კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ მთელ რიგ საკითხებზე თვალი დახუჭა

1 მარტი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ავთანდილ დარსაველიძეს 4 წლით, ელგუჯა გაბადაძეს - 3 წლით და 6 თვით, ხოლო თენგიზ დარახველიძეს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ეს განაჩენი გასულ კვირას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „დიდების მემორიალის“ აფეთქების ფაქტზე დაკავებულებს გამოუტანა. გარდა ამისა, თითოეულს, ჯარიმის სახით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოში  გასაჩივრდება - ასეთია გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულების ადვოკატებმა  მიიღეს.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მომხდარიდან (გასული წლის 19 დეკემბერი) რამდენიმე საათში აღიძრა. სამართალდამცავებმა ჯერ შპს „საქფეთქმრეწვის“ ხელმძღვანელი, ავთანდილ დარსაველიძე, ხოლო მოგვიანებით ორგანიზაციის კიდევ ორი წარმომადგენელი - ელგუჯა გაბადაძე  და თენგიზ დარახველიძე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

26 იანვარს საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო. საბრალდებო დასკვნის მიხედვით,  „საქფეთქმრეწვის“ წარმომადგენლებს: ავთანდილ დარსაველიძეს, ელგუჯა გაბადაძეს  და თენგიზ დარახველიძეს ბრალი წარმოებული სამუშაოს დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ედებათ. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ტექნიკური ნორმების დარღვევა, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, „დიდების მემორიალის“ დაჩქარებულმა აფეთქებამ გამოიწვია. აღნიშნული  ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი დღესაც დაბეჯითებით აცხადებენ, რომ მემორიალის  აფეთქება 21 დეკემბერს უნდა მომხდარიყო და არა - 19 დეკემბერს.

„გარკვევით გვითხრეს, რომ 21 დეკემბრისთვის ვყოფილიყავით მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები გვაფრთხილებდნენ, რომ სახლებიდან გავსულიყავით. თუმცა, ყველაფერი დაჩქარებული ტემპით მოხდა და მხოლოდ 19 დეკემბრის დილით გავიგეთ, რომ მემორიალს რამდენიმე საათში ააფეთქებდნენ. პოლიცია გვეუბნებოდა, რომ სახიფათო არაფერი იყო, თუ მიმდებარე ტერიტორიიდან მოცილებით ვიდგებოდით და სახლებში არ დავრჩებოდით. გარდაცვლილები სწორედ ე.წ. უსაფრთხო ადგილზე იდგნენ, ანუ, ძეგლიდან მოშორებით. თუმცა აფეთქებას შეეწირნენ. ასე რომ, პოლიციას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა“, - ამბობს მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ლალი გოგავა. 

ქალბატონის (ისევე როგორც, სხვა დანარჩენი ადგილობრივის) ნაამბობის მიუხედავად, გამოძიება პოლიციის, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უკვე ყოფილი  წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხს რატომღაც არ აყენებს. არადა, ქუთაისში დღესაც ხმამაღლა საუბრობენ, რომ აფეთქების ბრძანება სწორედ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა მიხეილ ჩოგოვაძემ გასცა.

ამას ადასტურებს მსჯავრდებული დარსაველიძის ჩვენებაც. „საქფეთქმრეწვის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დემონტაჟს უშუალოდ ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა და მისივე ბრძანებით, იგი 21 დეკემბერს უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, 17 დეკემბერს გადაწყდა, რომ თარიღი შეიცვალა. პროცესის დაჩქარებას კი, გაუთვალისწინებელი მომენტები, საბოლოო ჯამში კი,  უბედური შემთხვევა მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა შპს „საქფეთქმრეწვის“ წარმომადგენლები მომხდარიდან რამდენიმე დღეშივე დააკავეს, ხოლო იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, საზოგადოება მომხდარზე სათანადო რეაგირებას ითხოვდა.  არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები  მიიჩნევდნენ და დღესაც იმ აზრზე რჩებიან, რომ ტრაგედიის გამო პასუხი მხოლოდ აფეთქების შემსრულებლებმა კი არა, ამ აქტის პოლიტიკურმა დამკვეთებმა უნდა აგონ, რადგან დემონტაჟი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე დაიწყო, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს. პროკურატურა კი, როგორც ირკვევა,  მთელ რიგ საკითხებზე თვალს ხუჭავს და მომხდარში მხოლოდ შემსრულებლებს ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მსჯავრდებულის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც თბილისურ ფირმა „საქფეთქმრეწვსა“და ქუთაისის მერიას შორის გაფორმდა, უსაფრთხოების წესების დაცვა დამკვეთს ევალებოდა. დამკვეთმა კი, ეს საქმე პოლიციას დაავალა.

ახალი ამბები