კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებების რიცხვი იზრდება

18 თებერვალი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სააღსრულებო დეპარტამენტის იმერეთის ბიუროში აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებების რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. დაზარალებული მოქალაქეები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და საქმის ბოლომდე მიყვანას ითხოვენ. იურისტთა განმარტებით, აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემური საკითხია და იგი  მთელი რიგი მიზეზებითაა გამოწვეული.

„ხშირად მოგვმართავენ ადამიანები, რომელთაც აღუსრულებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე პრეტენზიები აქვთ. ხშირად აღსრულების პროცესი ჭიანურდება, უფრო ხშირად კი, არსულება არც იწყება. აქ ძალიან ბევრ მიზეზზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. ერთ-ერთი, მოქალაქეთა ნაკლებინფორმირებულობაა. ანუ, მოქალაქე მიდის სასამართლოში, სასამართლო კანონის ფარგლებში იღებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და შემდეგ მან (მოქალაქემ) არ იცის, რა პროცედურები უნდა გაიაროს, რათა საბოლოო, მისთვის სასურველ შედეგს მიაღწიოს. მან არ იცის, რომ მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს საბოლოო შედეგს“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი ირინე ობოლაძე.

ადვოკატთა განმარტებით, აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი პროცენტი ასევე სააღსრულებო ორგანოების არასათანადო საქმიანობაზე მოდის. „არ მინდა, ძალიან სუბიექტური ვიყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის აღნიშნული საქმის მიმართ ვიღაცის უგულისყურობა და გულგრილი დამოკიდებულება. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აღმასრულებლების რაოდენობა არ არის საკმარისი, რათა ეს პროცესი სრულყოფილად განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება გამამართლებელ მიზეზად. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს“, - განმარტავს ირინე ობოლაძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ნანა ბეჟანიძემ მიმართა. დაზარალებული ქუთაისის „აბრეშუმკომბინატის“ ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც აღნიშნულ ორგანიზაციას, სახელფასო დავალიანების გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო. მიუხედავად ამისა, თანხა ვერ აიღო. ადვოკატებმა ორგანიზაციის გაკოტრების გამო პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

„მსგავსი შემთხვევები ძალიან ბევრია. სახელფასო დავალიანებების შემთხვევაში, ხშირად, საწარმო აღარ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ სხვა ფორმით. გვხვდება, ასევე, შემთხვევები, როცა საწარმო გაკოტრების რეჟიმშია. აქ უკვე კანონი აღსრულების პროცესთან დაკავშირებით სხვა რეჟიმებს აყენებს. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი ხელისშემშლელი მომენტია. ამ დროს ადამიანმა შეიძლება, იკითხოს -  რატომ ხდება, რომ ერთი კანონით გადაწყვეტილება მიკმაყოფილდება, ხოლო მეორე კანონით ამის შესრულება მუხრუჭდება? ამდენად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასახვეწია, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა სწორედ შიგნით, აღსრულების პროცესშია“, - ამბობს ირინე ობოლაძე.

2009 წლის 1 ივლისიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა (დაემატა თავი „კერძო აღმასრულებელი“). ასევე, იუსტიციის მინისტრმამიერ მიიღო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რითაც კერძო აღმასრულებლის საქმიანობა რეგულირდება. ამ ცვლილებას სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა.

თამარ ფაჩულია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი: „ეს ცვლილება, ერთის მხრივ, ალბათ, კარგიც არის. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ სააღსრულებო ბიუროები საქმეებისგან განიტვირთება. ის მომენტი, რომ მოვალეს არაფერი დარჩეს და ყველაფერი კრედიტორის სასარგებლოდ წავიდეს - ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი. თუ გარკვეულწილად ის პრინციპი იქნება გათვალისწინებული, რომ მოვალესაც აქვს თავისი უფლებები (რომ ის არ უნდა დარჩეს სარჩოს, საარსებო მინიმუმის მიღმა და უნდა მოხდეს მისი უფლებების დაკმაყოფილებაც), მაშინ, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება. ვფიქრობ, სახელმწიფომაც, ამ კუთხით, ალბათ, კერძო აღმასრულებლების მიმართ ზედამხედველობა უნდა განახორციელოს. მაგრამ თუკი ეს უკონტროლო პროცესი იქნება და ის გარემოებები, რაც კანონშია ჩადებული, ვერ ამოქმედდება, ამ შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი მოგვევლინება როგორც მოვალეების დამსჯელი სამსახური და ეს ძალიან ცუდი იქნება“.

ირაკლი გვენეტაძე, ადვოკატი:  „ვფიქრობ,კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი საქართველოში ვერ გაამართლებს. აღსრულება იმდენად რთული პროცესია, საჯარო სამსახურის ხელში უნდა იყოს... სახელმწიფოს უნდა ექვემდებარებოდეს“.
 
ირინე ობოლაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი: „ბევრ დამოუკიდებელ ქვეყანაში არსებობს კერძო აღმასრულებლის პრეცედენტი. ალბათ, ჩვენს შემთხვევაშიც უნდა გაამართლოს. თუმცა, კანონშიც არის მითითებული და ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ აუცილებელი იქნება მასზე მონიტორინგი. სულაც არ არის ეს რთული პროცედურა, თუკი, რა თქმა უნდა, ყველანი დავიცავთ კანონს. ის აღმასრულებელიც ხომ იურისტია? მას ხომ საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული, ლიცენზია აქვს აღებული და ა.შ. ვფიქრობ, აქ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმია მთავარი და არა ის განწყობა, რომ მე კერძო იურიდიული პირი ვარ და რაღაცას ვერ აღვასრულებ“. 

ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ თავად აღმასრულებლები. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში გაიმართა, სააღსრულებო დეპარტამენტის იმერეთის ბიუროს წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. შეხვედრაზე არ მოვიდნენ, ასევე, სახაზინო ადვოკატები.

ახალი ამბები