმენის აპარატში მიაჩნიათ, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც მედიის მფლობელს ახალი ამბების რედაქციაზე ზემოქმედების შესაძლებლობისგან შეზღუდავს.

„სარედაქციო დამოუკიდებლობის ინსტიტუტი პრინციპების დონეზე აღიარებულია „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. თუმცა, გარდა იმისა, რომ არ არსებობს აღნიშნული ცნების ლეგალური დეფინიცია, მოქმედი კანონმდებლობა თითქმის არ შეიცავს რეალურ მექანიზმს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპის რეალიზებისათვის“,- აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.

ახალი შრომის კოდექსის მიღების შემდეგ შრომითი ხელშეკრულება, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის გარანტია, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავდა შრომითი ხელშეკრულების წერილობით ფორმას. მიუხედავად ამისა, მედია საშუალებები კანონის გვერდის ავლით ჟურნალისტებს შრომით ხელშეკრულებებს მაინც არ უფორმებდნენ.

ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ მოსკოვის ბიუროს თანამშრომლის ჟურნალისტ რუსუდან ნიკურაძის საქმე. ასევე სახალხო დამცველის მიერ განხილული თამარ ოქრუაშვილის, საბა წიწიკაშვილის და სხვების განცხადება ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებლის ბადრი ნანეტაშვილის წინააღმდეგ, სადაც შრომითი ხელშეკრულებების არარსებობის გამო, გაურკვეველი იყო დასაქმებული ჟურნალისტების უფლება-მოვალეობები.  შედეგად, ჟურნალისტებს უხდებოდათ ისეთი არაკვალიფიციური სამუშაოს შესრულება, როგორიცაა მაგალითად, ტელე-რადიო კომპანიის ეზოს მოვლა.

ადვოკატი ლია ხუროშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილებების შეტანის შემდეგ შრომის კოდექსის მე-6 მუხლმა მედია მესაკუთრეს საქმე საკმაოდ გაუმარტივა, ვინაიდან მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით“.

„ამ დროს ზეპირი შრომითი ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის ჟურნალისტზე, თუმცა პრობლემას წარმოადგენს არა იმდენად შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დამტკიცება (სხვა სამუშაოებისაგან განსხვავებით, ამგვარი მტკიცება განსაკუთრებით იოლია მედიაში, სადაც არსებობს ვიდეო, აუდიო და საგაზეთო ჩანაწერები), არამედ ის, თუ დამსაქმებლის თვითნებობისაგან დაცვის რა პირობებს შეიცავს ზეპირი ხელშეკრულება“, - აცხადებს იურისტი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამ პრობლემამ თავი იჩინა ცაულინა მალაზონიას საქმეში. აღნიშნული ჟურნალისტი 2006 წლის 1 სექტემბრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა ახალციხეში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის, „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტად. ამ პერიოდის განმავლობაში მასთან გაფორმებული იყო წერილობითი ხელშეკრულება, სადაც ნათლად იყო გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის დასაქმებულის ხელფასი, 300 ლარის ოდენობით. 2007 წლის პირველი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, ჟურნალისტის ხელფასის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რამაც მისი უკმაყოფილება და სამსახურის დატოვება გამოიწვია. გაზეთის რედაქტორის, ლელა ინასარიძის განმარტებით, 2007 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, გაზეთის არცერთ თანამშრომელთან არ იყო გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. არსებობდა მხოლოდ ზეპირი ხასიათის შეთანხმება ხელფასთან დაკავშირებით.

„ხელფასი, როგორც მუდმივი, არაერთჯერადი საქმიანობის ანაზღაურების ფორმა, არ შეიძლება იყოს ზეპირი ხელშეკრულებების რეგულირების საგანი. გრძელვადიანი შრომითი ურთიერთობების შემთხვევაში აუცილებელია წერილობითი შრომითი ხელშეკრულებების არსებობა, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი მხარეთა უფლებები და მოვალეობები. თუკი მოქმედი კანონის მიღებასთან დაკავშირებულ დებატებს გადავავლებთ თვალს, ნათელი გახდება, რომ კანონპროექტის ინიციატორებს სწორედ მსგავსი მიზნები ამოძრავებდათ, თუმცა საბოლოო ვარინტმა მკაფიოდ ვერ განსაზღვრა ის შემთხვევები, როცა ზეპირი ხელშეკრულების ფორმის გამოყენება არის დასაშვები. წერილობითი ხელშეკრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც კონკრეტულ მედია ორგანიზაციაში მრავალჯერადი ხასიათის საქმიანობას ახორციელებენ“, - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.

ახალი ამბები