კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ იხდის რვაწლიან სასჯელს ადვოკატი

25 თებერვალი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორელ ადვოკატს, მარინა ჩიტაძეს გამოძიება ბრალად სდებს კლიენტისგან გარკვეული თანხის მოტყუებით აღებას, ასევე სხვა დაზარალებულებზე ზეწოლას, ჩვენების შეცვლის მიზნით. ადვოკატს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ჩვენ გთავაზობთ ისტორიებს, რომლებმაც მარინა ჩიტაძის ბედი განსაზღვრა.

თამაზ ქოქაშვილის საქმე

2006 წლის 24 აპრილს ხიდისთავში მცხოვრები, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ლევან  მოციქულაშვილი თამაზ ქოქაშვილის სახლის წინ „ხლაპუშკებს“ აფეთქებდა. აფეთქებებისგან შეწუხებულმა თამაზ ქოქაშვილმა გამოიტანა სანადირო თოფი და როგორც ლევან მოციქულაშვილი ამბობს, მას დამიზნებით ესროლა.

„როგორც კი დავინახე, რომ თოფი გამოიტანა, სახლში შევვარდი და გაისროლა კიდეც. ტყვია კედელს მოხვდა“, - ამბობს ლევან მოციქულაშვილი.

ლევან მოციქულაშვილის დედამ, მზია ლუკაშვილმა 2006 წლის 24 აპრილის ქმედება შვილის მოკვლის მცდელობად შეაფასა და შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ პოლიციაში შვილებთან ერთად იჩივლა. თამაზ ქოქაშვილი 1 მაისს დააკავეს, ხოლო სასამართლომ მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 4 მაისს იმსჯელა.

არსებით განხილვაში გადაზრდილი აღკვეთის ღონისძიება...

თამაზ ქოქაშვილს ახლობლებმა ადვოკატად მარინა ჩიტაძე დაუქირავეს. მხარეები სასამართლო პროცესზე 4 მაისს შეიკრიბნენ. მოსამართლე ზაზა რამიშვილს აღკვეთის ღონისძიებების სახეობებზე უნდა ემსჯელა. პროცესზე გამოცხადდნენ გამომძიებელი ილია თაყაძე და მისი ზედამხედველი პროკურორი ირაკლი გრძელიძე. ასევე მოვიდნენ დაზარალებულები - მზია ლუკაშვილი და ლევან მოციქულაშვილი. როგორც წესი, აღკვეთის შერჩევისას მოსამართლეს დაზარალებულები საერთოდ არ სჭირდება. მზია ლუკაშვილი და ლევან მოციქულაშვილი პროცესზე ადვოკატ მარინა ჩიტაძის მოთხოვნით დაიბარეს. მათ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალეს და აღნიშნეს, რომ თამაზ ქოქაშვილის წინააღმდეგ შედგენილი საჩივარი გამომძიებლის კარნახით დაწერეს.

პროკურორმა ირაკლი გრძელიძემ განაცხადა, რომ თამაზ ქოქაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი აღარ უნდა დამდგარიყო, რადგან მისი ბრალეულობა აღარ იკვეთებოდა. პროკურორმა დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა უკან გაიტანა და მოსამართლემ შესაბამისად თამაზ ქოქაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში არ ახსოვთ მსგავსი პრეცედენტი - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განხილვისას მოსამართლე და პროკურორი ასე არსებით განხილვაში შესულიყვნენ საქმეში.

მოსამართლე ზაზა რამიშვილი 2006 წლის 4 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ახსენებს დაზარალებულების მიერ ჩვენების შეცვლის ფაქტებს და მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნავს, რომ პროკურორმა და გამომძიებელმა შუამდგომლობები უკან გაიტანეს.

თითქმის 20 დღის გასვლის შემდეგ, 2006 წლის 24 მაისს რეგიონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კავსაძე გორის პოლიციის უფროსს ატყობინებს, რომ გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დასაკავებელია მოქალაქე მზია ლუკაშვილი და მისი შვილი ლევან მოციქულაშვილი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო.

იბადება კითხვა - რატომ გაახსენდა რეგიონის პირველ პროკურორს ჩვენების შეცვლის ფაქტი 20 დღის დაგვიანებით? გორის პოლიციის უფროსმა ზურაბ ჭაბუკიანმა მზია ლუკაშვილი და ლევან მოციქულაშვილი ჩვენების შეცვლის ბრალდებით 31 მაისს დააკავა. პროკურორმა მეორე დღესვე მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო დედის - მზია ლუკაშვილის მიმართ, ხოლო დაპატიმრება - ლევან მოციქულაშვილის მიმართ. თუმცა, მოსამართლე ბონდო ვათიაშვილმა დედასაც და შვილსაც გირაო, სულ 5 ათასი ლარი შეუფარდა..

რა მოხდა მარინა ჩიტაძის ოთახში ღამის 10 საათზე

2006 წლის 21 ივნისს მზია ლუკაშვილი და ლევან მოციქულაშვილი გორის პროკურორს სწერენ, რომ ჩვენების შეცვლა აიძულა თამაზ ქოქაშვილის ნათესავებმა ადვოკატ მარინა ჩიტაძის წაქეზებით.

„4 მაისის პროცესზე ჩვენს მიერ ჩვენების შეცვლა გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენზე განხორციელდა ზეწოლა თამაზ ქოქაშვილის ნათესავების მხრიდან. კერძოდ, 2 მაისს ღამით მიმიყვანეს სამხარეო პოლიციასთან, საიდანაც გამოვიდა ადვოკატი მარინა ჩიტაძე და წავედით მარინა ჩიტაძის ოფისში. ეს ხდება ღამის 10 საათზე. მარინე ჩიტაძის კარნახით შევცვალე ჩვენება, თან მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ არავინ შეგეხებათ, ოღონდ თამაზი გამოვიდეს და არ დაიჭირონო. მარინეს არავითარი ზეწოლა არ მოუხდენია, მხოლოდ მარწმუნებდა. ჩემს შვილს ლევანის კი თამაზ ქოქაშვილის ნათესავები ემუქრებოდნენ, სოფელში ვეღარ გაიჭაჭანებთ და სახლ-კარს გადაგიწვავთო. ამდენად, იძულებულები ვიყავით, თამაზ ქოქაშვილის სასარგებლო განცხადება ჩიტაძის ოფისში დაგვეწერა“, - წერს პროკურორ გიორგი ცერცვაძეს მზია ლუკაშვილი.

მარინა ჩიტაძე ბრალდებებს პასუხობს

როგორც ვნახეთ, მარინა ჩიტაძის და თამაზ ქოქაშვილის ნათესავების წინააღმდეგ ახალი ჩვენებები მზია ლუკაშვილმა და ლევან მოციქულაშვილმა 2006 წლის 21 ივნისს დაწერეს. მარინა ჩიტაძე კი მხოლოდ ორი წლის შემდეგ 2008 წლის ზაფხულში დააკავეს. განაჩენი მის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 28 იანვარს გამოიტანა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 2009 წლის 10 სექტემბერს ძალაში დატოვა. ამჯერად, მარინა ჩიტაძე უზენაესი სასამართლოდან ელოდება ახალ გადაწყვეტილებას.

მარინა ჩიტაძე: „2006 წლის 2 მაისს დაახლოებით 22-23 საათზე, ჩემთან სახლში მოვიდნენ გორის III საჯარო სკოლის დირექტორი გურამ აბრამიშვილი და ჩემთვის უცნობი ორი მანდილოსანი, როგორც შემდეგ გაირკვა - თამაზ ქოქაშვილის მეუღლე, მარინა ფაცინაშვილი. მათ მთხოვეს, დაკავებულ თამაზ ქოქაშვილის ადვოკატი ვყოფილიყავი. ვინაიდან მე და გურამ აბრამიშვილი წლების განმავლობაში ვახლობლობთ, დავთანხმდი, იმავე ღამეს იზოლატორში  მენახა დაკავებული. რამდენიმე ხანში გავერკვიე სიტუაციაში, რაც ხდებოდა. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობდა. აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განხილულიყო 72 საათში. გასული იყო 24 საათი. მეორე დღეს ჩემთან მოვიდნენ თამაზ ქოქაშვილის მეუღლე – მარინა ფაცინაშვილი და მისი ნათესავი ქეთევან ქუთათელაძე. მათ ავუხსენი, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვისას სასამართლო შეზღუდულია, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ მოხდებობდა თამაზ ქოქაშვილის ბრალეულობის განხილვა. გარდა ამისა, გამოძიება „მაგრად იდგა“ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე. მოვლენები შესაძლოა, შემდეგნაირად განვითარებულიყო: დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ქოქაშვილს შეეფარდებოდა პატიმრობა. ამის შემდეგ, ჩემი შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, დარწმუნებული ვიყავი, 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება მოიხსნებოდა და სახეზე გვეყოლებოდა უკანონო პატიმრობა, რასაც მოჰყვებოდა ცრუ დასმენა და უფრო და უფრო მძიმე შედეგები, როგორც მწარმოებელი ორგანოსათვის, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ხოლო თუ მზია ლუკაშვილი ჩვენებას შეცვლიდა, ე.ი. რეალობას იტყოდა, მაშინ ყველა იმ ნეგატიურ მოვლენას თავიდან ავიცილებდით. შესაძლებელი იყო, დამდგარიყო მზია ლუკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. აი ეს რეალობა იყო გამოვლენილი ჩემს მიერ და აქედან გამომდინარე, როგორ ვეტყოდი, მარინა ფაცინაშვილსა და ქეთევან ქუთათელაძეს - წადით და ძალით შეაცვლევინეთ ჩვენება-მეთქი?! ჩემი ამომწურავი ახსნა-განმარტების შემდგომ, როგორც ჩანს, თამაზ ქოქაშვილის მეუღლემ და ასევე მისმა კიდევ ერთმა ახლო ნათესავმა გაითავისეს მხოლოდ მათთვის მისაღები და სასარგებლო კონსულტაცია და გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, მიეღწიათ დაზარალებულის მხრიდან ჩვენების შეცვლა“.

სასამართლო სხდომაზე ქეთევან ქუთათელაძემ თქვა, რომ ჩიტაძემ მისცა რჩევა, რომ თუ ლუკაშვილი ჩვენებას შეცვლიდა, თამაზ ქოქაშვილსაც ეშველებოდა. თუმცა არავითარ მუქარაზე არ ყოფილა საუბარი.

ბესიკ ნალიყაშვილის საქმე

2006 წლის 18 ივნისს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გორში მცხოვრები ბესიკ  ნალიყაშვილი დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და სხვა პირთან ერთად, ტელეფონის გამოძალვაში დასდეს ბრალი.

ბესიკ ნალიყაშვილის დედამ შვილის ინტერესების დასაცავად ადვოკატი მარინა ჩიტაძე დაიქირავა. მან ჩიტაძეს ნაცნობების რჩევა-დარიგებით მიაკითხა.

„თავდაპირველად 400 ლარი შევიტანე ადვოკატის ანგარიშზე. იმ დროისთვის მარინამ მითხრა, რომ ადვოკატის გამოცდები ჩაბარებული არ ჰქონდა და ჩემი შვილის ინტერესებს ფორმალურად მის ადვოკატურაში მომუშავე გიგა ჯეირანაშვილი დაიცავდა. მარინა კი მის უკან იდგებოდა. ჩემს შვილთან ერთად დაკავებული იყო ჩვენი ნათესავი. ადვოკატები შემპირდნენ, რომ მასაც დაიცავდნენ. ამის გამო გადავიხადე 400-400 ლარი“, – განუცხადა ბესიკ ნალიყაშვილის დედამ გამოძიებას.

მისივე ჩვენების თანახმად, 2006 წლის ოქტომბერში მარინა ჩიტაძემ ნანი ნალიყაშვილს ჰკითხა, რა თანხის შეგროვება შესძლო. აღმოჩნდა, რომ ნანი ნალიყაშვილს იმ ეტაპზე 6 000 ლარი ჰქონდა შეგროვებული, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. 2006 წლის 2 ნოემბერს ნანი ნალიყაშვილს ხელთ ჰქონდა უკვე დაახლოებით 7 000 ლარი. ადვოკატმა მარინა ჩიტაძემ აღნიშნული თანხა გადასაცემად დედამისთან სახლში პარტიზანის ქუჩაზე მიატანინა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, „დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მარინა ჩიტაძე პერიოდულად ეუბნებოდა ნანი ნალიყაშვილს, რომ ბესიკ ნალიყაშვილის გასათავისუფლებად საჭირო იყო გარკვეული თანხა. 2006 წლის ოქტომბრის თვეში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მარინა ჩიტაძე დაუკავშირდა ნანი ნალიყაშვილს და უთხრა, რომ მისულიყო მის საადვოკატო ბიუროში. შეხვედრისას მარინა ჩიტაძემ ნანი ნალიყაშვილს უთხრა, რომ მოსამართლესთან და პროკურორთან საქმის მოსაგვარებლად საჭირო იყო გარკვეული ფულადი თანხა და თანხის ოდენობას შეატყობინებდა მოგვიანებით“.

როგორც შემდგომ გაირკვა, გორის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 30 იანვარს ბესიკ ნალიყაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნანი ნალიყაშვილმა ადვოკატ მარინა ჩიტაძეს გადახდილი თანხა უკან მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო ნანი ნალიყაშვილმა გადაწყვიტა, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ადვოკატისთვის პროკურატურაში ეჩივლა.

ადვოკატი მარინა ჩიტაძე აცხადებს, რომ მის მიერ ნანი ნალიყაშვილისგან აღებული თანხა მხოლოდ და მხოლოდ არის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ მიღებული თანხა ანუ ჰონორარი.

„რა შეიძლება დაერქვას იმას, რასაც ჰქვია ბესიკ ნალიყაშვილის სასარგებლოდ სასამართლო სამივე ინსტანციაში მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილებების (განაჩენების) გასაჩივრება, შუამდგომლობების დაყენება, პატიმრების განთავსების ადგილებში მონახულება, კონსულტაციები და ა.შ. არის თუ არა ეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება? ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ნანი ნალიყაშვილმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა – შედეგით კმაყოფილი ვარო, მაშინ ყველაფერი ნათელია. იგი ყველაფერს კადრულობს, რომ დაიბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა და თანაც სრულად. საკითხავია, რატომ უნდა მოვმსახურებოდი  მას საზღაურის გარეშე?“ – ამბობს მარინა ჩიტაძე.

ერთი სიტყვით, ყველაფერი კვლავ წინ არის. უზენაეს სასამართლოს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მარინა ჩიტაძე და მისი ინტერესების დამცველები სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ ჩივილს. გამოძიებისთვის უცნობი რჩება ის პროკურორი და მოსამართლე, რომელთანაც ნანი ნალიყაშვილის თანხა მარინა ჩიტაძეს უნდა „მიეტანა“. თუმცა, ჩიტაძე ამ ფაქტის მცდელობას უარყოფს და ამბობს, რომ 7 000 ლარი მისი ჰონორარია. აქ გამოძიებას კიდევ ერთი პრეტენზია აქვს. გამოძიების აზრით, თუკი მარინა ჩიტაძემ შემოსავლის სახით მიიღო 7 000 ლარი, მაშინ რატომ არ იქნა აღრიცხული იგი როგორც შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დიდი რაოდენობით გადასახადის თავიდან არიდება იწვევს პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. მარინა ჩიტაძე კი თვლის, რომ მან ბიუჯეტს დიდი რაოდენობით თანხა არ დაუმალა.

„ფიზიკური პირი პასუხს აგებს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე თავის არიდებისათვის. დაბეგვრის საგანს ამ შემთხვევაში წარმოადგენს შემოსავალი მომსახურებიდან, ხოლო დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებაში. ე.ი. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს – გადასახადის დიდი ოდენობა. სწორედ ეს მოვლენა იკვეთება ჩემს ქმედებაში, თუმცა ობიექტური მხარის გარეშე; და სუბიექტური მხარეც არ იქნებოდა ჩემსა და ნანი ნალიყაშვილს შორის რომ მომხდარიყო წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება დარჩენილ თანხაზე“, – ამბობს მარინა ჩიტაძე.

ახალი ამბები