კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები აუტანელ პირობებს უჩივიან

17 თებერვალი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში დაამტკიცა. მისი განხორციელება დაწყებულია და იგი 84 900 დევნილისთვის ახალი კორპუსების, 11 500 დევნილისთვის კი, ახალი კერძო სახლების აშენებას გულისხმობს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 75 მლნ ლარის საერთო ღირებულების 86 კონტრაქტი აქვს დადებული. აქედან, ქვეყნის მასშტაბით სულ 17, ქუთაისში კი, ოთხი დევნილთა კოლექტიური ცენტრია რეაბილიტირებული. თუმცა, როგორც დევნილები აცხადებენ - უხარისხოდ.

„მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ვერ გაიგო. ოთხი კოლექტიური ცენტრიდან რომელია გამართული და ხარისხიანად გაკეთებული? გაიხსნება ოფიციალურად, ტელევიზიით გადმოიცემა დიდი ზარ-ზეიმი და მეორე-მესამე დღეს იწყება დევნილთა საპროტესტო აქციები. ესაა გაკეთებული?! ასე აპირებს ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის შენებას?!“ - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ეთერ ხუტკუბია, რომელიც ქუთაისში, ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში ცხოვრობს.

ეთერ ხუტკუბია ამბობს, რომ სანამ ხელისუფლება გარემონტებულ შენობაში შეასახლებდა, ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ბაღის შენობაში ცხოვრობდა, თანაც, არცთუ ცუდ პირობებში: „იქიდან 5 ოჯახი გამოგვყარეს და ამ შენობაში მოგვიყვანეს. აქ ცხოვრება ჩვენ სულ არ გვინდოდა, მაგრამ რადგან მაინც გადმოგვასახლეს, ვიფიქრეთ, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები გვექნებოდა. აქ კი, მთელი ზამთარი კედლები სველია და ზედ სოკოები  ჩნდება“.

ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში დევნილები 2 მარტიდან ცხოვრობენ. ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ახალმოსახლეობისთანავე გაჩნდა. ახლადგარემონტებული კედლები პირველივე გაწვიმებისას დასველდა და უამრავი პრობლემა გაჩნდა, რასაც მოგვიანებით, ელექტროენერგიის გათიშვა და ბევრი უშუქო ღამე მოჰყვა.

„ძველით ახალ წელს ჩაბნელებული და პრობლემებით დამძიმებული შევხვდით. „ენერგოპრომ“ დავალიანების გამო შუქი გაგვითიშა და ორი კვირა სანთლის შუქზე ვიყავით. საიდან, რომელი შემოსავლით უნდა გადავიხადოთ ეს დავალიანება - ათასობით ლარი?! ამას არავინ კითხულობს. ჩვენ მხოლოდ 22-ლარიან დახმარებას ვიღებთ, რომელიც პურის ფულადაც არ გვყოფნის. შემოეყვანათ გაზი და გადასახადიც ნაკლები გვექნებოდა და ამდენი პრობლემაც არ დაგვიგროვდებოდა“, - ამბობს დევნილთა ასოციაცია „მომავლის იმედი - 2010“-ის წარმომადგენელი ჯულიეტა გვიჩიანი.

თითქმის იგივე პრობლემები აქვთ ქუთაისში ბელორუსიის ქუჩის #24-ში, ახლადგარემონტებული ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს. იქ 16  ოჯახი გასული წლის 24 აგვისტოს შეასახლეს. პრობლემებიც პირველივე დღეებიდან გაჩნდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.

„ამ ხალხს საცხოვრებელი ფართის უვარგისობით დაწყებული, სასმელი წყლით დამთავრებული, უამრავი პრობლემა აქვს. არსებული მდგომარეობის გამო ჩვენ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს არაერთხელ მივმართეთ. ვითხოვდით, დაინტერესებულიყვნენ დევნილთათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობის მდგომარეობით და დაედგინათ სარემონტო საქმის მწარმოებელი ფირმის მიერ დარღვეული ყველა სამშენებლო სტანდარტი. მოკლედ, მოვითხოვდით, გამოეძიებინათ, არსებობდა თუ არა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ ფირმასა და ინსპექტირების ჯგუფის წევრებს შორის ფინანსური, ან რაიმე ტიპის გარიგება, რაზეც ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ თვეების მანძილზე პასუხი ვერ მივიღეთ, ბოლოს კი გვითხრეს, რომ ჩვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე. იგი აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას პროკურატუტაში აპირებს.

როგორც ირკვევა, დევნილთათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობა ადგილობრივ ხელისუფლებასაც ნაკლებად აღელვებს.   ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ შესრულებული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაიბარა და მის ხარისხზეც ის არის პასუხისმგებელი.

ოფიციალური მონაცემებით, ე.წ. ინსპექტირების ჯგუფის წევრები, რომელთაც აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდათ, სწორედ ქუთაისის მერიის, კერძოდ კი, ყოფილი მერის ნუგზარ შამუგიას ბრძანებით დაინიშნენ. შესრულებული სამუშაოს ხარისხის დადგენა და შესაბამისი დასკვნის დადება სწორედ მათ ევალებოდათ.

ახალი ამბები